საზოგადოება

რას ემსახურება შაშკინის ბრძანება მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ

14 იანვარი, 2012 • 2354
რას ემსახურება შაშკინის ბრძანება მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიხედვით, სკოლა უფლებამოსილია, მოსწავლის სტატუსი შეუჩეროს დაწყებითი და საბაზისო საფეხურის მოსწავლეს მის მიერ არაერთგზის, სკოლის შინაგანაწესის უხეშად დარღვევის მიზეზით.

დიმიტრი შაშკინის ბრძანება ”ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ” 6 იანვარს გამოიცა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, რომ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების წესის შემოღება სკოლებში ვაუჩერული დაფინანსების სისტემას უკავშირდება და  ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გამორიცხავს როგორც საჯარო, ისე – კერძო სკოლებში.

განათლების პოლიტიკის სპეციალისტი ნათია ანდღულაძე მიიჩნევს, რომ შინაგანაწესის დარღვევის გამო მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება, ბიუჯეტის თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე მეტად,  სკოლაში დისციპლინის გამყარების ახალ წესებს უკავშირდება:

”თუ მაინცდამაინც თანხების მიზნობრივ ხარჯვას უნდა დავუკავშიროთ, გამოდის, რომ სკოლას შეუძლია ”გამოარჩიოს” საზოგადოებისთვის ”პოტენციურად საშიში” ბავშვები და მოზარდები და თქვას, რომ მათი განათლების ხარჯებს სახელმწიფო აღარ გაიღებს, რადგან  მათი განათლება არ შედის განათლების სამინისტროს მიზნებში”.

ნათია ანდღულაძე მიიჩნევს, რომ როცა განათლების სამინისტრო მოსწავლის სტატუსის შეჩერებას სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო უშვებს და ამას თანხების არამიზნობრივი ხარჯვების მინიმუმამდე დაყვანას უკავშირებს, სამინისტროს ორი მოლოდინი აქვს:

”პირველი – როცა ბავშვს მოსწავლის სტატუსს შეუწყვეტ, მივა დირექტორთან, ”მოინანიებს” და უკან დააბრუნებენ და მერე კარგად მოიქცევა. იმ შემთხვევაში კი, თუ სკოლაში აღარ მიიღეს, ”ხელობას” ისწავლის და ხვალ სახლში ონკანის შესაკეთებლად გამოივიძახებთ. ორივე შემთხვევაში ჭკუას ისწავლის და  უკეთესი მოქალაქე გახდება”.

“ნეტგაზეთმა” განათლების სამინისტროს მიმართა შეკითხვით – იმ შემთხვევაში, თუ მოსწვალეს სტატუსი სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო შეუჩერდება, სტატუსის აღდგენისას როგორ უნდა განისაზღვროს, რომ მოსწავლე მომავალში აღარ დაარღვევს სკოლის შინაგანაწესს, თუმცა განათლების სამინისტრომ შეკითხვაზე პასუხი არ გაგვცა.

ამ შეკითხვაზე  პასუხის გაცემა თბილისის #122  საჯარო სკოლის  დირექტორს ნინო თაბაგარსაც უჭირს. “ნეტგაზეთთან” საუბრისას დირექტორი აღნიშნავს, რომ სკოლას  შინაგანაწესის უხეშად და სისტემატიურად დამრღვევი ბავშვები არ ჰყავს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სკოლა შესაბამისი პრობლემის წინაშე დადგება, კონკრეტული შემთხვევის მიხედვით იხელმძღვანელებს და კონსულტაციებს სამინისტროსთან გაივლის.

ნათია ანდღულაძის თქმით, მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება მათი ქცევის გამო სკოლებში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მაგალითია. სკოლებში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა მრავალ ქვეყანაში კვლევის საფუძველს წარმოადგენს. ასეთი პოლიტიკა პოპულარული 1990–ან წლებში გახდა, როდესაც სკოლებში დანაშაულის მაჩვენებელი მაღალი იყო. თუმცა მოსწავლის სტატუსის მოსხნის ასეთი პრაქტიკა ევროპის და ჩრდილოეთ
ამერიკის ქვეყენბში არ არსებობს, რადგან კვლევების მიხედვით, სკოლაში უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად არცთუ ეფექტური მიდგომაა და ბავშვს უარესი ქცევისკენ უბიძგებს, რაც მის კრიმინალად ქცევით მთავრდება.

