საზოგადოება

დევნილებისთვის ნაყიდი წყლის გამწმენდი გამგებლის სახლში ინახება

13 დეკემბერი, 2011 • 1434
დევნილებისთვის ნაყიდი წყლის გამწმენდი გამგებლის სახლში ინახება

მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც რამდენიმე სოფელში მცხოვრები დევნილებისთვის წყალმომარაგების სისტემის გამართვაზე იყო პასუხისმგებელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის საპასუხოდ ათდღიან ვადას ითხოვს.

საიას 13 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ხუთი სოფლიდან ოთხში დევნილი მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სისტემაში ჩატარებული სამუშაოები არაეფექტურია.

ერთ–ერთი ასეთი სოფელი საიას ანგარიშში დუშეთის რაიონის სოფელი ოძისია.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ოძისში სს „საქწყალპროექტს” წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შექმნა დაუკვეთა.

პროექტით გათვალისწინებული იყო წყლის ბაქტერიოციდული გაწმენდის დამონტაჟება, რომელიც უზრუნველყოფდა წყლის სისუფთავესა და ვარგისიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალს, შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.

საიამ განახორციელა სოფელ ოძისში შესრულებული სამუშაოების გასვლითი მონიტორინგი.

საიას იურისტების მიერ განხორციელებული გასვლითი მონიტორნიგის დროს ბაქტერიოციდი გამგებლის, ალექსანდრე როსტომაშვილის სახლში ინახებოდა.

გამგებლის განცხადებით, ბაქტერიოციდი, რომელსაც წყლის გაწმენდა უნდა უზრუნველყო, იმიტომ არ დამონტაჟდა, რომ საკმაოდ ძვირადღირებულია და არსებობს მისი მოპარვის საფრთხე.

საიას მიაჩნია, რომ მის მოპარვასთან დაკავშირებული საფრთხე თავიდანვე უნდა ყოფილიყო პროექტში გათვალისწინებული.

მონიტორინგის შედეგად საიამ ასევე დაადგინა, რომ სოფელში წყალმომარაგების სამუშაოები სრულად არ მოიცავდა სოფლის დასახლებულ პუნქტებს, კერძოდ, “შესასვლელში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს კვლავ არ მიეწოდება წყალი და ჩატარებული სამუშაოები მათ მდგომარეობაზე არ ასახულა”.

საიას ანგარიშში სოფელი საკორინთლოც მოხვდა, სადაც ანგარიშის მიხედვით, კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში მცხოვრები დევნილები სოფლის წყლის სატუმბ სადგურში ვირთხებისა და ქვეწარმავლების მოხვედრას უჩივიან.

ანგარიშის მიხედვით, კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოში, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაახლოებით 260 ათასი ლარი დაიხარჯა, მოსახლეობა დაბინძურებულ სასმელ წყალს მაინც უჩივის. მოსახლეობა ამბობს, რომ წყლის სატუმბ სადგურში ხვდებიან ქვეწარმავლები, ვირთხები და, შესაბამისად, შესაძლოა სასმელმა წყალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას.

მოსახლეობის ნათქვამის გადამოწმება საიამ იმის გამო ვერ შეძლო, რომ სოფელში სატუმბი ჭა ჩაკეტილია. სოფლის მოსახლეობის ნაწილი კი წყალს სასმელად მაინც იყენებს.

ამის გარდა, სოფლის ჭაში არ მუშაობს ჩამკეტი მოწყობილობები, წყალი დაღმართში მიექანება და სოფლის დასაწყისში გროვდება. შესაბამისად, სოფლის ბოლოს მცხოვრებლებს  წყალი დღეში ერთხელ მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება.

ნეტგაზეთის კითხვებზე, რომელიც ანგარიშში მოხვედრილ რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობას შეეხებოდა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაუყოვნებლივ პასუხის გაცემა ვერ შეძლო.

„წერილობით გადმოგზავნეთ კითხვები და ათდღიან ვადაში გიპასუხებთ,“–განაცხადეს ფონდის პრესსამსახურში.

საკორინთლოს მსგავსად, საიას ანგარიშის მიხედვით, წყლის პრობლემები აქვთ სხვა სოფლებსაც, სადაც სპეციალურად გამოყოფილი ფულადი რესურსით დევნილებისთვის წყალმომარაგების სისტემა გაიმართა.

მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში წყალმომარაგების სისტემის გამართვა სოფლის მოსახლეობასთან არ ყოფილა განხილული.

ადგილობრივთა განცხადებით, წყალმომარაგების პრობლემა სოფელ ქსოვრისს არასოდეს ჰქონია, ამიტომ, მათი თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუ გამოყოფილი თანხები სხვა მიმართულებით დაიხარჯებოდა.

საბოლოო ჯამში კი, სოფელმა წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათით მიიღო. სოფელში წყალგამანაწილებელი ონკანების უმრავლესობა დაზიანებულია და სახეზე არ არის ის პოზიტიური შედეგი, რასაც მიზნად ისახავდა თავდაპირველი პროგრამა.

ვალერი კოპალეიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საიას მიერ წარმოდგენილი მონაცემებს დევნილების ჩასახლების ადგილებში წყალმომარაგების კუთხით მცირე ხარვეზებად აფასებს და აცხადებს, რომ ნებისმიერ სამუშაოს თანმდევი შეიძლება იყოს მცირე ხარვეზები.

“ეს მცირე ხარვეზები, რა თქმა უნდა, გამოსწორდება, თუმცა, რა ვადაში, ეს დამოკიდებულია თავად სამუშაოს სირთულეზე,”–აცხადებს კოპალეიშვილი.

თუმცა, სამინისტროს წარმომადგენელის თქმით, სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგი მუნიციპალური განვითარების ფონდის ფუნქციაა და არა სამინისტროსი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია ამბობს, რომ კანონმდებლობით, კომპანიებს, რომლებიც ამ სისტემის რეაბილიტაციაზე მუშაობდნენ, ჰქონდათ ვალდებულება,  ერთი წლის განმავლობაში არსებული ხარვეზები გამოესწორებიათ. თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდს არ უსარგებლია ამ ვადით.

„ვფქირობ, აქ მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობის პრობლემაც არის. მათ არ იციან, რომ ხელშეკრულებები, რომლებიც სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის იდება, მათ სასარგებლოდ არის გაფორმებული,“– ამბობს თამარ კორძაია.


მასალების გადაბეჭდვის წესი