დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. რამდენად პასუხობს ხელისუფლების მიერ საქართველოს რეგიონებში დევნილებისთვის შექმნილი ახალი რაიონები და დასახლებები ამ მიზანს?
ფოთის “ახალი რაიონი”, რომელიც, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, დევნილებისთვის აშენებულ 1168– ბინიან 32 კორპუსს მოიცავს (პროექტის საერთო ღირებულება 28.6 მილიონი ლარი), საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის ოქტომბერში გახსნა.
“ეს პროექტი უნდა ყოფილიყო ფოთში. მე ეს სრულიად შეგნებულად გადავწყვიტე, რადგან აქ არის პერსპექტივა იმისა, რომ თითოეული თქვენგანი იყოს დასაქმებული. ფოთში, საბოლოო ჯამში, უფრო ბევრი საწარმო იხსნება, ვიდრე – იხურება, მეტ ადამიანს ასაქმებენ, ვიდრე უშვებენ და, საბოლოო ჯამში, ფოთის პერსპექტივა უნდა იყოს 100%-ანი დასაქმება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
აფხაზეთიდან დევნილი შალვა ფაცაცია, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ფოთის “ახალ რაიონში” ცხოვრობს. მანამდე, 15 წლის განმავლობაში, თბილისში, დელისის მეტროსთან არსებულ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობდა, საიდანაც გამოასახლეს და ფოცხო-ეწერში დაუპირეს გადასახლება.
პროტესტის ნიშნად, შალვა ფაცაცია, თბილისიდან გამოსახლებულ სხვა დევნილებთან ერთად, რამდენიმე კვირის განმავლობაში შიმშილობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობის წინ გაშლილ კარავში. საბოლოოდ, როგორც შალვა ამბობს, საპატრიარქოს დახმარებით მოახერხა ის, რომ ფოცხოს ნაცვლად, ფოთში გამოუყვეს საცხოვრებელი ფართი.
”აქ ჩამოსახლება კიდევ ერთხელ გადევნილებას უდრიდა, მივატოვეთ მეგობრები, ნათესავები. თბილისში სამსახური მქონდა, მეგობრები მყავდა, რომლებიც გაჭირვების დროს ხელს მიმართავდნენ, აქ კი ყველასა და ყველაფრის გარეშე აღმოვჩნდით. გაგვიუქმდა შეღავათი ელექტროენერგიაზე, 28-ლარიანი დახმარება ჩვენთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო გახდა. ამ თანხით დენის გადასახადი უნდა გადავიხადოთ, საკვები უნდა ვიყიდოთ და ტრანსპორტითაც ვიმოძრაოთ?!” – ამბობს შალვა ფაცაცია.
“ეს ადამიანები ხდებიან ”ჩასახლებულები”, უცხო სხეულები ახალ სოციუმში. სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, ეს ადამიანები დაეკმაყოფილებინათ საცხოვრებელი ადგილებით იქ, სადაც ამდენი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. იმავე ადგილებზე მათი განთავსება იმავე ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული და ნაკლებმტკივნეული დევნილებისათვის,” – აცხადებს იაგო ფარსანაძე, დევნითა უფლებადამცველი ორგანიზაციების ქსელის ”სინერჯის” წარმოამადგენელი.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დევნილთა პროექტების კოორდინატორი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ თბილისიდან გამოსახლებული დევნილებისთვის რეგიონებში საცხოვრებელი ფართის შეთავაზება მათი [დევნილების] სახოვრებელი პირობების გაუარესებაა:
“განსაკუთერებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ახალი ჩასახლების ადგილებში დევნილებს დასაქმებისა და სოციალიზაციის პირობები არ ექმნებათ. მათი განსახლებისას არ იყო გათვალისწინებული დევნილთა სპეციალური საჭიროებები, რაც განსახლების სამოქმედო გეგმის პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს”.
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია აყალიბებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას დევნილთა მიმართ და სახავს სახელმწიფოს უმთავრეს მიზნებს, მათ შორისაა, დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა.
სტრატეგიის შესაბამისად, შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ამასთან, ამავე გეგმის მიხედვით, აშენდა საქართველოს რეგიონებში ახალი შენობები დევნილებისთვის. რეგიონების შერჩევის დროს საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტულად გამოაცხადა ის მუნიციპალიტეტები, სადაც უკვე ცხოვრობდნენ და ინტეგრირებულნი იყვნენ დევნილები.