”თუკი ბავშვი ციხეში აღმოჩნდება და განათლების მიღებას იქ გააგრძელებს, უფრო ძვირი დაგვიჯდება მისი განათლების მიღება,” – აღნიშნავს ნათია ანდღულაძე.

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა ფიქრობს, რომ სკოლა მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, პრობლემები თავად სკოლის ფარგლებში მოაგვაროს: ფსიქოლოგის აზრით, ბავშვის სკოლიდან გაშვება პირდაპირ კავშირშია მეტი კრიმინალის მიღებასთან.

”კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდთა საგანმანათლებლო საჭიროებების” კვლევის მიხედვით, რომელიც 2009 წელს ჩატარდა, მოზარდებიდან, რომლებიც სასჯელს  იხდიდნენ, 57%–მა გამოიცვალა სკოლა, აქედან 38% სკოლიდან ცუდი ყოფაქცევის ან ადმინისტრაციასთან კონფლიქტის გამო გარიცხეს.

”რაც უფრო მეტი ბავშვი დარჩება საგანმანათლებლო სივრცის გარეთ, მით მეტია რისკი. ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად, როდესაც საზოგადოება შენზე უარს ამბობს და გატოვებინებს სივრცეს, რამაც შესაძლებელია, უსამართლობის შეგრძნება გაუჩინოს ბავშვს და ეს რთული ქცევის ინდიკატორი გახდეს,” – აღნიშნავს მაია ცირამუა.

განათლების პოლიტიკის სპეციალისტის, ნათია ანდღულაძის თქმით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ამ ბრძანების გამოცემა მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვი, რომელიც სკოლის შინაგანაწესს არღვევს, არ უღირს სახელმწიფოს მის განათლებაზე ფულის ხარჯვად:

”და მათი მოსაზრებით, რომც დახარჯოს, ასეთ ბავშვს სკოლა ვერაფერს უშველის. ამიტომ მისთვის გამოყოფილი ვაუჩერი გაფლანგულია. თან, თუ ერთი სკოლა ამბობს მის განათლებაზე უარს, სხვა დირექტორსაც შეუძლია თქვას, რომ მისი სკოლა ვერ შეძლებს ამ ბავშვის განათლების საკუთარ თავზე აღებას”.

მინისტრის ბრძანება, სკოლის შინაგანაწესის არაერთგზის და უხეშად დარღვევის გარდა, მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებას სხვა რიგ შემთხვევებშიც ითვალისწინებს:

მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გაფრთხილების მიუხედავად, თუ მოსწავლე სკოლაში 6 თვის მანძილზე არ გამოცხადდება, არ იღებს შეფასებას და არ დარეგისტრირებულა ექსტერნად. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ჩარიცხული  5 წლის ასაკის მოსწავლე ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პირველი კლასის საგანმანათლებლო პროგრამას; უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (გარდა საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირისა) სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე; მოსწავლე ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას; დაუდგენელია მოსწავლის ადგილსამყოფელი; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე; არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის  შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.

თბილისის #122 საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო თაბაგარს “ნეტგაზეთმა” იმ შემთხვევების სიხშირის შესახებ ჰკითხა, რის მიხედვითაც მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტაა შესაძლებელი.

დირექტორმა აღნიშნა, რომ მის სკოლაში მოსწავლის მიერ სკოლის სიტემატურად გაცდენის 2 შემთხვევა ჰქონდათ, ისიც მეთერთმეტე–მეთორმეტე კლასებში. ერთი შემთხვევა, როდესაც 5 წლის ბავშვის მიღება დარეგისტრირების პროცესშივე შეწყდა, მშობლისავე გადაწყვეტილებით. სკოლაში არ დაფიქსირებულა მოსწავლის ადგილსამყოფელის დაუდგენლობის შემთხვევა:

”თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სკოლაში ერთი უბნის მოსწავლეები დადიან, ძირითადად, გაუთვალისწინებელი შემთხვევები არ არის. რაც შეეხება მოსწავლეებს, რომლებმაც 12 წლის სწავლების შემდეგ ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ვერ დაძლიეს, სკოლას 2 ბავში ჰყავდა, რომლებმაც საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საატესტატო გამოცდებზე ვერ გადალახეს”.

მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერება და აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი