საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, 216 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი ფოცხოს დასახლება სრულიად რეაბილიტირებულია, თუმცა რეალურად კორპუსები იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ იქ მცხოვრები დევნილები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხო-ეწერის “ენგურჰესის” ყოფილი საერთო საცხოვრებლის #2 კორპუსში თბილისიდან გასახლებული 8 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ოთხსართულიანი კორპუსი, რომელიც თავის დროზე მოყვითალო ფერის უნდა ყოფილიყო, თითქმის ერთიანად გაშავებულია კვამლისგან. შენობაში კიბის საფეხურები ჩამომტვრეულია, სახელურები – მოტეხილი.
აფხაზეთიდან დევნილი ელზა ზარქუა, ოჯახთან ერთად, თბილისში, ისნის რაიონში, სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში ცხოვრობდა, საიდანაც ორი წლის წინ გამოასახლეს და ფოცხოში ჩაასახელეს.
დევნილთა კორპუსის პირველ სართულზე, საძირკველში ფეკალური მასების გუბეებია. დევნილები შიშობენ, რომ კომუნისტების დროს აშენებული და დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ რეაბილიტირებული შენობა შეიძლება ჩამოინგრეს.
დევნილები ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარების თხოვნით მათ არაერთხელ მიმართეს სხვადასხვა უწყებას. მათთან არაერთხელ ჩასულან პოლიტიკოსებიც, თუმცა, დაპირებების მიუხედავად, დევნილების მდგომარეობა არ უმჯობესდება.
”იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის სამშენებლო დეფექტია ბინაში, დევნილებს შეუძლიათ სამშენებლო კომპანიას მიმართნ და ისინი ამ ხარვეზს გამოასწორებენ,” – აცხადებს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ბელა ქირია “ნეტგაზეთთან” საუბარში.
თუმცა თავად მშენებელი კომპანიები დევნილებს ურჩევენ, პრეტენზიებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს მიმართონ.
ფოცხო-ეწერში საცხოვრებელი კორპუსები დევნილებისთვის ორმა კომპანიამ გაარემონტა: შპს “ბლოკ-ჯორჯიამ” და შპს “სანიმ”, რომლებიც “მუნიციპალური განვითარების ფონდმა” ტენდერის გზით შეარჩია. ფოცხოში დევნილთა სახლების რეაბილიტაციისთვის ამ კომპანიებმა 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.
მურმან ზარანდია, რომელიც “ბლოკ ჯორჯიას” წარმომადგენელი იყო ფოცხო-ეწერში დევნილთა კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, აცხადებს:
“ამ კორპუსების უმეტესობას სახურავი საერთოდ არ ჰქონდა. სახლებს აწვიმდა და კედლები სველი იყო. მშენებლობის დაჩქარებული ვადების გამო, რეაპილიტაციის დროს, კედლები არ გაუგაჯიათ, არც გამოუშრიათ და, ბუნებრივია, რომ დაინესტა. ამას გარდა, თვითონ ადგილია ძალიან ქარიანი და ნესტიანი”.
კომპანია “სანის” მთავარი იურისტი დავით მიქავა ამბობს, რომ, კონტრაქტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოებში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე პასუხისმგებლობა კომპანიას მშენებლობის დასრულებიდან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა. ფოცხოში კი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი 2010 წლის დასაწყისში დასრულდა.
“ჩვენ კონტრაქტში გვიწერია, რომ სამშენებლო სამუშაოებში არსებულ ხარვეზებზე ჩვენი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან ერთი წლის ვადაში. დანარჩენზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს დევნილთა და განსახლების სამინისტროს ეკისრება”, – აცხადებს დავით მიქავა.
ფოცხო-ეწერში მცხოვრები დევნილები სხვა ადგილზე გადაყვანას ითხოვენ, რაიონულ ცენტრთან უფრო ახლოს, თუნდაც ე.წ “ფაიტონის” დასახლებაში, სადაც ახლა მიმდინარეობს დევნილთათვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. დევნილები ამბობენ, რომ ისინი ფოცხოს სახლების დაკანონებას არ აპირებენ.
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი. |