საზოგადოება

პატრიარქი საბერძნეთის ეკლესიისგან ახსნა–განმარტებას ითხოვს

7 დეკემბერი, 2011 • 1856
პატრიარქი საბერძნეთის ეკლესიისგან ახსნა–განმარტებას ითხოვს

საქართველოს პატრიარქი საბერძნეთის ეკლესიის სინოდის წარმომადგენლის,  2–3 დეკემბერს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით  საბერძნეთის ეკლესიისგან ახსნა–განმარტებას ითხოვს.

დეკემბრის დასაწყისში აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის ეკლესიის სინოდის წარმომადგენელი, ეპისკოპოსი პროკოფიოსი ჩავიდა.

საბერძნეთის ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენელი სოხუმის კათედრალურ ტაძარში  ბიჭვინთა–აფხაზეთის საეკლესიო პირებს შეხვდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ე.წ.  აფხაზეთის ეპარქიული საბჭოს წევრი სერგეი შამბა.

აფხაზეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში საბერძნეთის ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის აფხაზეთში დეკანოზმა ბესარიონმა მიიწვია, რათა მას აფხაზეთის სიწმინდეები გაეცნო.

„ძალიან საინტერესოა ეკლესიის წარმომადგენლისთვის ასეთ ადგილებში ჩამოსვლა, რადგან აქ უდიდესი სიწმინდეები არსებობს,“–განაცხადა მან.

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი მიქაელ ბოტკოველი ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნავს, რომ აფხაზეთში საბერძნეთის ეკლესიის წარმომადგენლის ჩასვლა საქართველოს ეკლესიასთან არ იყო შეთანხმებული.

„ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ გააგზავნა წერილი ელადის მთავარეპისკოპოსთან, სადაც საქართველოს საპატრიარქო ოთხოვს, ოფიციალურად ახსნას მეუფე პროკოფის ვიზიტი აფხაზეთში. წერილი გუშინ გავაგზავნეთ პატრიარქის სახელით. ვითხოვთ ახსნა–განმარტებას, რას ნიშნავს ეს. იმედია, საბერძნეთის ეკლესიის მეთაური სინოდის წევრის ვიზიტის შესახებ საქართველოს პატრიარქს საქმის კურსში ჩააყენებს,“–ამბობს მიქაელ ბოტკოველი.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნულ ვიზიტს რუსეთისა და საბერძნეთის  მხრიდან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში პირდაპირი ჩარევად აფასებს და ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან გარკვეულ სიყალბეს აქვს ადგილი, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ოფიციალურად აღიარებს.

„როდესაც ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის ეკლესიას, მიაქციოს ყურადღება აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს, კეთილი უნდა ინებოს რუსეთის ეკლესიამ და შეასრულოს ის თხოვნა და პირობები, რაც მას შეთავაზა საქართველოს ეკლესიამ. სხვა შემთხვევაში ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ საკითხს და ისეთი სახელმწიფო უნდა ავირჩიო ამისთვის, რომლის  უკანაც არ დგას სახელმწიფო. რეალურად, რუსული ეკლესიის უკან დგას სახელმწიფო, რომელიც საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილია და რომელმაც საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა,“–ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

თეოლოგი ბასილ კობახიძე აღნიშნულ ფაქტს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის შეურაცხყოფად აფასებს და ამბობს, რომ  საეკლესიო კანონების შესაბამისად, საბერძნეთის ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენელს აფხაზეთში ჩასვლის უფლება მხოლოდ საქართველოს პატრიარქის ნებით ჰქონდა. მისი აზრით, ეპისკოპოსი პროკოფიოსი აფხაზეთში ჩასვლით საბეძნეთის ეკლესიის ინტერესებს დაუპირისპირდა. კობახიძე ამბობს, რომ ამის თქმის საფუძველს  საბერძნეთის ეპისკოპოსის პროკოფიოს პეტრიდისის მოღვაწეობა აძლევს, რომელსაც კარგად იცნობს:

„მან განათლება მიიღო ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში. დარწმუნებული  ვარ, საბჭოთა „კგბ“ მისი გადაბირების შანსს არ გაუშვებდა ხელიდან. ის ყოველთვის ითვლებოდა რუსეთის კაცად საბერძნეთში.  რუსულად ლაპარაკობს თავისუფლად. მრავალჯერ არის ნამყოფი საქართველოში, პირადად ვიცნობ. რუსეთის ეკლესია, როგორც კრემლის ფილიალი, რომელიც საეკლესიო სფეროში კრემლის მიზნების გამტარებელია, ცდილობს, ყოველთვის რამდენიმე ადამიანი გადაიბიროს. ვფიქრობ, რუსეთის ეკლესიამ გამოიყენა ის. როდესაც მე ვსწავლობდი ათენში, ქართველი ლტოლვილებისთვის ქართულად წირვა- ლოცვის ჩატარება მინდოდა და  მან ხელი შემიშალა. მისი მაშინდელი განაცხადით, ეს ბერძნულ ეკლესიას ზიანს მიაყენებდა. ასევე მას ჩაბარებული აქვს საბერძნეთის ეკლესიის მიერ ქართველი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საბერძნეთში ჩასული სტუდენტების კურირება. მრავალი წელია, მათი ბედი ათენში ამ კაცზეა დამოკიდებული. მას შეუძლია, ამ სტუდენტებს შეუწყვიტოს სტიპენდია, გაყაროს ისინი”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ „ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ თავს ვიკავებთ კომენტარისგან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი