საზოგადოება

წამალზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა

24 დეკემბერი, 2011 •
წამალზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
საერთაშორისო ფონდი “კურაციოს” კვლევამ აჩვენა, რომ 2009 წლიდან წამლის ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა, რამაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაზარდა.
საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” კვლევა სახელწოდებით, “საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა” ჩაატარა. კვლევის მთავარი მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

სამი წლის მანძილზე საქართველოში არსებულ აფთიაქებსა და სხვადასხვა სახის მედიკამენტებზე დაკვირვების საფუძველზე ფონდმა ”კურაციომ” შეისწავლა ფარმაცევტულ სექტორში არსებული პრაქტიკა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინება ჯანდაცვის სექტორის ფართო აუდიტორიას-პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” დირექტორი გიორგი გოცაძე ამბობს, რომ ”მოცემული კვლევის მეშვეობით საერთაშორისო ფონდი “კურაციო”  აწვდის მყარ მტკიცებულებებს გადაწყვეტილებების მიმღებებსა და პოლიტიკის შექმნელებს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
“იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევა ხელს შეუწყობს დებატების სტიმულირებას დაინტერესებულ მხარეთა შორის”.

კვლევა ჩატარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. სამი წლის (2009–2011) განმავლობაში განხორციელდა ფასების და ფასნამატის მარჟების ანალიზი 52 დასახელების მედიკამენტზე თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ ლიცენზირებულ აფთიაქებში.

კვლევაში ერთმანეთთან არის შედარებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარისხი ბრენდულ სააფთიაქო ქსელებში და დამოუკიდებელ აფთიაქებში. 2009-2010 წლებში კვლევაში ჩართულ სააფთიაქო ქსელებს (PSP, Aversi, GPC) 2011 წელს დაემატა ფარმადეპო და ფარმაცენტრი.

კვლევაში ერთმანეთთან შედარებულია მედიკამენტების ხელმისაწვდომობა წლების მიხედვითაც. გაანალიზებულია 2009 წელს წამლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების ზეგავლენა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე და ფასზე საქართველოში. გაანალიზებულია ფასის ცვლილებების ზეგავლენა პაციენტების მკურნალობის ხარჯებზე სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებს შორის.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2009 წლიდან წამლის ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა, რამაც ორიგინალ ბრენდებზე ფასნამატის შემცირება გამოიწვია. ფასნამატის კლებამ, კვლევის შედეგების მიხედვითვე, მაქსიმუმს 2011 წელს მიაღწია.
„2009 წლის მონაცემებით, საზღვარზე  ერთ ლარად შემოტანილ წამალს აფთიაქამდე კიდევ ერთი ლარი ემატებოდა და მოსახლეობას ეს წამალი ორი ლარი უჯდებოდა. წამალზე ამხელა მოგება ძალიან ბევრია, რადგან ევროპის ქვეყნებში (განვითარებულ და გავითარებად ქვეყნებში) წამალს საშუალოდ მხოლოდ 45% ემატება, ჩვენთან კი 2009 წელს ეს საშუალოდ 100% იყო,“–ამბობს საერთაშორისო ფონდ კურაციოს ხელმძღვანელი.
გოცაძე ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უზომოდ ბევრს ხარჯავს წამალზე – მთელი ჯანდაცვის დანახარჯების 42 %-ს, მაშინ, როდესაც ავსტრალია წამალში 18 %-ს,  ჩეხეთი 26 %–ს, მექსიკა 28 %–ს,  უნგრეთი 36%–ს ხარჯავს.

წამალზე დიდი დანახარჯების გამო დანარჩენ საჭიროებებზე, მაგალითად, სტაციონარულ ან ამბულატორიულ მკურნალობაზე, ან რეაბილიტაციაზე და ა.შ მოქალაქეებს ბევრად ნაკლები რჩებათ.

მაგალითად, ავსტრალია ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯებიდან 70 % –ს სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას ახმარს. საქართველოში  კი ხალხს მკურნალობისთვის მხოლოდ 40 % რჩება.

კვლევის თანახმად, წამალზე ხელმისაწვდომობა განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. ზოგიერთ რეგიონში ხელმისაწვდომობა დაბალი რჩება.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ხელმისაწვდომობა ყველაზე მაღალია ფარმადეპო/ფარმაცენტრის აფთიაქთა ქსელში.

” მიუხედავად მედიკამენტთა ფასნამატის შემცირების ტენდენციისა, ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო გამოირჩევა მაღალი ფასნამატით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიები გაცილებით მეტ თანხას ამატებენ მედიკამენტის ფასს, ვიდრე ეს ევროპაშია, რაც შესაბამისად მეტ მოგებას უნდა განაპირობებდეს. აქედან გამომდინარე, საქართველოში ჯანმრთელობის ეროვნულ დანახარჯებში ფარმაცევტული დანახარჯები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში,”–ნათქვამია კვლევის შედეგებში.

მედიკამენტების ფასებისა და ხელმისაწვდომობის კვლევა საქართველოში 2009-2011 წლებში სამ ეტაპად განხორციელდა. კვლევის პირველ და მესამე ეტაპს აფინანსებდა მსოფლიო ბანკი, მეორე ეტაპს კი– ღია საზოგადოების ინსტიტუტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი