ემუქრება თუ არა კურორტ ბახმაროს საფრთხე ბახვისწყლის ხეობაში დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობით? – ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთვარობო ორგანიზაციების – “ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” და “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა” – წარმომადგენლებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს.
ხუთი კასკადის – ბახვი–1, ბახვი–2, ბახვი–3, ბახვი–4 და ბახვი–5–ის აგება მდინარე ბახვისწყლის ხეობაშია დაგეგმილი. კასკადის ნაწილის მშენებლობა კი უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო. ჰესებით მუდმივი სარგებლობის უფლება თურქულ კომპანია KGM–ს აქვს, პროექტირებას და მშენებლობას კი დეველოპერული კომპანია შპს “ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერი” ახორციელებს.
ხუთივე ჰესის სიმძლავრე 57 მეგავატი იქნება, რომელიც შემდეგ 110 კვტ–ანი ხაზით თურქეთაში გადავა.
“ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტის, ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, სარეკრეაციო ზონებში მსგავსი მასშტაბის მშენებლობა დაუშვებელია:
“გარდა იმისა, რომ ჰესები საქართველოს არანაირ მოგებას არ მოუტანს, რადგან მთლიანად თურქეთის მფლობელობაშია, მათი აშენების შედეგად ტყის მასივი გაიჩეხება, რაც ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, მათ მიერ მოპოვებული პროექტის მიხედვით, ჰესების ასაშენებლად 10 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი უნდა გაიჩეხოს, ასევე, უნდა გაკეთდეს 3– კილომეტრიანი ტბა:
“ექსპერტის შეფასება არ სჭირდება იმას, რომ მსგავსი ღონისძიებების განხორციელება კლიმატის ცვლილებას გამოიწვევს”, – აცხადებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი მარინა ჟორდანია – “ბახმარო მსოფლიო დონის კურორტია, რომელიც 2250 მეტრზეა განთავსებული. მე ბიომრავალფეროვნების ექსპერტი ვარ, მიმუშავია ამ ტერიტორიაზე და ძალიან კარგად ვიცი, თუ რა ეკოსისტემასთან გვაქვს საქმე. ტყეები კოლხური ტიპისაა, სადაც მარადმწვანე ხეები ხარობენ, აქ იზრდება უნიკალური ჯიშის პონტური მუხა, რომელიც დედამიწაზე სულ რამდენიმე ადგილზე ხარობს. გარდა ამისა, ტყეში უამრავი უნიკალური ბალახოვანი თუ სხვა სახის მცენარეა, მათ შორის წითელ ნუსხაში შესული სახეობები, რომლებსაც სხვადასხვა კონვენციები იცავს და მათი გაჩეხვა დაუშვებელია”.
ტყისა და მცენარეების 10 ჰექტარზე გაჩეხვას არ ადასტურებს შპს “ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის” გენერალური დირექტორი და 100%–ანი წილის მფლობელი შამილ ბირკაძე:
“ტყე იჩეხება იქ, საიდანაც გზა მიგვყავს, ამის გარეშე გზის გაყვანა წარმოუდგენელია, თუმცა ეს არ არის 10 ჰექტარი, ხეები იჩეხება მხოლოდ გზის გასწვრივ, ამის შესახებ ნებართვა ჩვეულებრივად გვაქვს მიღებული. რაც შეეხება 3– კილომეტრიან ტბას, ჩვენ ხევებში შევდივართ, ეს ტერიტორია სოფელ ბახმაროდან 3 კილომეტრით ქვევით მდებარეობს და ეკოსისტემას არ აზიანებს”, – აცხადებს ბირკაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ბახვისწყალი 5 ჰესის მუშაობას ვერ უზრუნველყოფს, ასევე, მშენებლობამდე არ გაკეთებულა სეისმური ანგარიში და პროექტი ძველ კვლევებზეა დაფუძნებული:
“აღნიშნული ხეობა 8– ბალიანი რისკის ზონაშია, ჰესის მშენებლობისას კაშხალი და სათავე ნაგებობები მინიმუმ 9 ბალზე უნდა იყოს გათვლილი, რის გამოც შესაძლოა, ჰესებმა ვერ იმუშაოს და შედეგად მხოლოდ განადგურებული ეკოსისტემა მივიღოთ,” – ამბობს მარინა ჟორდანია.
თუმცა შამილ ბირკაძე ამ კომენტარს აბსურდულს უწოდებს. მისი განცხადებით, კვლევები უშუალოდ ქართული კომპანიის ხელმძღვანელობით ჩატარდა და ექსპერტიზა, რომელშიც გერმანული კომპანია “ფიხტნერი” ეხმარებათ, ამჟამადაც მიმდინარეობს:
“სეისმურობაზე ლაპარაკი სასაცილოა, რადგან კაშხლის სიმაღლე სულ 5 მეტრია. აღსანიშნავია, რომ კაშხალი, რომლის მშენებლობაც დაგეგმილი გვაქვს, ადგილობრივი ნაშალი ქვისგან აიგება, რაც ძალიან საიმედოა. არ არის საშიშროება, რომ გასკდეს და მიწისძვრასაც მეტად უძლებს, ვიდრე – ბეტონი”, – განაცხადა ბირკაძემ. მისივე თქმით, ჯერჯერობით მშენებლობა მხოლოდ ბახმაროს ქვედა ნაწილში დაიწყო, რაც შეეხება ბახმაროს თავზე მდებარე კაშხლის აგებას, კომპანიას ნებართვა ჯერ არ მიუღია და თუ ნებართვა არ გაიცა, მშენებლობა არც დაიწყება.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი დოკუმენტების სრულად მოძიებასა და სათანადო რეაგირებას აპირებენ:
“ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვითხოვთ სატენდერო და ყველა სხვა დოკუმენტაციას აღნიშნულ ჰესებთან დაკავშირებით და ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა არ მოხდეს მათი მშენებლობა, საქართველოს უნიკალური ბუნების განადგურების ხარჯზე”, – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე. მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ კაშხლის მშენებლობა კონკრეტული ჩინოვნიკების პირად ინტერესებს უკავშირდება, თუმცა ნიკოლოზ მჟავანაძე კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.