საზოგადოება

გორში შენობების 98% არაადაპტირებულია შშმპ-ებისთვის

1 თებერვალი, 2012 • 1054
გორში შენობების 98% არაადაპტირებულია შშმპ-ებისთვის

ქალაქ გორში არსებული 70 შენობიდან მხოლოდ ოთხია ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. შეხვედრაზე, რომელიც დღეს გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა და რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საზოგადოების  და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მთავარ პრობლემად სწორედ არაადაპტირებული გარემო დასახელდა.

ბოლო პერიოდში გორში სხვადასხვა ობიექტებზე სპეციალური პანდუსების გაკეთება დაიწყეს, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის წარმომადგენლის, მაია ჯულაყიძის თქმით, ზოგიერთ შენობაზე მიდგმული პანდუსი მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებს და ასეთ შენობებში მოსახვედრად შშმპ-ებს მაინც სხვისი დახმარება ესაჭიროებათ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გორის  ცენტრში სულ 675 ადამიანია გაწევრიანებული, აქედან 177 ბავშვია.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნები გაითვალისწინოს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა ხელისუფლებას გაუგზავნეს მიმართვა, რომ 2012 წელი მათ წლად გამოცხადდეს. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ მიმართ ყურადღება გაიზრდება და გარემოს ადაპტაციისთვის მეტი გაკეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი