საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზზე დაკავშირება გართულებულია

21 მარტი, 2012 • 4312
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზზე დაკავშირება გართულებულია

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე 2 20 62 32 დაკავშირება გართულებულია.

“naec.ge-ზე დარეგისტრირებისას დავუშვი შეცდომა (gmail.com-ის ნაცვლად შეცდომით შევიყვანე mail.com). მთელი დღეა ვრეკავ იქ მითითებულ ტელეფონზე და ვერაფრით ვუკავშირდები, არადა, ხელახალ რეგისტრაციაზე პროგრამა უარს მეუბნება”, – წერს მარიამ ანდღულაძე “მასწავლებლის სახლის” ოფიციალურ facebook გვერდზე.

ასეთი და მსგავსი პრობლემების შესახებ პრეტენზიები სოციალურ ქსელებში და ფორუმებზე სხვა აბიტურიენტებმაც გამოთქვეს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზზე დარეკვას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობს “ნეტგაზეთიც”. ხაზი მუდმივად დაკავებულია, ან დაკავშირების მსურველებს მოლოდინის რეჟიმში ყოფნა საათობით უწევთ.

ცხელ ხაზზე შექმნილ პრობლემებს არ უარყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია გაბუნიაც, თუმცა, მისი თქმით, გართულებები რაიმე ტექნიკურ პრობლემას არ უკავშირდება:

“ცხელი ხაზი ლამის 24– საათიან რეჟიმში მუშაობს, ალბათ, აბონენტები არ იცდიან, ნამდვილად დღე და ღამე მუშაობენ ოპერატორები, რადგან ახლა ძალიან ცხელი პერიოდია”, – განაცხადა მაია გაბუნიამ. მისი თქმით, იმის გამო, რომ ხაზზე დაკავშირებას ერთდროულად უამრავი ადამიანი ცდილობს, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დასაკავშირებლად ახალი ნომერი დაამატა. რეგისტრაციის პრობლემებთან დაკავშირებით ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის მისაღებად აბონენტებმა 2 50 62 32–ზე უნდა დარეკონ, თუმცა “ნეტგაზეთმა” დღეს ვერც ამ ნომერზე დაკავშირება მოახერხა.

მაია გაბუნია აცხადებს, რომ ცხელ ხაზზე 6 ოპერატორი მუშაობს, რაც საკმარისია, თუმცა გამოცდების მოახლოებასთან ერთად ხაზზე დაკავშირებას ათასობით ადამიანი ცდილობს და ოპერატორები ყველა აბონენტისთვის პასუხის დროულად გაცემას ვერ ახერხებენ.

მაია გაბუნია აბონენტებს მოთმინებისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი