საზოგადოება

“არჩევანის თავისუფლებისთვის” სახალხო დამცველს შეხვდა

12 დეკემბერი, 2011 • 1189
“არჩევანის თავისუფლებისთვის” სახალხო დამცველს შეხვდა

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

დღეს კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის” წარმომადგენლები სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს შეხვდენენ. მრგვალ მაგიდაზე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. აქცენტები მედიის თავისუფლებისა და ადამიანთა უფლებების დაცვაზე გაკეთდა.

კოალაციის წევრმა, ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, კოალიციამ და სახალხო დამცველის ოფისმა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაიწყონ მუშაობა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რადგან საარჩევნო პროცესი ქვეყანაში უკვე დაწყებულია.

კოალიციის წევრმა, ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში ირაკლი ლალიაშვილმა განაცხადა, რომ მათ გიორგი ტუღუშს გააცნეს, თუ როგორი წინასაარჩევნო გარემოა ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით, შესაბამისად, შეხვედრისას  ერთ-ერთ მთავარ  თემას მერიის მიერ გამოცხადებულ ”1000 ჯიხურის” ტენდერი წარმოადგენდა.

” ჩევნ მიგვაჩნია, რომ ომბუდსმენი  აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, ვინაიდან ინფორმაციის თავისუფლება და მისი თავისუფლად მიღების საშუალება არის ძირითადი უფლება იმისათვის, რომ მოქალაქეებმა თავისუფალი არჩევანი გააკეთონ”

შეხვედრისას, გიორგი ტუღუში და კოალიციის წევრები შეთანხმდენენ, რომ ისინი გაზეთების გავრცელებასთან დაკავშირებით ფაქტობრივ მდგომარეობას მოიძიებენ, რათა შეფასდეს, რა ზიანი მიადგა პრესის გავრცელებას, როდესაც თბილისში დაიწყო პრესის ჯიხურების დემონტაჟი და მათ ადგილზე  ახალი ჯიხურების ჩადგმა.

გიორგი ტუღუშის განცხადებით, ამის შემდეგ კოალიცია და სახალხო დამცველის აპარატი ერთობლივ მუშაობას დაიწყებენ, რომ მოსახლეობას ბეჭდურ მედიაზე ხელმისაწვდომობა არ შეეზღუდოს.

ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან სწორედ დღეს საღამოს მიიღო ბოლო ინფორმაცია მერიის მიერ გამოცხადებული ბოლო აუქციონის შესახებ, რომელიც თბილისში პრესის გავრცელების 30 ჯიხურზე გავრცელდა.

დღევანდელი შეხვედრა არ არის პირველი ”1000 ჯიხურის” ტენდერთან დაკავშირებით. კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის”  წარმომადგენლებმა სახალხო დამცველს წერილით ადრეც მიმართეს, როცა ბეჭდური მედიის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლებმა მერიის წინ აქცია გამართეს.

რაც შეეხება ადამიანთა უფლებების დარღვევის საკითხს, კოალიციის წევრმა ორგანიზაცია ” ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მოამზადა ვრცელი დოკუმენტი, რომელიც ადამიანთა უფლებების  დარღვევას ეხებოდა. დოკუმენტში სხვადასხვა შემთხვევებია დაფიქსირებული, მათ შორის ჭარბობს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

ზვიად ქორიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ შემთხვევები უკავშირდება სხვადასხვა პირთა დაკავებას, ასევე, სოფელ ჭორვილას სკოლის დირექტორი სამსახურიდან დათხოვნის ისტორიას:

”ჩვენ შევეხეთ იმ ადმინისტრაციულ რესურსის საკითხს, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება თავისი ოპონენტებისა და ჰიპოტეტურად საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ”.

კოალიციის წევრებს კონკრეტული წინადადებები სახალხო დამცველისგან ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა, შეხვედრის შემდეგ გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ მათ მიერ მოწოდებული ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებიდან ნაწილი მისთვის ცნობილი იყო, ნაწილზე კი წარმომადგენლების მხრიდან თხოვნა მიიღო, რათა მეტი ყურადღების გამახვილება მოხდეს აღნიშნულ ფაქტებზე.

ტუღუშმა განაცხადა, რომ კოალიციასთან სახალხო დამცველის აპარატს  აქტიური კომუნიკაცია ექნება, რათა  ამა თუ იმ ფაქტთან დაკავშირებით მისგან ინფორმაცია მიიღონ.  ასევე, ნაწილ საკითხებზე ისინი  ერთობლივად იმუშავებენ, ეს შეიძლება იყოს საკანონმდებლო ინიციატივები და კონკრეტული შეთავაზებები, რაც საქართველოში ადამიანთა უფლებების კუთხით მდგომარეობას გააუმჯობესებს.

”საერთო ჯამში სახალხო დამცველის ოფისს და კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისთვის,” საერთო მიზნები აქვთ, რომ უყურადღებოდ არც ერთი ადამიანთა უფლების დარღვევის ფაქტი არ დარჩეს და თითოეულ უფლებადარღვევას მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება” -განაცხადა ტუღუშმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი