რუსთავის კერძო სკოლა “მილენიუმის” დირექტორის თქმით, სკოლას განათლების სამინისტროს მხრიდან ავტორიზაციის პრობლემები იმის გამო შეექმნა, რომ მისი მეუღლე ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპანია “ატუს” დირექტორია.
“ამაზე უკვე მთელი რუსთავი საუბრობს, მშობლები, მასწავლებლები… ერთი თვის წინ ჭორიც კი გავიგე, რომ თითქოს მე ვქმნიდი პოლიტიკურ ორგანიზაციას და აქ “ქართული ოცნებისთვის” მე უნდა მეხელმძღვანელა. გაჟღერდა ასეთი ინფორმაციაც, რომ ჩემმა ქმარმა რუსთავში სიარულს მოუმატა, თუმცა ჩემი ქმარი რუსთავში დაიბადა და ვერავინ დაუწესებს ქალაქში ჩამოსვლის განრიგს”, – ამბობს ელზა ლეკვეიშვილი, სკოლა “მილენიუმის” დირექტორი.
მას შემდეგ, რაც სკოლამ ავტორიზაცია ვერ გაიარა, 49 მასწავლებელი უმუშევარი დარჩა, ხოლო 152 მოსწავლის მობილობა ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც ელზა ლეკვეიშვილი ამბობს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, რუსთავში 11 სკოლას შეექმნა ავტორიზაციის პრობლემა, თუმცა საბოლოოდ ავტორიზაცია მხოლოდ კერძო სკოლა “მილენიუმმა” ვერ გაიარა:
“მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა სკოლაში შემოწმება მიმდინარეობდა 2 საათის განმავლობაში, ჩვენთან იმუშავეს 2 სრული დღე, გვიანობამდე. შენიშვნები დიდი ძალისხმევის შემდეგ მოგვცეს წერილობით, მიუხედავად იმისა, რომ მე მონიტორინგიდან მეორე დღესვე მქონდა იმ ხარვეზების გამოსწორების გეგმა, რაც ვიცოდით, რომ პრობლემა იყო. ჩვენ გავაკეთეთ პანდუსი მეორე სართულზე, დავაყენეთ გარე სათვალთვალო კამერა, თუმცა აქტს არ მაძლევდნენ, რომ მქონოდა ოფიციალური უფლება ხარვეზების გამოსწორებაზე,” – ამბობს სკოლის დირექტორი.
ელზა ლეკვეიშვილის თქმით, სკოლის ერთ–ერთი პრობლემა მანდატურები იყო, რის შესახებაც მას ჰქონდა ინფორმაცია: თავდაპირველად მას ერთი მანდატურის დანიშვნის უფლება მისცეს და ხელშეკრულებაც გაუფორმეს, თუმცა შემდეგ კვლავ ორი მანდატური მოითხოვეს და სწორედ მაშინ, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ის თბილისში წავიდა, სკოლაში მონიტორინგის ჯგუფი შევიდა:
“ოფიციალურად სამი ადამიანი უნდა მოსულიყო შემოწმებაზე, მაგრამ ახლდათ მეოთხე, გარე მონიტორინგის ჯგუფის უფროსი, ვინმე ზაზა ხვედელიძე. ამ მონიტორინგის ჯგუფმა ძალიან მკაცრი შემოწმება განახორციელა. ბრალდებების უმეტესობა, რაც დაფიქსირებული იყო, ტყუილია. მთავარი ხარვეზი, რაც ეწერა, არის ის, რომ სკოლას მე–12 კლასში არ აქვს შეტანილი აბიტურის მასალა. რომელ მასალაზეა საუბარი, როცა სკოლას არ ჰყავს მე–12 კლასი, რადგან მესამე საფეხურზე სწავლების უფლება წელს მოვიპოვეთ და ამ საფეხურზე მხოლოდ მე–10 კლასი გვყავს. სკოლას ჰყავს ექთანი, აქვს ექთნის კაბინეტი, გვაქვს, შინაგანაწესიდან გამომდინარე, ინსტრუქცია, თუ რა ევალება ექთანს სკოლაში, თუმცა ეწერა, რომ სკოლაში არ არის ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმები,” – ამბობს სკოლის დირექტორი.
საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნინო პოტრჟებსკაია უარყოფს იმ ფაქტს, რომ სკოლის დახურვა პოლიტიკური ნიშნით მოხდა და არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სკოლას არ მიეცა ხარვეზების გამოსასწორებლად საკმარისი დრო:
“კერძო სკოლა “მილენიუმი” არ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს, იქ არ მიდიოდა სწავლის პროცესი იმ დონეზე, რა დონეზეც მოითხოვს საკანონმდებლო ბაზა, შესაბამისად, აღნიშნულ სკოლას ლიცენზია შეუჩერდა, მათ შეუძლიათ გამოასწორონ ეს ხარვეზები და ავტორიზაციაზე განაცხადი თავიდან შემოიტანონ. არც ერთი ბავშვის ინტერესები არ იქნება დარღვეული, მათ შეუძლიათ გადავიდნენ როგორც კერძო, ასევე – საჯარო სკოლებში”, – განაცხადა ნინო პოტრჟებსკაიამ
ელზა ლეკვეიშვილმა სოციალური ქსელის, facebook-ის საშუალებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინსაც მიმართა, თუმცა პასუხად მხოლოდ ის მიიღო, რომ სკოლის ავტორიზაციის საკითხს მინისტრი არ წყვეტს. “მილენიუმის” დირექტორის განცხადებით, ხელახალ ავტორიზაციას აზრი არ აქვს, რადგან სკოლის დახურვა სპეციალურად მოხდა, ის ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოს ძალით აპირებს:
“მინდა ბოდიში მოვუხადო მშობლებს, რომ ჩემ გამო პრობლემები შეექმნათ. აქამდე თავმდაბლობის ნიშნად ვამბობდი, რომ ერთ–ერთი წარმატებული სკოლა დაიხურა, ახლა კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ–ერთი კი არა, ყველაზე წარმატებული სკოლა დახურეს რუსთავში.”