საზოგადოება

კიბოთი დაავადებულების სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება

23 ნოემბერი, 2011 •
კიბოთი დაავადებულების სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება

ექსპერტებმა სხვადასხვა სახეობის კიბოთი დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობის 40 წლის მონაცემები გააანალიზეს.

უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში იმ ბრიტანელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რომელთაც კიბო დაუდგინდათ, 1 წლიდან 6 წლამდე გაიზარდა.–ეს არის იმ კვლევის მონაცემი, რომელიც ონკოლოგიურად დაავადებულთა მხარდაჭერის ბრიტანულმა საქველმოქმედო ფონდმა– Macmillan Cancer Support-მა ჩაატარა.

თუმცა Macmillan Cancer Support–ის თანამშრომლები ამბობენ, რომ თვითონ დაავადებათა რიგითობაში პროგრესი არ შეიმჩნევა. კონკრეტულად კი, საუბარია ფილტვის, კუჭის, საყლაპავი მილის, თავის ტვინისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთა შემთხვევებზე.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძირითადი ყურადღება მიმართულია კიბოს იმ სახეობებზე, რომლებიც მკურნალობას ჯერ ისევ რთულად ექვემდებარება.

„სწორედ დაავადებულთა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელი იძლევა ზუსტ წარმოდგენას სხვადასხვა სახის კიბოს დროს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე–ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი კირან დივეინი–საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია ონკოლოგიური პაციენტის ყველაზე მტკივნეულ კითხვას ვუპასუხოთ: „რამდენი ხანს ვიცოცხლებ?“

მიღებული მაჩვენებლების მიხედვით, კიბოს 6 სახეობის დროს სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წელზე მეტია. ყველაზე დიდი პროგრესი კი ამ მხრივ მიღწეულია მსხვილი ნაწლავის კიბოს შემთხვევაში. მეორე ადგილზე ლიმფომაა.

42 წლის დინა ჰატჩნს დაახლოებით 5 წლის წინათ ექიმებმა კიბო დაუდგინეს. რთული ქიმიოთერაპიის მიუხედავად, ის მიიჩნევს, რომ მაინც გაუმართლა.

„ შესაძლოა ყოფილიყო კიბოს უარესი სახეობა, მაგრამ საბედნიეროდ ეს ლიმფომა აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე უფრო მარტივად ექვემდებარება მკურნალობას,“–ამბობს ის.

თუმცა კიბოს 9 სახეობის დროს სოცოცხლის ხანრგძლივობა 3 წელიწადს არ აღემატება. უკანასკნელი 40 წლის მანძილზე თითქმის არანაირი პროგრესი არ იყო მიღწეული ფილტვის, თავის ტვინისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს მკურნალობის შემთხვევებში.

50 წლის ადრიან ანტვისს გაზაფხულზე ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების თქმით, ის წელიწადზე ნაკლებს იცოცხლებს.  ადრიანი იმედოვნებს, რომ მისნაირი პაციენტების შემთხვევები ახალი იმპულსი იქნება იმისთვის, რომ ასეთი რთული შემთხვევების მკურნალობა შედეგიანი იყოს მომავალში.

Macmillan Cancer Support –ის ექსპერტები ამბობენ, რომ სიცოცხლის გახანგრძლივების მიუხედავად, დაავადებულთა უმეტესობა მკურნალობის შედეგებით იტანჯება. მაგალითად, როგორიცაა: უნაყოფობა, ფილტვებისა და გულის დაზიანება. ბევრი პაციენტი კი ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს.

ამავე თემაზე:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემის მიხედვით, კიბოს გამომწვევ ფაქტორებად გენეტიკური და ის გარემო ფაქტორები მიიჩნევა, როგორიცაა ფიზიკური კანცეროგენები– ულტრაიისფერი და მაიონიზირებელი დასხივება; ქიმიური კანცეროგენები– თამბაქოს გამონაბოლქვის კომპონენტები, საკვები პროდუქტებისა და წყლის დამაბიძნურებელები. ბიოლოგიური კანცეროგენები, –ინფექციები, გამოწვეული ზოგიერთი ვირუსით, ბაქტრიებითა და პარაზიტებით.

კიბოს გამომწვევ ერთ–ერთ მიზეზად ასევე დაბერება მიიჩნევა. ასაკთან ერთად კიბოს განვითარების რისკები მატულობს. რაც შესაძლოა იმის გამო ხდება, რომ წლების მანძილზე ყველა რისკ –ფაქტორის რაოდენობა იზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები მიხედვით, კიბოს გამომწვევ ფაქტორთა 30 % –ის შემცირება მაინც შესაძლებელია:

ეს ის ფაქტორებია, როგორებიცაა:

თამბაქოს მოხმარება, ზედმეტი წონა, საკვებ რაციონში არასაკამრისი ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის მოხმარება, ჰაერის დაბინძურება, გამონაბოლქვები და სხვ.

მასალების გადაბეჭდვის წესი