საზოგადოება

საქართველოში ბავშვების 25 %–ზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს

24 ნოემბერი, 2011 • 1274
საქართველოში ბავშვების 25 %–ზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს

საქართველოს პრეზიდენტის 23 ნოემბრის იმედიან განცხადებას ქვეყანაში სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებით, გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში მოჰყვა, რომლის თანახმად, სიღარიბე საქართველოს ერთ–ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

„ეკონომიკურ ზრდას არ მოჰყვა სიღარიბის ფართომასშტაბიანი შემცირება,“–განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა 24 ნოემბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის უახლეს ანგარიშზე (2011) – „საქართველოს ბავშვთა მდგომარეობის შესახებ“ – საუბრის დროს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 25 %–ზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს.

რულანდ მონაში
რულანდ მონაში

„ხშირად სიღარიბე მათი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ადრეულ ასაკში სიღარიბემ, შესაძლოა, გამოიწვიოს ხანგრძლივი გონებრივი და ფიზიკური დარღვევები. ზემოაღნიშნული გარემოებები კი, თავისთავად, განაპირობებს სიღარიბის მომდევნო თაობებისთვის გადაცემის ციკლს. ამდენად ბავშვთა კეთილდღეობაში ინვესტირება უმნიშვნელოვანესია კაცობრიობის თანასწორი და თანამიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად,“–ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშში საქართველოს შესახებ.

ქეთევან თავართქილაძე საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გავითარების ფონდის ბავშვთა ფსიქოლოგია. ის ამბობს, რომ ისეთ ბავშვებთანაც უმუშავია, ვისაც სიღარიბის ფაქტორის გამო სახლში სათამაშოც არ აქვს.

ბავშვთა ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ თუ ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარებისთვის საჭირო სათამაშოები ან  სხვადასხვა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა არ გააჩნია, რაც სიღარიბის პირობებში ხშირად ხელმისაწვდომი არ არის, ბავშვის თავის ტვინი სუსტად ვითარდება.

„ადრეულ ასაკში სიღარიბე მართლაც ხშრად იწვევს გონებრივ და ფიზიკურ დარღვევებს. თუ ბავშვს არ აქვს შესაფერისი საკვები, შეფერხებულია მისი განვითრება, სიმაღლე, წონა.  მეორე მხრივ, სიღარიბე არის ერთ–ერთი რისკფაქტორი იმისა, რომ მშობელმა ბავშვზე იძალადოს,“–ამბობს ქეთევან თავართქილაძე.

2009 წლის საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით (ასევე, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა), „სავარაუდოა, რომ ქართველი ბავშვები უფრო მაღალი ალბათობით იცხოვრებენ სიღარიბეში, თუკი ისინი ისეთ ოჯახში დაიბადნენ, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს, სადაც მშობლებს განათლების დაბალი დონე აქვთ, სადაც სამი ან მეტი ბავშვი ცხოვრობს, სადაც ოჯახი მიწას არ ფლობს ან მცირე საცხოვრებელი პირობები აქვს.“

ოფიციალური მონაცემით, 2011 წლის აპრილისთვის საქართველოში 145 665 ოჯახი (მთლიანი მოსახლეობის 12,4 %) ყოველთვიური დახმარებების სახით ფულად საარსებო მინიმუმს იღებდა.

ყველაზე ღატაკი მოსახლეობის უმრავლესობა კი, გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ანგარიშის მიხედვით, ამჟამად მიზნობრივ სოციალურ დახმარებას არ იღებს.

იმის მიუხედავად, რომ 2008 წელს მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“, 2008 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის შეიქმნა სამედიცინო დაზღვევა და მიზნობრივი სოციალური დახმარებები, „ბავშვის უფლებათა კომიტეტი კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული სიღარიბითა და სიდუხჭირით და აღნიშნავს, რომ ბევრი ბავშვის ცხოვრების დონე ძალზე დაბალია. კომიტეტი ასევე სინანულით აღნიშნავს, რომ მონაწილე სახელმწიფოს არ მოუწოდებია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ენიჭება თუ არა პრიორიტეტი ბავშვებს სიღარიბის დაძლევის სტრატეგიაში,“–ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის 2011 წლის ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი