საზოგადოება

არ ვენდობი, მაგრამ ვუყურებ

23 იანვარი, 2012 • 1159
არ ვენდობი, მაგრამ ვუყურებ

2011 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ტელეარხებით ყოველდღიურად მოსახლეობის 82% იღებდა. ყველაზე ხშირად მოსახლეობა  პოლიტიკისა და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე  მოვლენების შესახებ გადაცემებს რუსთავი ორისა (88%) და იმედის (85%) მეშვეობით უყურებს. თუმცა მათ მიმართ ნდობა, ორივე არხის შემთხვევაში, მხოლოდ 33%-ია.

დღეს გამართულ პრეზენტაციაზე, ამ ერთი შეხედვით პარადოქსული შედეგის გარდა, განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ბეჭდური მედიის პრობლემებიც წარმოადგენდა.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ანგარიში– ” ქართული მედია: მოსახლეობის შეფასებები და მედიის განვითარების პერსპექტივები” –2011 წელს მეორედ ჩატარდა. პირველი კვლევა 2009 წელს შედგა. 2011 წელს 2009 პირი გამოიკითხა. შედეგებში მოსალოდნელია 4%-იანი ცდომილება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევის მიხედვით, ტელევიზია რჩება ინფორმაციის მთავარ მომწოდებლად, თუმცა ეთერით გაშვებულ ინფორმაციას არ ენდობა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, მეტიც, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ რუსთავი ორი მთავრობის ინტერესების გამომხატველია, 43%  იმედს მიიჩნევს მთავრობის ინტერესების გამტარებლად, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს– 48%.

ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ აღნიშნა, მონაცემები, რომ მაყურებელი არ ენდობა, თუმცა მაინც უყურებს ტელევიზიას, მედიისთვის ტოვებს  საშუალებას, არ გაისარჯოს, არ შეცვალოს თავისი მუშაობის სტილი და ” ნუ გვენდობიან, მაგრამ გვიყურონ” პრინციპით იხელმძღვანელოს:

ჟურნალისტის თქმით, ეს შედეგები  ამტკიცებს, რომ მოქალაქეების სახით საქმე რთულ კონტიგენტთან გვაქვს, რომელთა მოთხოვნები არც ისე ცხადია და ამით ჟურნალისტებს ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ელჩ ფილიპ დიმიტროვის აზრითაც, არცთუ ლოგიკურია, როდესაც მოსახლეობამ თვლის, რომ ტელევიზია  მიკერძოებულია და მას მაინც უყურებს.

ის, რომ მოსახლეობის აღქმა მართლაც წინააღმდეგობრივია, კვლევის ის ნაწილიც ადასტურებს, რომელიც მოდელირებული ქრონიკის ნაწილს ეხება. გამოკითხულთა 71 %–მა იცოდა გადაცემის შესახებ, ანუ 1, 424–მა ადამიანმა. ამ რაოდენობიდან  68 %–მა უშუალოდ უყურა გადაცემას. კვლევის ფარგლებში ეკითხებოდნენ, თუ რა გრძნობები ეუფლებოდათ მათ გადაცემის ყურების დროს და მას შემდეგ. გამოკითხულთა უმეტესობა (37%) აღნიშნავს, რომ შეეშინდა, 11% პანიკამ შეიპყრო, 9–9% აღშფოთდა და გაბრაზდა.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორის, ქეთევან ვაშაკიძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ არცთუ პოზიტიური შეფასებები მოყვა გადაცემის შეფასებას მოსახლეობის მხრიდან, ტელეკომპანია “იმედი” მაყურებელთა რაოდენობით ერთ–ერთი ლიდერია და ამ მხრივ სურათი 2009 წელთან შედარებით არ შეცვლილა.

განსხვავებულად ფიქრობს თიკო ცომაია, ჯიპას ასისტენტ პროფესორი, რომლისთვისაც მოსახლეობის ადეკვატურობის ინდიკატორი ტელეკომპანია “იმედის” მიმართ ნდობის ვარდნაა, რადგან თუ 2009 წელს “იმედს” მაყურებელთა 42 % ენდობოდა, 2011 წლისთვის ეს მონაცემი 33%-მდე შემცირდა, რასაც ჯიპას ლექტორი, სწორედ მოდელირებულ ქრონიკას უკავშირებს.

მეორე მხრივ, კვლევის პრეზენტაციისას აქტიური განხილვის საგანი იყო ის მონაცემები, რაც ბეჭდურ მედიასთან დაკავშირებით დაფიქსირდა. 2011 წელს ყოველდღიური გაზეთებიდან ინფორმაციას ყოველდღე მხოლოდ 5% იღებდა, კვირაში რამდენჯერმე– 9% და კვირაში ერთხელ –ასევე 9 %.

მედიაექსპერტი ლია ჩახუნაშვილი აღნიშნავს, რომ იმ რესურსებთან შედარებით, რაზეც ბეჭდურ მედიას ხელი მიუწვდება, იქნება ეს სარეკლამო თუ გავრცელების კუთხით შეზღუდვები, კიდევ კარგი შედეგია, თუმცა:

“გულდასაწყვეტია ეს მონაცემები. ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ, რომ  სხვა მედიასაშუალებებისთვის, ტელევიზიის გარდა, უფრო მეტი რესურსი გახდეს ხელმისაწვდომი, რომ მათ გადარჩენაზე კი არა, განვითარებაზე იფიქრონ და მოსახლეობასაც ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციის მრავალგვარ წყაროებზე”.

2009 წელს კითხვაზე, რატომ არ კითხულობთ პრესას, 27%–მა მიზეზად პრესის მათ სახლთან ახლოს ყიდვის შესაძლებლობის არქონა დაასახელა, თუმცა 2011 წლისთვის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ამ მიზეზით არ კითხულობს პრესას, 15%-მდე შემცირდა, ხოლო მოსახლეობის ის წილი, რომელიც პრესას უფულობის გამო ვერ ყიდულობს, 2009 წელთან შედარებით, 17%– დან 29%-მდე გაიზარდა.

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი აღნიშნავს, რომ კვლევა გვაჩვენებს პრობლემებს, თუმცა მათ გადაჭრაზე პასუხი კვლევის კომპეტენციაში არ შედის:

”ადამიანს რაღაცის შესაქმნელად ფინანსური რესურსები ჭირდება, მე ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია მედიის მფლობელების გამჭირვალეობა, ასევე, ვფიქრობ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ და ტექნიკურ რესურსებს, ჟურნალისტების მომზადებას, რომლებიც  ნამდვილი დარაჯები იქნებიან”.

თუმცა დიმიტროვი ამბობს, ყველაფერი ადამიანის სურვილით განისაზღვრება,  მათ მზადყოფნაზე, რომ გამოიყენონ ცოდნა, იყვნენ პროფესიონალები,  მიუკერძოებლები და პატიოსნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი