თბილისის სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლები სასმელი წყლის გემოსა და მის თვალსაჩინო დაბიძნურებას უჩივიან, რაც, მათივე თქმით, გამოიხატება იმაში, რომ ფილტრში გაურკვეველი ნარჩენების დიდი მასა გროვდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელიც თბილისის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს, აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კომპანია სასმელი წყლის ხარისხს თვისობრივად მაღალ დონეზე აკონტროლებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განმარტავენ, რომ კომპანია ნედლ წყალს მრავალჯერადად ამუშავებს, სალექრებში აყოვნებს, პირველადი ქლორირების შემდეგ ბუნებრივი ფილტრატების სხვადასხვა შრეებში ატარებს და შემდეგ კოაგულანტებითა და აქტივირებული ნახშირით ამუშავებს.
„საბოლოო ქლორირების შემდეგ წყლის ხარისხი მუდმივად მოწმდება ავტომატურ რეჟიმში, საათში ერთხელ კი კომპანიის ლაბორატორიების სპეციალისტების მიერ მრავალმხრივი ანალიზი უტარდება. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, წყლის ხარისხის კონტროლი დედაქალაქის წყალსადენის ქსელებშიც მუდმივად ხორციელდება,“ – განმარტავენ კომპანიაში.
იმას, რომ თბილისში სასმელი წყალი დაბინძურებულია, ცალსახად გამორიცხავს სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი მარინა გიორგობიანი.
გიორგობიანის თქმით, თბილისის სასმელი წყლის ბოლო კვლევა ინსტიტუტის ლაბორატორიაში შარშან ჩატარდა.
„თბილისის სასმელი წყალი აბსოლუტურად აკმაყოფილებს სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებს,“ – ამბობს გიორგობიანი და აქვე განმარტავს, რომ მოსახლეობის პრეტენზიების მიზეზი შესაძლოა ადგილობრივი მილების დაზიანებები იყოს.
„ეჭვს იწვევს, რომ აქ არის მილების ადგილობრივი დაზიანების პრობლემა, რომელიც აუცილებად უნდა დადგინდეს. არ არის ნორმალური, როდესაც ონკანიდან გაურკვეველი რაიმე ნალექი მოყვება წყალს. განსაკუთრებით, თუ წყალი განრიგით მოდის და ნიადაგში წყლის მილები დაზიანებულია, ან კოროზია აქვს, მაშინ იზრდება რისკები, რომ წყალს სხვადასხვა ნივთიერებები შეერიოს. ასეთ შემთხვევაში დიდი საშიშროებაა სხვადასხვა დაავადება წარმოქმნას სასმელი წყლის დაბინძურებამ,“ – ამბობს ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
რა ზომებს უნდა მიმართოს მოსახლეობამ, თუკი სასმელ წყალში საეჭვო თვალსაჩინო მინარევები აღმოაჩინა, ნეტგაზეთმა კითხვით კომპანია „ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერს“ მიმართა.
კომპანიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის თბილისის სხვადასხვა უბანში სასმელი წყლის დაბიძნურების მიზეზით კომპანიის ცხელ ხაზზე მომხმარებელთა მხრიდან მიმართვები არ დაფიქსირებულა.
„თუ ასეთი პრობლემა თბილისის რომელიმე უბანში მართლაც არსებობს, უმჯობესი იქნება, და ეს აუცილებელიცაა, კონკრეტულმა მობინადრემ დაუყოვნებლივ მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს – 293 11 11 – რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს პრობლემურ საკითხს კომპანიის შესაბამის ტექნიკურ სამსახურებასა და ცენტრალურ ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. კომპანიის სპეციალიტებისგან შემდგარი ჯგუფი დაუყოვნებლივ გავა ადგილზე და კონკრეტულ პრობლემას საფუძვლიანად შეისწავლის,“- აცხადებენ კომპანიაში.