საზოგადოება

რამდენად ხელმისაწვდომია განათლება საქართველოში

10 აპრილი, 2012 • 1808
რამდენად ხელმისაწვდომია განათლება საქართველოში

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის მდგომარეობა შეისწავლა და გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია განსაკუთრებული საჭიროების, იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განათლებაზე.

მონაცემების მოგროვება და დამუშავება მოხდა 2011 წლის ივნისი–სექტემბრის პერიოდში. როგორც კვლევის წინასიტყვაობაშია მითითებული,  კვლევა ეყრდნობა “პოლიტიკური პირების, პედაგოგების, მოსწავლეების, არასამთავრობო ორგანიზაციების და განათლების ექსპერტების მიერ მოწოდებულ ინფორაციას.” შესავალშივე მითითებულია, რომ “ბოლო წლების მანძილზე საქართველოს განათლების სისტემამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. სისტემის შიდა რეორგანიზაცია დიდი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ფონზე მოხდა”.

ანგარიშის ნაწილი ეყრდნობა საერთაშორისო საყოფაცხოვრებო კვლევების ცენტრის (National Household Survey) მონაცემებს, გამოყენებულია ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ 2010 წელს ჩატარებული 20 ფოკუს-ჯგუფის შედეგები, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც დევნილი ბავშვები, ასევე მათი მშობლები და მასწავლებლები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი მომზადებისას მნიშვნელოვანი ნაკლოვანება იყო ზუსტი სტატისტიკისა და სანდო ინფორმაციის უქონლობა, თუმცა სხვადასხვა წყაროების ინფორმაციის შეჯერებისა და კვლევის შედეგად დადგინდა რამდენიმე ფაქტი და გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვენელოვანი გარემოება: საქართველოში დევნილის სტატუსის მქონე პირები ბევრად უფრო ღარიბ ოჯახებში ცხოვობენ, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა; საკუთარ მატერიალურ სტატუსს, როგორც “ღარიბს,” დევნილთა 52,5% და დანარჩენი მოსახლეობის 45% აფასებს. ხოლო დევნილთა 12,5% და დანარჩენი მოსახლეობის 6% მიიჩნევს, რომ უკიდურესად ღარიბია; სტიგმისა და სტერეოტიპების გამო დევნილთა სტატუსის მქონე ბავშვები ვერ ახდენენ სრულ ინტეგრაციას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შესახებ ინფორმაცია დეფიციტურია.

“ინფორმაცია შშმ პირების შესახებ შეზღუდული ან არაადეკვატურია. მონაცემები ეყრდნობა სუსტ ინფორმაციას და არაეფექტურ სისტემას, რომელიც სწავლობს და ანიჭებს შშმ პირის სტატუსს”.

ანგარიშში გაანალიზებულია იმ საერთაშორისო კვლევების შედეგებიც, რომელშიც საქართველომ მონაწილეობა მიიღო ბოლო 5 წლის განმავლობაში (PIRLS 2006 წელს, TIMSS 2007 წელს და Pisa 2009).

Pisa 2009–ის მიხედვით, ქართველი მოსწავლეების კითხვის, მათემატიკის და მეცნიერების ცოდნის დონე 74 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალია. განათლების სისტემა ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის ასაკის შესაფერის განათლებას.

“შედარებით შეძლებული ოჯახები საკმაო თანხას ხარჯავენ ბავშვების კერძო განათლებაში, როგორიცაა რეპეტიტორებთან მომზადება და სხვადასხვა რესურსები (წიგნები, ინტერნეტი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა) მაშინ, როდესაც ღარიბ ოჯახებს ამისი საშუალება ნაკლებად აქვთ. ეს ეხებათ როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე ბავშვებს, რომლებიც ხელმოკლე ოჯახებში იზრდებიან. აღსანიშნავია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა შემოსავალიც გაცილებით ნაკლებია სხვა ოჯახების შემოსავალთან შედარებით”, – აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიშის დასკვნაში წერია, რომ სახელმწიფო სისტემა თანაბრად უჭერს მხარს ყველა ბავშვს განათლების მიღებაში. პროგრესი შეინიშნება ინკლუზიური და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების განათლების კუთხითაც, თუმცა კვლავ რჩება საკითხები, რომელიც შემაშფოთებელი და გასაუმჯობესებელია.

განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი სახელმწიფოს შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს:

1. ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს საშუალო განათლების დაფინანსება;

2. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ხარისხის კონტროლზე. უნდა იყოს მხარდაჭერა როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების მიმართ, რომ მიიღონ ადეკვატური შედეგები და მათ დააკმაყოფილონ დადგენილი ნორმები;

3. ყურადღება გაამახვილოს  სოციალურად დაუცველი სტუდენტების მიზნობრივი დახმარების გაზრდაზე;

4. ყურადღება მიაქციოს პროფესიულ სწავლებას და შემდეგ ამ რესურსის გამოყენებაზე, რადგან საშუალო განათლების მიღების შემდეგ მოსწავლეების 50% ყოველგვარი პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე რჩება;

5. გააძლიეროს ფინანსური მხარდაჭერა უმაღლესი სწავლების დონეზე;

6. შეიმუშაოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის.

7. ხელი შეუწყოს ინკლუზიური, საჭიროების მქონე ბავშვების მშობლების ინფორმირებას;

8. სახელმწიფომ უნდა განიხილოს სოციალურად დაუცველი ბავშვების განათლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხი და მოახდინოს მათი სასწავლო გეგმის ადეკვატური დაგეგმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი