საზოგადოება

დაცული ტერიტორიები აჭარაში – სერვისი, ვიზიტორები და გრანტები

17 აპრილი, 2012 •
დაცული ტერიტორიები  აჭარაში – სერვისი, ვიზიტორები და გრანტები

მაშინ, როცა გარემოს დაცვის მინისტრი დაცულ ტერიტორიებზე ტურისტებისა და, შესაბამისად, შემოსავლების ნაკლებობას უჩივის, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები ამტკიცებს, რომ საქმე არც ისე ცუდადაა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მაგალითად, გასულ წელს მხოლოდ აჭარის დაცულ ტერიტორიებს 32 846 ვიზიტორი ეწვია, აქედან 4758   უცხოელი იყო. მტირალას ეროვნული პარკის განვითარებისთვის კი ქვეყანამ დონორი ორგანიზაციებისგან 100 000 ევროზე მეტი მიიღო. რამსარის ფონდი აფინანსებს ქობულეთის ნაკრძალზე მიმდინარე პროექტებსაც.

ლაშქრობა, საცხენოსნო ტური, კვადროტური, საკარავე და საპიკნიკე ადგილები, სასტუმრო ნომრები ვიზიტორთა ცენტრში, საკონფერენციო დარბაზი _ ამ ყველაფერს დაცული ტერიტორიების სააგენტო მტირალას ეროვნული პარკით დაინტერესებულებს სთავაზობს. ქობულეთის ნაკრძალზე ვიზიტორებს ამ ჩამონათვალთან ერთად სპეციალური ბილიკი და ჭაობზე სასიარულო თხილამურები ელით.
სააგენტოს მონაცემებით, შარშან მტირალას ეროვნულ პარკს 19 377, ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს 10 294, კინტრიშის ნაკრძალს კი 3175 ვიზიტორი ესტუმრა.

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის სტატისტიკის შესახებ მკვეთრად განსხვავებული ინფორმაცია აქვს შავი ზღვის ეკო-აკადემიის კოორდინატორს მაია ოჩიგავას, რომელიც ნაკრძალებში არსებული ბილიკების მუშაობითაა დაინტერესებული „…ჩვენ ვმონაწილეობთ ევროგაერთიანების მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელმაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს ნაკრძალებში ინტერპრეტაციული ბილიკების მოწყობა უნდა შეასწავლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ტურისტი დაინტერესებულია, მაგალითად, ჩიტების ჭიკჭიკით და იმ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის ამის მოსმენის შესაძლებლობა, ევროპის ქვეყნები ტურისტს ამის ინტერპრეტაციას სთავაზობენ. მე ვიყავი დაინტერესებული სტატისტიკით და ნაკრძალებზე არსებული მდგომარეობით, თუმცა რამდენად მუშაობს დღეს ბილიკი, ამაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოში პასუხი ვერ მივიღე. არც სტატისტიკა აქვთ“.

მტირალას ეროვნული პარკის დირექტორი დავით ხომერიკი კი ამბობს, რომ აჭარის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტს გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვან სერვისს სთავაზობენ, ვიდრე ევროპის ქვეყნებში: „მე ვნახე სხვა ქვეყნების დაცული ტერიტორიები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბევრად მრავალფეროვანი შეთავაზება გვაქვს… ჩვენი საკვებიც გაცილებით სუფთაა ეკოლოგიურად, ვიდრე მათი“.
აჭარაში დაცულ ტერიტორიაზე შესვლა უფასოა. „შემოსავლის საკითხი, ძირითადად, ნაკრძალთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობაზეა მიბმული. სასტუმრო იქნება ეს, რესტორანი თუ სხვა, ამ ყველაფერს ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებს. გიდიც კი, რომელიც ტურისტს უხსნის, სად რა ხდება და რატომ არის ეს ტერიტორია დაცული, ადგილობრივი ახალგაზრდაა“, –  ამბობს მტირალას პარკის დირექტორი.

აჭარის დაცული ტერიტორიების ბიუჯეტი ცენტრალიზებულია და მას დაცული ტერიტორიების სააგენტო განსაზღვრავს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ქვემდებარეა. დაცული ტერიტორიების დაფინანსებას ძირითადად დონორი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ.
გარემოს დაცვის მინისტრის, გოგა ხაჩიძის თქმით, რამსარის კომისია, რომელიც დაცულ ტერიტორიას იცავს, ქვეყანას ამ უნიკალური ნაკრძალების გამოყენებით ფულის შოვნაში ვერ ეხმარება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით კი, მხოლოდ მტირალას ეროვნული პარკის დასაფინანსებლად 2007-2010 წლებში ნორვეგიის მთავრობამ გრანტის სახით 705 000 ევრო გამოყო. მტირალასა და კინტრიშის დამხმარე ზონის ჰელიოსისტემების აღჭურვისათვის ევრაზიის განვითარების ფონდმა, ამ შეთანხმების შემსრულებელი ორგანიზაცია -აჭარის მდგრადი განვითარების ასოციაცია 2010 წელს 31,154 აშშ დოლარით დააფინანსა.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკული ეკოსისტემების თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადდა „მტირალასა და მაჭახელას ბუნებრივ ლანდშაფტური ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა“. ბუნების მსოფლიო ფონდისა და პოლონეთის მთავრობამ კი მტირალას ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში, ჩაქვისთავში მცხოვრები ორ ოჯახისთვის ფუტკრის სკების, სანთლის სადნობი და ფიჭვის საწარმოებელი მანქანა-დანადგარები შეიძინა.  

ბუნების მსოფლიო ფონდის, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერითა და აჭარის მდგრადი განვითარების ასოციაციის უშუალო მონაწილეობით დაარსდა და კეთილმოეწყო მეფუტკრეობის ბიზნესცენტრი. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ასევე დააფინანსა “აჭარის ველური ფლორის მნიშვნელოვანი სახეობების- თეთრყვავილასა და ყოჩივარდას კულტურაში მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობა მტირალას ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში”.

2011 წლის 15 თებერვალს კი ხელი მოეწერა კავკასიაში არსებული დაცული ტერიტორიების დაფინანსების ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყაზბეგისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები დაფინანსდება. ამ ხელშეკრულების ფარგლებში გერმანიამ 4 000 000 ევრო გამოყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი