წითელ ნუსხაში შეტანილ დელფინს მორბილ-ვირუსული ინფექცია ანადგურებს, ეს ინფორმაცია უკრაინის ქალაქ სიმფეროპოლში არსებულმა ბრემის ლაბორატორიამ შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყული მკვდარი დელფინების ანათლების შესწავლის შემდეგ დაადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლორა და ფაუნას” მონიტორინგის შედეგებით, გასულ წელს საქართველოს სანაპიროებზე წყალმა 121 დელფინი გამორიყა, მათ შორის 75 პროცენტი შავი ზღვის ღორი, ანუ დელფინის ის სახეობა იყო, რომელიც, როგორც გადაშენების პირას მყოფი, საქართველოს და საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეტანილი. შავი ზღვის ცენტრის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის ალექსანდრე ბირკუნის ინფორმაციით, რომელიც მან “ფლორა და ფაუნას” მიაწოდა, იგივე მდგომარეობაა შავი ზღვის სხვა სანაპიროებზეც.
შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე ძუძუმწოვრების გამორიყვის მონიტორინგს ასოციაცია “ფლორა და ფაუნა” უკვე შვიდი წელია მონაკოს პრინცის მიერ დაფინანსებული სპეციალური პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. გასული წლის შედეგების მიხედვით, ორგანიზაციამ შავი ზღვის სანაპიროზე ძუძუმწოვრების გამორიყვის 121 შემთხვევა დააფიქსირა. ამ მონაცემებში დელფინის გამორიყვის ის ფაქტებიც შეიტანეს, რომლებიც შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროებზე დაფიქსირდა. ძუძუმწოვართა გამორიყვის მონიტორინგს აფხაზეთის სანაპიროებზე “ფლორა და ფაუნა” ერთ-ერთი აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით ახორციელებს.
ძუძუმწოვართა გამორიყვის გასული წლის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, დაახლოებით 25 პროცენტი ე.წ “თეთრგვერდა დელფინი”, 75 პროცენტი კი შავი ზღვის ღორი იყო, რომელიც ასევე წითელ ნუსხაში შეტანილი დელფინის სახეობაა. გადაშენების პირას მყოფი კიდევ ერთი სახეობის, აფალინას გამორიყვის ფაქტი კი, “ფლორა და ფაუნას” მონაცემებით, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებზე გასულ წელს არ დაფიქსირებულა.
შავი ზღვის ძუძუმწოვართა გამორიყვის 121 შემთხვევიდან 15 შემთხვევაში დელფინი ზღვამ ცოცხალ მდგომარეობაში გამორიყა, მათ შორის ცოცხალი დელფინის გამორიყვის სამი ფაქტი აფხაზეთის სანაპიროზე, კერძოდ, სოხუმში დააფიქსირეს, ამის შესახებ ადგილობრივ გაზეთშიც წერდნენ.
15 ცოცხალი დელფინიდან “ფლორა და ფაუნას” სპეციალისტებმა შვიდი დელფინის ზღვაში დაბრუნება შეძლეს, ცოცხლად გამორიყული დელფინების რეაბილიტაციისა და მათი შავ ზღვაში დაბრუნების პროცესი ორგანიზაციას ფოტო და ვიდეოკადრებზე აქვს აღბეჭდილი.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, იგივე სიტუაციაა შავი ზღვის სხვა ქვეყნებშიც, ზოგადად კი, გამორიყული დელფინის უკან დაბრუნების ეფექტიანობა დაბალია – “…ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები რამდენჯერმე დააფიქსირეს ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაშიც, ყველას აქვს ეს კადრები ნანახი, მაგრამ შავ ზღვაში სხვა სიტუაციაა. აქ დგილი აქვს მორბილ-ვირუსულ ინფექციას, რომელიც შავი ზღვის ძუძუმწოვრებს ანადგურებს.”
სპეციალური ლაბორატორია, რომელიც დაღუპული დელფინების ვირუსულ-ინფექციურ მდგომარეობას შეისწავლის, საქართველოში არ არსებობს.
გარემოს დაცვის სამინისტროს შავი ზღვის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის გიორგი კომახიძის ინფორმაციით, “შავ ზღვაში მორბილ ვირუსული ინფექციის არსებობის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს, მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარების საშუალება საქართველოს არა აქვს, რადგან ამ ტიპის ლაბორატორია საკმაოდ ძვირადღირებულია.”
ასოციაცია “ფლორა და ფაუნას” სპეციალისტებმა შავი ზღვის მიერ საქართველოს სანაპიროებზე გამორიყული მკვდარი დელფინების ქსოვილების ანათლები უკრაინაში, ქალაქ სიმფეროპოლში, ბრემის ლაბორატორიაში გადააგზავნეს: “დელფინების შესწავლისას გამოვლენილი კლინიკური ნიშნებით გვქონდა საფუძლიანი ეჭვი, რომ ეს იყო მორბილ-ვირუსული ინფექცია, მაგრამ მარტო კლინიკური ნიშნების დადგენით შეიძლებოდა შევმცდარიყავით, ამიტომ მათი ქსოვილების ანათლები ბრემის ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ, სადაც დაადასტურეს, რომ ეს მორბილ-ვირუსული ინფექციაა,” – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.
სპეციალისტების განმარტებით, “ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელიც თევზის თავის ტვინს და ნერვულ სისტემას აზიანებს. ამ ვირუსით დაავადებული დელფინი კარგავს კოორდინაციის უნარს, ის ცალ გვერდეზე წვება და ასეთი სახით გადადის დრეიფის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ დელფინი ტივტივებს, ანუ მას აღარ შესწევს უნარი, დამოუკიდებლად იმოძრაოს. ის ტივტივებს რამდენიმე კვირის განმავლობაში, შემდეგ კი ირიყება ნაპირზე მკვდარი ან ცოცხალი.
დღეისათვის მორბილ-ვირუსული ინფექციის ბუნება ბოლომდე შესწავლილი არ არის, ეს ძალიან იშვიათი ინფექციაა. შავ ზღვაში ვირუსი ოთხმოცდაათიან წლებში დაფიქსირდა. მორბილ ვირუსის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, სწორედ ამიტომ ამ ინფექციის ბუნება დღემდე არ არის შესწავლილი. ერთადერთი, რაც ამ ვირუსზე შეგვიძლია სამეცნიერო ლიტერატურაში ამოვიკითხოთ, ისაა, რომ არის რიგი ფაქტორები, რომლებიც ახდენს მის სტიმულირებას, მათ შორისაა ზღვის წყლის დაბინძურება. დაბინძურებულ წყლებში, როგორც წესი, ასეთი ან მსგავსი ინფექციები ჩნდება. არ მინდა ვთქვა, რომ მას იწვევს დაბინძურება, იმიტომ, რომ ეს ვირუსი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის,” – ამბობს გუჩმანიძე. მისივე პროგნოზით, ამ ინფექციის პიკი შავ ზღვაში ივნისის თვეში დაფიქსირდება, რამაც შეიძლება შავ ზღვაში არსებული გადაშენების პირას მყოფი სახეობის დიდი რაოდენობა გაანადგუროს:
“ივლისის თვეში მორბილ-ვირუსული ინფექციის მასტიმულირებელი წყალში ტემპერატურის მატება იქნება. ამას ვამბობ დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე, რომელსაც წმინდა სამეცნიერო ინტერესით ვახდენთ.”
ძუძუმწოვრების გამორიყვის ფაქტები შავი ზღვის ექვსივე ქვეყნის სანაპიროზე ფიქსირდება. “რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შემდეგ შავი ზღვის დანაგვიანებულ სანაპიროზე წყალმა ოთხი დელფინი გამოირიყა” – ეს ინფორმაცია თურქულმა გაზეთმა “დუზჯეს”- მა 2012 წლის 15 თებერვალს გამოაქვეყნა.
“…ვიდრე გამორიყულ დელფინებს გარემოსდამცველებმა მიაკვლიეს, ისინი თოლიებმა და ძაღლებმა დაგლიჯეს,” – წერს თურქული მედია. არჩილ გუჩმანიძის ინფორმაციით, იგივე მდგომარეობაა უკრაინაში, რუსეთში, რუმინეთსა და ბულგარეთშიც, “გასულ წელს ანაპასთან 22 დელფინი ერთად გამორიყა, რაც შავ ზღვაში ძალიან იშვითად ხდება”.
“სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თურქეთში უფრო ნაკლებია ძუძუმწოვართა გამორიყვის ფაქტები, ვიდრე, მაგალითად, ბულგარეთში, მაგრამ თურქეთის სანაპირო სამჯერ დიდია ბულგარეთის სანაპიროზე, ანუ სტატისტიკა ზოგჯერ დამოკიდებულია იქ გარემოსდაცვითი საქმიანობების აქტივობებზე. იქ არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამას აკეთებს აქტიურად. თურქეთში არის რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ამ ინფორმაციას აგროვებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძუძუმწოვართა გამორიყვების შესახებ მათ მიერ შექმნილი სტატისტიკა დაბალია.”
შავ ზღვაში არა მარტო დაავადებული, ხშირად ჯანსაღი დელფინებიც იღუპებიან, ამის მიზეზი კი წყალში ჩატოვებული სათევზაო ბადეა. მეთევზეები მას ზოგ შემთხვევაში ბადეში გახლართულს ცოცხლადაც პოულობენ. რის შემდეგაც, წესით, მისი რეაბილიტირება და უკან გაშვება უნდა მოხდეს, თუმცა გარემოსდამცველების ინფორმაციით, ზღვის ბინადართა ამ სახეობის ძვირფასი ხორცი და სამკურნალოდ გამოსადეგი ქონი ბრაკონიერებისთვის კარგი ფულის გაკეთების საშუალებადაც იქცა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.
არასამთავრობო სექტორში მომუშავე გარემოსდამცველების ინფორმაციით, შავი ზღვის ქვეყნებმა ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს შავი ზღვის მიმართ ერთიანი სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით შეთანხმებას, საქართველოს გარემოს დაცვის სამინიტროს კი ამ დროისათვის არ აქვს მიზნობრივი პროგრამა, რომელიც შავ ზღვაში გადაშენების პირას მყოფი სახეობების განადგურების მიზეზებსა და მათ მდგომარეობას შეისწავლის.
2012 წლის მონაცემებით, ინავარ-თებერვალში შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებზე 3 სამი დაღუპული დელფინი გამოირიყა.