ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ონკოლოგიური დაავადების გვიან სტადიაზე აღმოჩენისა, რა თქმა უნდა, შიშია. ყველა ნორმალურ ადამიანს ეშინია მძიმე დაავადების, მაგრამ ჩვენთან ხშირად ვხვდები ისეთ უსაფუძვლო, პანიკურ შიშს, რომ ამ მოვლენის ახსნა მიჭირს. რა ახსნა უნდა მოვუძებოთ იმ ფაქტს, როცა მოდის ქალი მკერდში დიდი სიმსივნით, მესამე ან მეოთხე სტადიაზე და ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია გრძნობს, თუ როგორ იზრდება ეს წარმონაქმნი, მაგრამ აქამდე ვერ მოვიდა, რადგან ეშინოდა, „რაიმე ცუდი არ იყოსო“?!
ასეთი შემთხვევები ძალიან მთრგუნავს და მაფიქრებს. თუ ასე გაგრძელდა, ყოველთვის დავრჩებით მედიცინის იმ დონეზე, როცა არაფერია დამოკიდებული არც ექიმზე და არც პაციენტზე. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავის მკურნალი, უნდა გვქონდეს სურვილი, რომ აღმოვიჩინოთ დაავადება ადრეულ ეტაპზე, ადრე მივიდეთ სპეციალისტთან და განვიკურნოთ.
წინა წერილში ვამბობდი, რომ გამონათქვამი – „დრო ფულია“, ჯანმრთელობასთან მიმართებაშიც გამართლებულია. ახლა ვიტყვი, რომ დრო არის ჩვენი ყველაზე მთავარი დამხმარე და მკურნალი _ რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას დაავადების აღმოჩენიდან, მით მეტია გამოჯანმრთელების შანსი! და ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში დრო შეიძლება გახდეს ჩვენი ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგე – ეს მაშინ, როცა გრძნობთ მკერდში სიმსივნეს და იმის შიშით, რომ ექიმი ცუდ დიაგნოზს დაგისვამთ, არ მიდიხართ ექიმთან, არ მკურნალობთ… ან მკურნალობთ საეჭვო ხალხთან და საეჭვო ნივთიერებებით, რასაც წამალსაც ვერ დავარქმევ.
ექიმმა რა უნდა უთხრას ქალს, რომელიც ახლობელს მოჰყვა საავადმყოფოში, თავადაც აქვს მკერდში გამკვრივება, ექიმს სთხოვს, მის ნათესავს მიხედოს, მაგრამ თვითონ ვერ გადაიღებს სურათს, რადგან ცუდი დიაგნოზის ეშინია? ან იმ ადამიანს რა ვუთხრათ, რომელმაც გადაიღო სურათი და შემდეგ „დაიკარგა“ იმიტომ, რომ პასუხის გაგება არ უნდა?
ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტი ფსიქოლოგიური ზეწოლის ფასად მიმიყვანია გამოკვლევაზე და ის ადამიანი გადარჩენილა… სამწუხაროდ, ექიმის ასეთი აქტიურობა ჩვენთან პაციენტმა შეიძლება ახსნას ექიმის მხრიდან ფულის შოვნის სურვილით, რომ ექიმს უნდა არ გაუშვას პაციენტი ხელიდან და იმიტომ ითხოვს გამოკვლევებს დაჟინებით. ამ ფაქტორის გათვალისწინებაც მიწევს და პარალელურად ვცდილობ, რომ ეს საკითხიც განვუმარტო პაციენტს, თუმცა ბევრი მაინც ეჭვის თვალით უყურებს ექიმის მცდელობას. ბევრ ოჯახში შემორჩენილია აზრი, რომ კიბო არ იკურნება, რომ ხელი არ უნდა ახლო და ქალი ცხოვრობს სიმსივნით მკერდში და იმის შიშით, რომ ბევრი აღარ დარჩა სიკვდილამდე. ეს ყველაფერი უსაფუძვლო შიშის გამო. მით უმეტეს, უაზროა ეს შიში, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ კიბო აქვს და წარმონაქმნი მკერდში კეთილთვისებიანია.
ევროპის ქვეყნებში ქალთა უმრავლესობა საკუთარი ინიციატივით მიდის სკრინინგულ გამოკვლევაზე, გეგმავს ვიზიტს და ინტერესდება კვლევების შედეგებით. მოდით, ჩვენც ევროპელებს დავემსგავსოთ და ვიყოთ დაინტერესებული არა ძველთაძველი თქმულებებით, არამედ თანამედროვე მედიცინით, რომლის მთავარი აზრი ადრეული დიაგნოსტიკაა. ყველა ქალმა უნდა გამოიყენოს დრო თავის სასარგებლოდ და გადადგას გაბედული ნაბიჯი საკუთარი ჯანმრთელობისკენ.