საზოგადოება

არასაკმარისი აქტივობები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის

8 ნოემბერი, 2011 •
არასაკმარისი აქტივობები სამოქალაქო ინტეგრაციისთვის

კანონის უზენაესობა და ადამიანთა უფლებები, განათლება და სახელმწიფო ენა,  მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება, არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებიც  ”შემწყანარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების ანგარიშის” პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა, რომ საქართველოს ძირითადი საკანონმდებლო აქტების თარგმნის მიუხედავად, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლოეობის  უმეტესობა სამართლებრივი კუთხით ნაკლებად ინფორმირებულია და ის აქტივობები, რაც ამ მიმართულებით ხორციელდება, არასაკმარისია:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ მხოლოდ საკანონმდებლო აქტების თარგმნა საკმარისი არ არის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის:

”ქართულენოვანი მოსახლეობისათვის, რომელიც უზურნველყოფილია ქართული კანონმდებლობით, იურისტის კონსულტაციის გარეშე პრობლემას წარმოადგენს მისი სრულფასოვნად გაგება, ამიტომ მხოლოდ საკანონმდებლო აქტების თარგმნა პრობლემას ვერ მოაგვარებს”-აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.

პრეზენტაციის დროს, ასევე, განიხილეს ეთნიკური უმცირესობების განათლებისა და სახელმწიფო ენის  ცოდნის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები. ანგარიშის მიხედვით, ფოკუს-ჯგუფების მონაწილეებმა  თარგმნილი სახელმძღვანელოების ხარისხი უფრო დადებითად შეაფასეს, ვიდრე უარყოფითად, თუმცა არსებულ პრობლემებს შორის განსაკუთრებულად გაუსვევს ხაზი არასრულფასოვან და არასწორ თარგმნას და სახელმძღვანელოების სიმცირეს.

ზვიად დევდარიანი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA)-ს დირექტორი , ამბობს, რომ სახელმძღვანელოების ხარისხის პრობლემა წლების წინაც გამოიკვეთა და დღემდე აქტუალურია.

” დიალექტის საკითხი მწვავედ დგას, ვინაიდან ლიტერატურულად ნათარგმნი აზერბაიჯანული და სომხური არ ესმით საქართველოში ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, ამ პრობლემას კი ეროვნული უმცირესობებისთვის  ენის სწავლების სტანდარტის შემოღება მოაგვარებს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ისეთ თაობას დაგვანახებს, რომლისთვისაც სალიტერატურო ენაზე შექმნილი სომხური და აზარბაიჯანული სახელმძღვანელოების გაგება არ გაუჭირდებათ”-აღნიშნავს ზვიად დევდარიანი.

მედიის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით  მდგომარეობის გაუმჯობესება შემწყანარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ანგარიშში წერია, რომ გარკვეული ცვლილებები ამ კუთხით განხორციელდა. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ეროვნული არხების გარდა, უმცირესობების ენებზე მომზადებულ პროგრამებს რეგიონული ტელეკომპანიების ეთერით ავრცელებს. გარდა ამისა, 2010 წლის 25 იანვარს ეთერში ახალი რუსულენოვანი ტელეარხი პიკი გავიდა, ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა გაზეთების ”ვრასტანისა” და ”გურჯისტანის” ნომრები. ანგარიშში წერია, რომ ამ ცვლილებების მიუხედავად,  მოსახლეობის ინფორმაციის ძირითად წყაროს კვლავ მეზობელი ქვეყნების ტელეარხები წარმოადგენს.

მარიკა წიქორიძე, ქვემოქართლის მედია ჯგუფის დირექტორი,  ერთ-ერთი საგრანტო პროგრამის ავტორია, რომლის მიზანი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში სოციალური მედიის განვითარებაა :

” სოციალური მედია ავირჩიეთ იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა და ინფორმაციის გაცლა მოხდეს, ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ საკუთარ ენაზე ინფორმაციით და მოხდება ასევე მასალების თარგმნა დანარჩენი მოსახლეობისთვის”- აღნიშნა მარიკა წიქორიძემ.

ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა და მათი კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერა.

შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შესრულების 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ მიზნით 2010 წელს მუსლიმური დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადდა. გარდა ამისა, გაიმართა პეტროს ადამიანისა და ჰეიდარ ალიევის სახელობის თეატრების გასვლითი სპექტაკლები, თუმცა იმავე ანგარიშში ნათქვამია, ეთნიკური უმცირესობებისაგან განსხვავებით, ქართველ ახალგაზრდებს ხშირად მცირედი ცოდნაც კი არ აქვთ არაქართველი თანატოლების ტრადიციების შესახებ.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ანგარიშის ბოლოს შემდეგი რეკომენდაციებია წარმოდგენილი:

”თვითმმართველობისა  და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით ისეთი პროექტები განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას”

” ეთნიკური უმცირესობების ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ღონისძიებებს მივცეთ რეგიონთაშორის ფორმატი”

2005 წელს საქართველოს პარლამენტმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო–კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. კონვენციის თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების უფლებების უზურნველსაყოფად. 2009 წელს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და 5 –წლიანი  სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

შემწყანარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების ანგარიში 2010-2011 წლის გეგმის შეფასებას წარმოადგენს 6 თვის მდგომარეობით.

შეფასება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს მიერ დემოკრატ მესხთა კავშირთან პარტნიორობით განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი