საზოგადოება

სადავო ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში

2 ნოემბერი, 2011 • 3823
სადავო ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში

რა ხდება სომხეთსა და საქართველოს იმ ეკლესია–მონასტრებში, რომლებსაც ქართული და სომხური ეკლესიები საკუთარ ისტორიულ ძეგლებად მიიჩნევენ და რამდენად დიდია იმის შანსი, რომ ისინი ისტორიულ მემკვიდრეებს დაუბრუნდეს?

„მრავალეროვანი საქართველოს“, სომხეთის საელჩოსა და სომეხთა ასამბლეის მხარდაჭერით ორგანიზებულ ტურში მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს სომხეთში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიების სანახავად გაემგზავრნენ: საქართველოდან ჟურნალისტები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე ისტორიკოსები და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანის“ წარმომადგენლები.

„ძალიან ხშირად გვეკითხებიან, თუ საქართველოში სომხურ ტაძრებზე საუბრობთ, რატომ უვლით გვერდს ქართულ ტაძრებს სომხეთში, რატომ არ საუბრობთ მათზე. სწორედ ამის გამო მოხდა აღნიშნული ტურის ორგანიზება, წამოვიყვანეთ ჟურნალისტები საქართველოდან, რომ საკუთარი თვალით ნახონ ეს ეკლესია–მონასტრები და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია მათ შესახებ“, – ამბობს არნოლდ სტეფანიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი.

სომხეთში, სომხეთ–საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 30 კმ–ში, მდებარე ახტალისა და ქობაირის მონასტრები წლების მანძილზე საქართველოს საპატრიარქოსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დავის საგანს წარმოადგენენ. ამჟამად ახტალის მონასტერში საეკლესიო მსახურება სომხურ ენაზე მიმდინარეობს. ქობაირის მონასტერში კი, სომხეთის მხარე სარესტავრაციო სამუშაოებს ატარებს.

 

კვირას, დილის წირვის შემდეგ, მონასტერსა და მის ეზოში მრევლის მცირე ნაწილიღაა დარჩენილი. ეკლესიის შესასვლელში პატარა მაგიდასთან სანთლებს და საეკლესიო ნივთებსა და ლიტერატურას ყიდიან. მრევლის წევრები საქართველოდან მონასტერში ჩასვლის მიზეზით დაინტერესდნენ. ამბობენ, რომ საქართველოდან ამ მონასტერში ჩასული ბევრი არ უნახავთ.

„როგორც ვიცით, ეს არის ქართული ეკლესია, ეს დეტალებზეც შეიმჩნევა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ საკამათოა მხარეებს შორის. ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს“, –ამბობს მრევლის ერთ–ერთი წევრი ქალბატონი, რომელიც, როგორც ამბობს, ახტალის მონასტერში ერთ წელზე მეტია წირვას ყოველ კვირას ესწრება.

მრევლის წევრი ქალბატონებისგან განსხვავებით მონასტრის წარმოშობის შესახებ არ საუბრობს მონასტერში მოღვაწე ერთადერთი მღვდელი ვიგენ კაზარიანი.

„ჩვენ მხოლოდ ღვთისმსახურებას ვატარებთ, ხოლო ეკლესიებსა და სახელმწიფოებს შორის არსებული საკითხებზე, ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი ვისაუბროთ. რაც არ უნდა გიპასუხოთ, ეს იქნება ჩვენი საკუთარი მოსაზრება და არა – ქვეყნის“,–გვიმარტავს სასულიერო პირი, რომელიც ერთი კვირით ადრე, ერთ–ერთ სომხურენოვან მედია საშუალებასთან ახტალის რესტავრაციაზე საუბრობს.

საქართველოდან სომხეთში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიების სანახავად ჩასულ ისტორიკოსთა თქმით, ტერიტორიები, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონთან ახლოს მდებარეობს, საუკუნეების მანძილზე მუდმივად სადაო იყო.

საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილიმეტრში მდებარე ახტალის მონასტერიც, ქართული ისტორიული წყაროების შესაბამისად, მე–13 საუკუნის დასწყისში ქართველების აშენებული იყო.

ისტორიკოსების ნაწილი ეკლესიის შიდა ფასადის დათვალიერების დროს ამბობს, რომ დაბალი საკურთხეველი, არქიტექტურული და ფრესკული ხელოვნება, წარწერები და საფლავის ქვები ეკლესიაში, ადასტურებს, რომ მონასტერი მართლმადიდებლურია.

„ყველა ეს დეტალი დამახასიათებელია ქვათახევის, სამთავისისა და ბეთანიის ტაძრებისთვისაც. თუმცა არის კიდევ სხვა დეტალები, რომელებიც რეგიონული მახასიათებლებს ატარებს“, – ამბობს ისტორიკოსი გიორგი გაგოშიძე.

დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ, სომხურმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ მონასტერში საეკლესიო მსახურება სომხურ ენაზე ჩატარებულიყო.

საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანის“ ხელმძღვანელი კოტე სვანაძე, რომელიც საქართველოს სომეხთა ასამბლეის, სომხეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ, სომხეთში სადაო ეკლესიების სანახავად მოწყობილ ტურში მონაწილეობდა, ამბობს, რომ რაც ტაძარში ნახა, საქართველოს საპატრიარქოსთვის მიუღებელია.

მისი თქმით, ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის გარკვეული პერიოდის წინ ზეპირი ურთიერთშეთანხმება არსებობდა, რომლის საფუძველზე სომხეთში მდებარე საქართველოსთვის სადაო ეკლესიებში წირვა–ლოცვა იქამდე უნდა შეწყდეს, სანამ საკითხი საბოლოოდ არ გაირკვევა.

„ეს იგივეა, რომ საქართველოში, ნორაშენის ეკლესიაში სომხეთის ეკლესიის დაუკითხავად მსახურება ქართულად ჩატარდეს“,–ამბობს საპატრიაქროს წარმომადგენელი, კოტე სვანაძე.

თუმცა, ნორაშენის ეკლესიაში, რომელიც თბილისში მდებარეობს, ქართულად მართლმდადიდებლური წირვა–ლოცვა ჯერ კიდევ 1994 წელს ჩატარდა. აღნიშნულმა ფაქტმა მაშინ სომხური ეკლესიის შეშფოთება გამოიწვია. ამ შემთხვევის შემდეგ ნორაშენში წირვა შეწყდა და დღეს, ნორაშენის ეკლესია თბილისში მდებარე სხვა სადაო ეკლესიების რიგშია.

კითხვაზე, როგორია საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია თბილისში არსებულ სომხურ სადაო ტაძრებთან დაკავშრებით, კოტე სვანაძე, პასუხობს, რომ ორივე მხარეს აქვს მზაობა შექმნან ერთობლივი კომისია, რომლის მიზანი იქნება, რომ ამ მიმართულებით დაიწყოს მუშაობა, – დაუბრუნდეს საქართველოს თავისი ტაძრები და სომხეთს – თავისი.

„სომხებს აქვს სურვილი კიდევ გახნსნან ტაძრები საქართველოში. ჩვენ შევთავაზეთ, რომ რაც გაკეთდება აქ სომხური, იგივე უნდა გაკეთდეს სომხეთშიც. თუ აქ გაიხსნება სომხური ტაძრები, უნდა გაიხსნას იქაც ქართული“, –განუცხადა მრევლს საქართველოს პატრიარქმა მიმდინარე წლის ზაფხულში, სომხეთის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუკი, ქართულ ეკლესიას ახტალის მონასტერი დაუბრუნდა, როგორ ესახება საქართველოს საპარტრიარქოს ახტალაში მართლმადიდებლური წესით წირვის ჩატარება მაშინ, როდესაც ქართულენოვანი მოსახლეობა სომხეთის ამ ნაწილში ფაქტობრივად არ ცხოვრობს, საპატრიარქოს წარმომადგენელი კოტე სვანაძე პასუხობს, რომ ამ ეტაპისთვის მთავარი ახტალაში სომხურ ენაზე წირვა–ლოცვის შეჩერებაა.