ფოცხო-ეწერში, სადაც თბილისიდან გასახლებული დევნილები შეასახლეს, მანამდე არათუ დევნილები, ადგილობრივი მოსახლეობაც კი თითქმის არ ცხოვრობდა.
“ფოცხო-ეწერი კლდეზეა გაშენებული, მიწები უნაყოფოა. იქ არ არის არანაირი ელემენტარული საარსებო პირობები,” – ამბობს დევნილთა უფლებათადამცვლი ორგანიზაციების ქსელის ”სინერჯის” წარმომადგენელი.
ბათუმში, თამარისის დასახლებში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 608– ბინიანი 22 საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი ახალი კვარტალი აშენდა დევნილებისთვის. ახალ დასახლებაში წყალტუბოდან გასახლებული დევნილების შესახლებამ აჭარაში მცხოვრები იმ დევნილების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ დააკმაყოფილა საცხოვრებელი სახლებით.
“ბათუმში შემდეგ წლებში იმდენი პროექტი განხორციელდება, რომ უმუშევრობა აქ წარმოუდგენელი რამ იქნება – ყველას ექნება საქმე. მთავარია ის, რომ სახელმწიფოს არავინ არ მიუტოვებია და დევნილთა პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ალბათ, ყველაზე წარმატებულია მთელ მსოფლიოში. ეს არც ტრაბახია და არც ჩემი სიტყვები – ამას საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 12 იანვარს, როდესაც ბათუმში დევნილთა ახალი დასახლება გახსნა.
საერთაშორისო ორგანიზაციები დევნილთა მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული და განხორციელებული პოლიტიკის შეფასებას სიფრთხილით ეკიდებიან. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დევნილთა საკითხები პოლიტიზებულია და ამის გამო არჩევნებამდე ისინი თავს შეიკავებენ ამ საკითხებზე რაიმე შეფასებებისგან.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანში დევნილთა განსახლების პროცესი 2004 წელს დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ იქაური დევნილი მოსახლეობის უმრავლესობა მიწათმოქმედებას მისდევდა, მათთვის აზერბაიჯანის მთავრობამ მიწის ნაკვეთები გამოყო. აზრბაიჯანში, მთავრობისვე ინიციატივით, შეიქმნა 60 ფერმა, სადაც დევნილები დასაქმდნენ.
საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, დევნილების ბიზნეს-პროექტების დასაფინანსებლად მცირე გრანტების პროგრამა მუშაობს, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა დევნილების ბიზნეს-გეგმები არ ამართლებს, თუმცა შალვა ფაცაცია იმედს არ კარგავს, რომ “წითელი ჯვარი” მის პროექტს დააფინანსებს, რომელიც ფოთში სამანქანო ზეთების მაღაზიის გახსნას ითვალისწინებს.
დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიმართულია იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საჭიროებების საკითხის გრძელვადიანად გადაჭრისა და მათი სახელმწიფოზე დამოკიდებულების შემცირებისკენ.
“ახალი საცხოვრებელი ფართების დევნილებისთვის დაკანონებით მთავრობა ამცირებს დევნილთა დამოკიდებულებას სახელწიფოზე,” – განმარტავს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დევნილთა პროექტების კოორდინატორი.
მაგალითად, მას შემდეგ, რაც იძულებით გადაადგილებული პირის მიერ კოლექტიურ ცენტრში დაკავებული საცხოვრებელი ფართი გადავა მის საკუთრებაში და როდესაც შენობა აღარ ჩაითვლება ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტად, ანუ არა სახელმწიფო საკუთრებად, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს იხდის იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახი და არა – სახელმწიფო.
”ჩვენზე პასუხისმგებლობა დიდი ხანია მოხსნილი აქვს სახელმწიფოს. ალბათ, დაკანონება ბოლო აკორდი გახდება, მერე არც არავის გაახსენდება დევნილები,” – ამბობს შალვა ფაცაცია.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უცხოეთის ქვეყნებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გამოყოფილი ფინანსური დახმარების შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება.
2007 წლის 2 თებერვალს დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის მთავარი მიზანია პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის, თუმცა ამის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, ქვეყანაში დევნილთა რაოდენობა 26 ათასი ადამიანით გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6% დევნილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან.
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი. |