საზოგადოება

ტყე არც ინვესტორისთვის და არც ხალხისთვის

7 ნოემბერი, 2011 • 2654
ტყე არც ინვესტორისთვის და არც ხალხისთვის

სატყეო სააგენტოს მიერ ტყით სარგებლობის შესახებ დაგვიანებულად გაცემული  ლიცენზიების გამო აჭარის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას შეშის კრიზისი აქვს, რადგან მაღალმთიან რეგიონებში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა და თოვლიც მოვიდა, რის გამოც მოსაჭრელად მონიშნული ხეები რთულად მიღწევადია. გამოასწორებს თუ არა აღნიშნულ პრობლემას ”ტყის შესახებ”  ახალი კანონპროექტი?

ტყის ფონდის მართვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობით, მოსახლეობის ტყით სარგებლობის საკითხს ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი–სატყეო სააგენტო უზურნველყოფს. ”ტყის შესახებ” ახალი კანონპროექტით, ტყითმოსარგებლე, რომელიც ამ კანონით, 49 წლის მანძილზე ინვესტორი იქნება, ვალდებულია, ადგილობრივ მოსახლეობას გამოუყოს ტყე საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, მაგალითად, შეშისთვის ან საშენ მასალად.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის დედამიწის მეგობრობის თანათავმჯდომარეს ნინო ჩხობაძეს მიაჩნია, რომ მოსახლეობის შეშით მომარაგებას სათანადოდ ვერც ახალი კანონპროექტი  ”ტყის შესახებ” უზურუნველყოფს. ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი მოსახლეობის ტყითსარგებლობით უფლებებს მნიშვნელოვნად აუარესებს, ვინაიდან, თუ მოქმედი კანონმდებლობით პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება, ახალი კანონპროექტით კი, ის სრულად იხსნის პასუხისმგებლობას და გადადის ინვესტორის ხელში.

”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორს ირაკლი მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ ინვესტრორისთვის ასეთი ვალდებულება მისთვის საინტერესო არ იქნება, რადგან მას კონკრეტული ბიზნესგეგმა აქვს შესასრულებელი და პირველ რიგში ფინანსური ინტერესი აქვს.

”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელს ირაკლი მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ მოსახლეობისთვის საშეშე მერქნით მომარაგების ურუნველყოფა კომპლექსური საკითხია. ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ამბობს, რომ პირველ რიგში მოსახლეობის საჭიროებები უნდა განისაზღვროს:

”უნდა განისაზღვროს ტყის რა რესურსი აქვს ქვეყანას, მეორე ეტაპია,  ამ რესურსებიდან განვსაზღვროთ, რამდენია დაცული ტერიტორია, რომელიც არ შეიძლება გამოვიყენოთ სამეურვეო სამუშაოებისთვის,  იმ ტყეებიდან სადაც მოჭრა დაიშვება უნდა გამოიყოს ადგილები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას დააკმაყოფილებს მისი საჭიროებების შესაბამისად და ამის შემდეგ თუ დარჩა ტყის ნაწილი, ის უნდა გაიყიდოს”- აღნიშნავს ირაკლი მაჭარაშვილი, ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი.

მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე პრობლემის მოსაგვარებლად სატყეო მეურნეობის აღდგენას მოიაზრებს. როგორც მან “ნეტგაზეთს” განუმარტა, სატყეო მეურნეობები საშეშე მერქანის მომზადებას უზურნველყოფენ  და მას მოსახლეობას მიაწვდიან.

მისივე თქმით, საშეშე მერქნის გამოყოფის მაგალითი კომუნალური, იგივე სათემო ტყეებია, რომელიც არის მუნიციპალიტეტზე მიმაგრებული ტყე და მოვლის შედეგად ხდება გარკვეული საფასურის მიხედვით  მოსახლეობა შეშით მომარაგდება.

”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ტყის პრივატიზება უნდა მოხდეს, პრივატიზება შესაძლებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემით, თუნდაც სათემო ტყეების სახით, რომლის მართვის ფორმაც ერთ-ერთი საკუთრების ფორმაა.

ამის საჭიროებას ბუნებისდამცველი ქვეყნის ისტორიული და კულტურული გამოცდილებით ხსნის და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ისტორიული მართვების ტიპის  კერძო, სათემო და საეკლესიო ტყეების აღდგენაზე უნდა იზრუნოს:

”საქართველოს მთიან ტერიტორიებში ყველა ტყეში იციან, ვისია, რომელ გვარს ეკუთვნის  და ისეთ კუთხეებში, როგორიც სვანეთი, ფშავი და ხევსურეთია, გარკვეული სოციალური ურთიერთობები არსებობს, რომელში ჩარევაც პრობლემებს გამოიწვევს, ამიტომ სათემო ტყეების შექმნით თემი თავად გადაწყვეტს, კომერციული მიზნებით გამოიყენებს ტყეს, თუ ჩრდილში მოსასვენებლად”-აღნიშნავს ირაკლი მაჭარაშვილი

მისივე თქმით, ასეთ ტყეებში მოიჯარის შესვლა კომერციული თვალსაზრისითაც არ იქნება მომგებიანი, რადგან დიდი მასშტაბების კომერციული ჭრები ტყის გაჩანაგებას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ეკოლოგიური კატასტროფების ინდიკატორი გახდება.

ის, რომ ტყეების აბსოლუტური გაცემა არ უნდა მოხდეს, ამას  CENN-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილიც ადასტურებს. მას მიაჩნია, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხებს რეგიონულ განვითარებას, ამის შესაჩერებლად კი სათემო ტყეების გამოყოფა მიაჩნია:

“იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება სათემო ტყეების გამოყოფა, ყველა ის კერძო ინიციატივა, რომელიც 49 წლის განმავლობაში შესაძლოა გაჩნდეს რეგიონში, მუნიციპალიტეტში ან სოფელში, წინასწარ იქნება დაბლოკილი და ვეღარ შეეხება წყალს, ტყეს და მინერალურ რესურსებს, რადგან მთელი ტერიტორია კერძო მართვაში იქნება გადაცემული”.

ირაკლი მაჭარაშვილის განმარტებით, კიდევ ერთ პრობლემას ინვესტორის მხრიდან მოსახლეობის საჭიროებების უგულვებელყოფის რეგულაცია წარმოადგენს, ვინაიდან მოცემული კანონპროექტით არ არის გაწერილი, რა სანქციები იქნება მის მიმართ გატარებული:

”ამბობენ, რომ დაისჯება, მაგრამ როგორ, ამ კითხვას ახალი კანონპროექტი პასუხს არ სცემს ”- ნეტგაზეთთან საუბრისას აღმნიშნა ირაკლი მაჭარაშვილი.

ის, რომ კანონპროექტი არასრულყოფილი სახით არის წარმოდგენილი, ადასტურებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი. მისი თქმით, ”ტყის შესახებ”კანონპროექტის მთავარ პრობლემას საკანონმდებლო პაკეტის არარსებობა წარმოადგენს:

”ძნელია, შეაფასო კანონი, თუკი არ იცი, მისი პუნქტების შინაარსში რა არის ჩადებული და გათვალისწინებული.  კი წერია, რომ რეგულირება მოხდება, თუმცა ეს რეგულაციები არის ჰაერში. ხელისუფლებას სურს, ჯერ მიიღოს კანონი და შემდეგ შეიმუშაოს რეგულაციები, ეს შებრუნებული პროცესია”- აღნიშნავს რეზო გეთიაშვილი.

“ტყის შესახებ” ახალი კანონპროექტი პირველის სჯარო განხილვისას, რომელიც 13 ოქტომბერს გაიმართა, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, შემდეგი განხილვა საპარლამენტო კომიტეტში შედგეს, თუმცა განხილვის თარიღი დღემდე უცნობია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი