საზოგადოება

სტუდენტთა დასაქმება დასწრების პრინციპით

6 მარტი, 2012 •
სტუდენტთა დასაქმება დასწრების პრინციპით

ბაკალავრიატის იმ სტუდენტებს, ვისაც სურვილი ექნება, 2012 წლის ზაფხულის არდადეგებზე სტუდენტური დასაქმების ერთთვიან პროგრამაში მონაწილეობა მიიღონ, 20 მარტის დილის 10 საათიდან, დასწრების პრინციპით, ელექტრონულ მისამართზე www.summerjob.ge უნდა დარეგისტრირდნენ.

დაახლოებით 90 ათასი სტუდენტიდან დასაქმების პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ 25 ათასი მოასწრებს.

დარეგისტირების ვადები ოფიციალურად 20 მარტიდან 20 აპრილამდე განისაზღვრა.

იმისთვის, რომ სტუდენტმა დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს, აუცილებელია, იმ უმაღლეს სასწავლებელს, სადაც ის სწავლობს, ავტორიზაცია გავლილი ჰქონდეს.

მაგალითად, სასულიერო სემინარიაში, სადაც სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის სპიკერის, მარიამ საჯაიას თქმით, მხოლოდ რამდენიმე ფაკულტეტს აქვს მინიჭებული ავტორიზაცია, სტუდენტთა მხოლოდ ნაწილი ჩაერთვება პროგრამაში.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვა ავტორიზებულ კერძო უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის სტუდენტებსაც შეეძლებათ.

რეგისტრაციის პროცესში სტუდენტმა მოცემულ გრაფაში პირადი ნომერი უნდა მიუთითოს, შემდეგ აირჩიოს დასაქმებისთვის სასურველი ადგილი და ვაკანსია, რის შემდეგაც უკვე უნიკალურ კოდს მიიღებს. ამ კოდის გარეშე ის პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და პროფესიების ჩამონათვალი, სამინისტროს ინფორმაციით, ვებ-გვერდზე უკვე დღეიდან განთავსდება.

სამინისტროში ამბობენ, რომ ვინც დარეგისტრირებას ვერ მოასწრებს, იმათთვის შეიქმნება სათადარიგო სია. ამ სიაში მოხვედრილ სტუდენტებს დასაქმების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ რომელიმე სტუდენტი საკუთარი სურვილით გამოეთიშება პროგრამას.

იმის მიუხედავად, რომ სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმებული სტუდენტების ანაზღაურება ერთი თვის განმავლობაში 500 ლარი იქნება, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებულ შორმით ხელშეკრულებაში წერია, რომ შრომის ანაზღაურება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს, რასაც აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი (20 %).

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტუდენტებს ურჩევენ, ის მოთხოვნები, რომელიც დამსაქმებელ კომპანიას ექნება, ამა თუ იმ ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში, კარგად გაითვალისწინონ და ისე მიუთითონ სასურველი ვაკანსია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამსქმებელს აქვს უფლება, დასაქმებულ სტუდენტს ხელშეკრულება შეუწყვიტოს.

„იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლები რაიმე პრეტენზიით დაგვიკავშირდებიან, ჩვენი მონიტორინგის ჯგუფები ინდივიდუალურად შეისწავლიან თითოეულ შემთხვევას, თუ მონიტორინგის ჯგუფმა დაადგინა, რომ რელაურად არის იმის საფუძველი, რომ სტუდენტი არაკეთილსინდისიერად ასრულებს სამუშაოს, ის ანაზღაურებას ვერ მიიღებს. თუ სხვა გარკვეული მიზეზით, ერთ სტუდენტს სხვა სტუდენტი ჩაენაცვლება, ანაზღაურება სამუშაო დროის მიხედვით გაიყოფა,“ – აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ საჯაია.

მას შემდეგ, რაც სტუდენტი პროგრამაში ჩაერთვება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მოსთხოვოს დამსაქმებელს დასაქმებულის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის მიწოდება, დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე არსებული სამუშაო პირობების შემოწმება განახორციელოს.

თავის მხრივ, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო, ასევე შრომისათვის აუცილებელი პირობები შეუქმნას.

აღნიშნული საკითხი, როგორც სამინისტროში ამბობენ, განსაკუთრებით აქტუალური მშენებლობის სფეროში დასაქმებული სტუდენტებისთვის იქნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ სტუდენტები, ძირითადად, სხვადასხვა ქვედა რგოლის სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან.

“მაგალითად, თუ სამედიცინო სფეროში დასაქმდება სტუდენტი, ის იმუშავებს საავადმყოფოში სანიტრად. ეს არის დიდი შანსი, მიიღო პრაქტიკული ცოდნა. ასევე, მაგალითად, კონსერვატორიამ მოითხოვა სკვერებში დამკვრელების ვაკანსია, ისინი იქ კონცერტებს გამართავენ,”-ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი მარიამ საჯაია.

პროგრამაში სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად კერძო სექტორიც იქნება ჩართული. სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ყველა ბანკი მონაწილეობს, სადაც ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტები დასაქმდებიან.

2012 წლის ზაფხულში სტუდენტთა დასაქმების პროგრამას ყველაზე მასშტაბურს უწოდებენ საქართველოს მთავრობაში.

სტუდენტური დასაქმების პროგრამა თბილისში 2006 წელსაც, თვითმმართველობის არჩვნებამდე რამდენიმე თვით ადრე განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ერთი თვით დასაქმებულ თითოეულ სტუდენტს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაუხადეს. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

სტუდენტთა დასაქმების პროგრამაზე 2012 წლის ზაფხულშიც ქვეყნის ბიუჯეტიდან 12,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი