საზოგადოება

უნდა მიელოცა თუ არა პატრიარქს პუტინისთვის გამარჯვება [Video]

15 მარტი, 2012 •
უნდა მიელოცა თუ არა პატრიარქს პუტინისთვის გამარჯვება [Video]

გუშინ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ვლადიმერ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო! მიიღეთ ჩვენი მილოცვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მაღალ თანამდებობაზე თქვენს არჩევასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, თქვენი დიდი გამოცდილება ხელს შეუწყობს მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას თქვენს სახელმწიფოში.

რუსები და ქართველები – ერთმორწმუნე ერებია, რაც გვაახლოვებს, მაგრამ ვერც საქართველო და ვერც ჩვენი ეკლესია ვერასდროს შეეგუება ჩვენი სამშობლოს წიაღიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას. თუმცა, ვფიქრობთ, ყველა სირთულის მიუხედავად, რუსეთსა და საქართველოს შორის სავსებით შესაძლებელია კეთილი ურთიერთობების აღდგენა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი იზეიმებს ისტორიული სამართლიანობა.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამყარდება, მაგრამ კარგი იქნება, რომ ეს თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ქვეყანას კი – შემდგომ აყვავებას”– ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ილია მეორე აწერს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა 4 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში  ხმათა 64% მოიპოვა.

უნდა მიელოცა თუ არა საქართველოს პატრიარქს ვლადიმერ პუტინისთვის გაპრეზიდენტება მაშინ, როცა ქვეყანას ომის გამოცდილება აქვს და მთავრობებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია? – ამ შეკითხვით “ნეტგაზეთმა”  თბილისის მოქალაქეებს მიმართა, ვინც ვიდეოინტერვიუზე დაგვთანხმდა, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ილია მეორის გადაწყვეტილება სწორია, თუმცა არაოფიციალურ საუბრებში ზოგიერთი მოქალაქე ამბობდა, რომ ეს დაუშვებელია, მაგრამ პატრიარქს ღიად ვერ გააკრიტკებენ.

„ორეული თუ იზამდა მაგას, ილია მეორე არ მიულოცავდა,“ – გვითხრა ერთ–ერთმა მოქალაქემ.

“ნეტგაზეთმა” იმავე საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც ჩაწერა. გიგი წერეთელი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მილოცვა არ არის საუკეთესო ფორმა, რაც საქართველოდან შეიძლება პუტინს მიუვიდეს, თუმცა:

„თუ პატრიარქი იღებს თავად ასეთ გადაწყვეტილებას, მას შეიძლება ასეთი ხედვა ჰქონდეს, პატრიარქი არის განსხვავებული ყველასგან, ის ყველას გვასწავლის, რომ არა მარტო ღმერთი გვიყვარდეს და ჩვენი თანამდგომი, ასევე მტერიც, ის ამას ქადაგებს, ამიტომაც მისი პრინციპები, მისი გადმოსახედი,  რა თქმა უნდა, განსხვავებულია პოლიტიკური კონტექსტიდან და ის, რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ამ მიმართვაში, მე ვფიქრობ, არის“.

გიგი წერეთელი მილოცვის იმ ნაწილს გულისხმობს, სადაც ილია მეორე წერს, რომ „ვერც საქართველო და ვერც ჩვენი ეკლესია ვერასდროს შეეგუება ჩვენი სამშობლოს წიაღიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოწყვეტას.“ ამ ნაწილში გაჟღერებულ პოზიციას პოზიტიურად აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა ხერხეულიძე, თუმცა მილოცვის ფორმა მისთვის მიუღებელია:

„მე არ მივულოცავდი და პატრიარქის გადასაწყვეტია, მიულოცავდა თუ არა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების არდათმობა პოზიტიური ნაწილია, მაგრამ რაც შეეხება მილოცვას, ადამიანისთვის, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, ჩემთვის ეს ფორმა მიუღებელია.“

მიუხედავად იმისა, რომ კინომცოდნე თეო ხატიაშვილს თავად მილოცვის ტექსტი ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილში დიპლომატიურად მიაჩნია, მისთვის საქართველოს პრეზიდენტისადმი უპატივცემულობის გამომხვატველია ილია მეორის ნაბიჯი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს პუტინისთვის პრეზიდენტობა არ მიულოცავს:

„რაკი, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, მსგავს შემთხვევებში პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას სახელმწიფო პირმა, ეს პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულობას შეიძლება გავდეს, როდესაც პატრიარქი თავს უფლებას აძლევს და ულოცავს, თუმცა, რასაკვირველია, მას ამის უფლება აქვს. მე მგონი, დასაფიქრებელია, რატომ მოხდა ასე, თუმცა დამოუკიდებლად რომ განვიხილოთ ტექსტი, ის  ძალიან ფრთხილი და დიპლომატიურია“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს პატრიარქი რუსეთის ხელისუფლებასთან  ურთიერთობს. 2011 წლის 18 ნოემბერს ილია მეორე რუსეთის  პატრიარქის, კირილის 65 წლის იუბელესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. პატრიარქს მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედმედევმაც უმასპინძლა.

“ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო და ახლაც არის, ღია ჭრილობებია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაშუშოთ. დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ. ჩვენ, პატრიარქებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგეს”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის შესაძლოა გლობალური პრობლემები  იყოს, ასევე, ეკონომიკური და იდეოლოგიური უთანხმოება, ეკლესია მაინც რჩება  ერთადერთ ინსტიტუტად, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობებს ამყარებს და ყველაზე რთულ დროს გვეხმარება. ამიტომ ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობით,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მართლმადიდებლური ქვეყნების მთავარ წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პატრიარქიც ესწრებოდა.

თეო ხატიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკისთვის დამახასიათებელი უცნაურობებიდან გამომდინარე, რთულია დაბეჯითებით იმის თქმა, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოქმედებს თუ არა საპატრიარქო:

„შესაძლებელია, რადგან საქართველოს პრეზდენტი არ იხევს უკან, დიპლომატიური ჟესტის გამოყენებას არ აპირებს, საპატრიარქო გვევლინება ალტერნატივად. რაიმეს მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ეჭვები ხშირად ჩნდება, მით უფრო, საპატრიარქოს და ჩვენი ხელისუფლების ურთიერთობაში, ძალიან ხშირად არის თითქოს გარკვეული დაპირისპირება, მაგრამ არის შემთხვევები, სადაც აშკარა ალიანსია, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია წინასწარ იყო დაგეგმილი თავის დროზე მედვედევის მონახულება  და ეს მიმართვაც“.

მასალების გადაბეჭდვის წესი