წირვა–ლოცვა არ ტარდება ქობაირის მონასტერში, თუმცა მასში რამდენიმე თვის წინ დაწყებული რესტავრაციები, საქართველოდან ჩასული ისტორიკოსებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მათი თქმით, სანამ მონასტრები სადაოა, მათი რესტავრაციის დაწყება მართებული არ იყო.

ქობარის მონასტერი, რომელიც სომხეთის ქალაქ ალავერდში მდებარეობს, მე–13 საუკუნის შუა პერიოდის ძეგლია. ისტორიკოსთა ნაწილის თქმით, მონასტერზე არის 1272 წლის ქართული წარწერები, სადაც საუბარია ეკლესიის ხელახალ გადახურვასა და რესტავრაციაზე.

„ერთ–ერთ წარწერაზე, ვინმე ბერი გიორგის მიერ შაირით დაწერილი ლექსია. ეს ისეთი ლექსია, რომელსაც შოთა რუსთაველიც დიდი სიამოვნებით მოაწერდა ხელს:

„გამოვედით სულისგან, ცრუქმნილნი და გამომკრთალნი,

გულსა ცეცხლი მომდებია, ამიდიან პირით ალნი,

დიდთა ჩემთა შვებათაგან დამრჩა ჯოხის ნაფერთალნი,

კურთხეულ ხარ ქრისტე ღმერთო შენ და შენი სამართალნი“, –კითხულობს ისტორიკოსი, გიორგი გაგოშიძე.

გიორგი გაგოშიძის თქმით, სომხეთის ტერიტორიაზე აღნიშნული მონასტრების გარდა, კიდევ რამდენიმე სადაო ქართული მართლმადიდებლური ეკლესია–მონასტერია.

„ვფიქრობ, კომპრომისების ძებნა უნდა დაიწყოს ორივე მხარემ. კომპრომისი კი ყოველთვის დათმობაა. საჭიროა უფრო კომპლექსური მუშაობის შედეგად მოხდეს მოლაპარაკება და შემდგომში კონკრეტულ ობიექტზე საუბარი“, – აცხადებს არნოლდ სტეფანიანი.

მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონპროექტის განხილვას საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო აქციები მოჰყვა. საპროტესტო აქციების დროს როგორც საზოგადოების, ასევე, სასულიერო პირების მხრიდან არმენოფობიურ განცხადებები კეთდებოდა.

„მიმდინარე წლის ივლისის მოვლენების შემდეგ, როდესაც 30 ათასი ადამიანი გამოვიდა არმენოფობური ლოზუნგებით, ძალიან დიდი რისკები არსებობდა იმისა, რომ თბილისსა და ჯავახეთში გარკვეულ რადიკალურ ჯგუფებს პროვოკაციები მოეხდინა, საბედნიეროდ, აღმოჩნდნენ ძალები, მათ შორის სასულიერო პირებიც, რომლებმაც ჯანსაღად შეაფასეს მოვლენები და მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ უნდა დამთავრდეს. დღესდღეობით, ურთიერთობები სომხურ და ქართულ ეკლესიას შორის მაინც დაძაბულია. ამ ურთიერთობას ეთნოსებს შორის ურთიერთობაზეც აქვს გავლენა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიტუაცია მოგვარდეს. რადგან ეს საკითხი ყველაზე უფრო მგრძობიარეა, გვინდა ამ საკითხიდან დავიწყოთ მეგობრობის აღდგენა ორ ეკლესიასა და ერს შორის,“ – ამბობს არნოლდ სტეფანიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი