IREX-ის 2012 წლის “მედიის მდგრადობის იდექსის” შესაბამისად, საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ოთხქულიანი შეფასების სისტემიდან, საქართველოში მედიის მდგრადობა 1.88 ქულით შეფასდა [შარშანდელთან შედარებით გაიზარდა 0.03 ქულით], სომხეთში – 2.01 ქულით, ხოლო აზერბაიჯანში – 1.89 ქულით.
“მედია მდგრადობის ინდექსის” დადგენა ხუთი მთავარი კრიტერიუმის საფუძველზე ხდება. ყველა კრიტერიუმი ცალკეული ქულით ფასდება და ერთიან ქულას ქმნის. ეს კრიტერიუმებია: გამოხატვის თავისუფლების ხარისხი (2.11 ქულა), პროფესიონალური ჟუნალისტიკა (1.76 ქულა), ნიუსების მრავალფეროვნება (2.05 ქულა), ბიზნეს მენეჯმენტი (1.48), მედიის მხარდამჭერი ორგანიზაციები (2.0).
გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით საქართველოში გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები: გამოხატვის თავისუფლებაში პრობლემას ქმნის ბიუროკრატია და იმ კანონის შეუსრულებლობა, რომელიც ჟურნალისტებს შესაძლებლობას აძლევს, გამოითხოვონ საჯარო ინფრომაცია. ასევე, კითხვებს ბადებს სახელწიფოს რეგულირება მედიაორგანიზაციების მიმართ, რომელიც ხშირად ემსგავსება კონტროლს.
კავკასიის რესურსების და და კვლევების ცენტრის კვლევის თანახმად ირკვევა, რომ მოსახლეობის 45%-ის რწმენით საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს. ამავე კვლევით ნათელი ხდება, რომ სახელწიფოსათვის პრიორიტეტულ სფეროთა შორის გამოხატვის თავისუფლება რიგითობაში ძალიან დაბლა დგას და არ არის ისეთი პრიორიტეტული სფეროების კვალდაკვალ, როგორიცაა – დასაქმება და ჯანდაცვა.
პროფესიონალურ ჟურნალიზმში პრობლემები თავს იჩენს შემდეგი მიმართულებით: პოლიტიკური სიმპათიების გამო ჟურნალისტები ხშირად ღალატობენ პროფესიულ ეთიკას. პროფესიული ეთიკის დათმობის მოტივად ასევე გვევლინება უკეთესი ანაზღაურება. ბევრი რეპორტიორი “თავს არ იწუხებს” ინფორმაციის გადამოწმებისათის. ზოგჯერ მომზადებული მასალა რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამტარია. ასევე, მომზადებული მასალების უმრავლესობა ზედაპირულია.
ობიექტურობის ნაკლებობა ხშირ შემთხვევაში მთავარი პრობლემაა ჟურნალისტურ საქმიანობაში. ჟურნალისტები არასათანადოდ იცავენ ინფორმაციულ ბალანსსაც. ყველაზე დიდი მედიასაშუალებები ყოველგვარი კრიტიკის გარეშე აშუქებენ მთავრობის ინიცირებულ ყველა პროექტსა და იდეას, ხოლო ოპოზიციურად განწყობილ ტელემაუწყებლებში არასაკმარისია ბალანსი, ჩანს ხელისუფლების გამუდმებული კრიტიკა.
ნიუსების მრავალფეროვნების კუთხით შემდეგი პრობლემატიკა იკვეთება: ჟურნალისტთა მიერ მომზადებული მასალა ხშირად არ იძლევა ჭეშმარიტების დადგენის საშუალებას.
კავკასიის მედიასკოლის დეკანი და ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი “აირექსისათვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტავს:
“იმისათვის, რომ დაახლოებით მაინც მიხვდე, რა ხდება რეალურად ამა თუ იმ ამბავში, საჭიროა, მოისმინო ტელევიზიით, წაიკითხო გაზეთებში და ინტერნეტში, ამის მერე კი დაახლოებით არის შესაძლებელი მიხვდე, რა ხდება სინამდვილეში”.
ორივე მხარე – პროსახელისუფლო და ოპოზიციური მედიასაშუალებები მიდრეკილია ინფორმაციის გაზვიადებისკენ, მაქსიმალურადაა შემცირებული ალტერნატიული აზრის წარმოჩენაც, რაც ნათლად მიანიშნებს პოლიტიკურ მიკუთვნებაზე.
კავკასიის რესურსებისა და კვლევების ცენტრის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53.43% მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2” სახლისუფლებო არხია, ხოლო 56.43 მიიჩნევს, რომ “კავკასია” ოპოზიციური მაუწყებელია.
ბიზნეს-მენეჯმენტის კუთხით წარმოქმნილია შემდეგი პრობლემები: მედია საქართველოში უფრო სოციალური ხასიათისაა, ვიდრე – ბიზნესი. მედიას უჭირს დამოუკიდებლად არსებობა. ხშირ შემთვევაში, მედია საკუთარ თავს ინახავს სხვადასხვა დახმარებების ხარჯზე. მედია-ბიზნესი შებოჭილია პოლიტკური ნეპოტიზმით და პოლიტიკური ინტერესებით. სარეკლამო შეთავაზებები არის იმპულსური და არა – ბაზარზე ორიენტირებული.
მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის გამოყოფილია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, მედიას განვითარებაში ეხმარებიან დონორები, მათ შორის, USAID, IREX და სხვა ორგანიზაციები.
“აირექსის” 2012 წლის “მედიის მდგრადობის ინდექსში” ასევე მოხვდა 26 მაისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლა, ეროსი კიწმარიშვილის მიერ “მაესტროში” შეჭრა, ბიძინა ივანიშილის გამოჩენის შემდგომ მედიაში შექმნილი დაძაბული ვითარება და ივანიშვილის მიერ ახლადშექმნილი სატელევიზიო არხი.