საზოგადოება

მოსწავლეთა საჯარო რეგისტრაცია ხარვეზებით მიმდინარეობს

17 აპრილი, 2012 •
მოსწავლეთა საჯარო რეგისტრაცია ხარვეზებით მიმდინარეობს

დილიდან მოსწავლეთა საჯარო რეგისტრაცია დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პირვეკლასელების სკოლებში დარეგისტრირება მშობლებს  www.catalog.edu.ge–ზე შეუძლიათ, თუმცა სამინისტროს ოფიციალურ facebook გვერდზე მშობლები დარეგისტრირებისას პრობლემების შესახებ წერენ.

სარეგისტრაციო ფორმის შევსება დღეს, დილის 10 საათიდან უნდა ყოფილიყო შესაძლებელი, თუმცა რეგისტრაციისას პრობლემები უამრავ ადამიანს შეექმნა. მათი უმეტესობა სარეგისტრაციო ფორმის გახსნას, ან სასურველი სკოლის მოძებნას ვერ ახერხებდა.

დასარეგისტრირებლად საჭიროა ბავშვის სახელის და გვარის, პირადობის ნომრის და სასურველი სკოლის შეყვანა, რეგისტრაციის შემდეგ კი ოფიციალურ საბუთებთან ერთად მშობლებმა სასურველ სკოლას უნდა მიაკითხონ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პრობლემები ტექნიკური ხარვეზების და სერვერის გადატვირთვის გამო შეიქმნა.

მათ, ვისაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდება, ან დარეგისტრირება ვერ მოახერხა, მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში მოუწევთ მისვლა.

მოსწავლეთა იმ ნაწილის რეგისტრაცია, ვისი დედმამიშვილიც უკვე სწავლობს სკოლაში, ან ვისი მშობელიც მასწავლებელია, 2 აპრილიდან მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი