საზოგადოება

მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართულ ოჯახს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

21 აპრილი, 2016 • 2122
მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართულ ოჯახს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

შორენა გ. ოჯახს, სადაც თავისი სამი შვილი მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული, ბავშვების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ნეტგაზეთი დაინტერესდა, როგორ არჩევს სოციალური მომსახურების სააგენტო მიმღებ ოჯახებს და როგორ იქცევა სახელმწიფო მსგავს შემთხვევებში.

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, დაახლოებით 10 კვ.მ. ოთახში, სადაც ორი საწოლი, ორი სკამი და მაგიდა დგას, 11 წლის გიორგი, 7 წლის ანა და 5 წლის ბექა (სახელები შეცვლილია) დედასთან, შორენა გ-სთან ერთად ცხოვრობენ. ოთახში სათავსოები არ არის, ამიტომ ტანსაცმელი ბავშვების ნახატებთან ერთად კედელზე მიჭედებულ ლურსმნებზეა ჩამოკიდებული.

სამივე ბავშვი ოჯახიდან, სადაც მინდობით აღსაზრდელად ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ორი კვირის წინ დედამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე წამოიყვანა, რადგანაც ბავშვებმა თავად აღარ მოინდომეს მიმღებ ოჯახში დაბრუნება და ამის შესახებ დედას უთხრეს.

შორენა გ.-ს თქმით, ბავშვები მინდობით აღზრდაში გადასცა იმიტომ, რომ ავად იყო. ამავდროულად, ჰქონდათ ბინის პრობლემა. მას სოციალურმა მუშაკმა შესთავაზა ოჯახი, სადაც 2014 წლის სექტემბერში ბავშვები გადაიყვანეს.

ოთახი, სადაც ოთხი ადამიანი - დედა და სამი შვილი ცხოვრობს

ოთახი, სადაც ოთხი ადამიანი – დედა და სამი შვილი ცხოვრობს

თავდაპირველად  მიმღები ოჯახით კმაყოფილი იყო:

“სკოლაშიც მათ დაჰყავდათ, იყვნენ ძალიან მოწესრიგებულები, სუფთები, გასუქდნენ ბავშვები კიდეც…  გადის პერიოდი და იწყება მათი კონფლიტი,”- ამბობს ის.

შორენა გ-ს თქმით, ბავშვებს მიმღებ ოჯახში სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. იგი იხსენებს, რომ უმცროსი შვილის თქმით, მიმღებ ოჯახში ფეხზე ისე დაარტყეს, რომ სიარული უჭირდა, უფროს ვაჟს მობილური ტელეფონის მოპარვა დააბრალეს და ამის გამო სცემეს.

“[ბავშვი] მეუბნება, თმებში მომკიდებდნენ ხელს, მათრევდნენ და მერე ძირს დამაგდებდნენ, წიხლს მირტყამდნენო,”- ამბობს ის.

იგი ამბობს, რომ საქმის კურსში სოციალური მუშაკიც ჩააყენა. სოციალურმა სამსახურმა კი მას შემდეგ, რაც შორენა გ-მ ბავშვები გამოიყვანა, პოლიციას მიმართა და გამოსაკითხადაც დაიბარეს.

თავად შორენა გ. ამბობს, რომ მას პოლიციისთვის მიმართვა არ სურდა, თუმცა მიმართა სოციალურ მუშაკს. მას იმედი აქვს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო დაეხმარება.

“მთავარია, მათ ბავშვები აღარ ანდონ და ისევ ისე არ დატანჯონ, როგორც ჩემი ბავშვები,”- ამბობს შორენა გ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე შესწავლა მიმიდნარეობს და თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, გამოძიება დაიწყება.

რას ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის, ეთერ ცხაკაიას თქმით, როდესაც სოციალურმა მუშაკმა ბავშვები ნახა, განაცხადა, რომ მათ ძალდობის კვალი არ აღენიშნებოდათ.

ეთერ ცხკაია ასევე ამბობს, რომ მიმღები მშობელი, თავის მხრივ, უარყოფს ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. მისივე თქმით, იმ ერთწლიან პერიოდში, რაც მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ,  სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული  მონიტორინგის დროს მიმღები მშობლის მხრიდან ძალადობის ნიშანიც არ ყოფილა.

მისივე თქმით, სოციალურმა მუშაკმა გამოთქვა სურვილი, ენახა, ბავშვს თუ ჰქონდა ტრავმები, მაგრამ დედამ არ დაანება და სოციალურ მუშაკს განუცხადა, რომ შემთხვევა მოხდა 2 კვირის წინ და ბავშვს აღარაფერი ეტყობოდა.

ნეტგაზეთთან საუბრისას ცხაკაიამ ასევე აღნიშნა, რომ მაისისთვის ამზადებდნენ ბავშვებს დასაბრუნებლად, რომ რეინტეგრაცია, ბიოლოგიურ დედასთან დაბრუნება მომხდარიყო. მისივე განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობდა როგორც სოციალური მუშაკი, ასევე ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია  World Vision.

“აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ეს განცხადება მისი მხრიდან. ასევე მინდა განვაცხადო, რომ მიმღები მშობელი 2012 წლიდან არის მიმღები მშობელი და მის ოჯახში არაერთი ბავშვი განთავსებულა და არასდროს მიმღები მშობლის მხრიდან არ დაფიქსირებულა ასეთი ძალადობრივი ქმედება,”- ამბობს ცხაკაია.

იგი იმედოვნებს, რომ შსს მოიკვლევს და სიმართლეს დაადგენს.

რა კრიტერიუმებით არჩევს სააგენტო მიმღებ ოჯახს?

კრიტერიუმები, რომლითაც სოციალური მომსახურების სააგენტო მიმღებ ოჯახს არჩევს, კანონით არის გაწერილი.

კერძოდ, დედობილი ან მამობილი შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რის გამოც ბავშვის აღზრდას ვერ შეძლებს; არ აქვს ჩამორთმეული მშობლის ან მეურვის უფლება; არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის; არ არის ნასამართლევი დანაშაულში ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ; მისი სარეიტინგო ქულა არის არანაკლებ 100 000 და ა.შ.

ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ  სოციალური მუშაკი მიმღები ოჯახის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქო-სოციალურ კვლევასაც ატარებს.

მინდობით აღზრდის პროცედურების თანახმად, როდესაც ბავშვი მინდობით აღზრდაში გადადის, პირველი თვის განმავლობაში სავალდებულოა სოციალური მუშაკის არანაკლებ ოთხი ვიზიტი, შემდეგ კი – თვეში არანაკლებ ერთხელ.

ეთერ ცხაკაია აღნიშნავს, რომ აქ საუბარია მინიმალურ ვიზიტებზე და რეალობა აჩვენებს, რომ სოციალური მუშაკი მიმღებ ოჯახში უფრო ხშირად მიდის.

იგი განმარტავს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში არის კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც პერიოდულად, შერჩევით ახორციელებს მონიტორინგს და გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინსიტროს აქვს მონიტორინგის სამმართველო, რომელიც ასევე შერჩევით ახორციელებს მიმღები ოჯახების მონიტრონგს.

2016 წლის აპრილის მონაცემებით, მინდობით აღზრდის პროგრამაში 1270 ბავშვია ჩართული. ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ შემთხვევები, როდესაც ბავშვზე ძალადობის მიზეზით ხდება მიმღებ ოჯახთან ხელშეკრულების შეწყვეტა, ძალიან იშვიათია.

რა ელის შორენა გ-ს და ბავშვებს?

ამ დროისთვის შორენა გ-ს მუდმივი შემოსავალი არ აქვს. იგი ერთ-ერთ ბანკში დამლაგებლად მუშაობდა, თუმცა ის ბანკი დაიკეტა. მისივე თქმით, სოციალური დახმარება შეჩერებული აქვს, ვინაიდან შემფასებლებმა უთხრეს, რომ შრომისუნაირიანი იყო. იგი ასევე ამბობს, რომ სჭირდება მკურნალობა და იღებს დამამშვიდებლებს.

ამ დროისთვის ბავშვები მასთან ცხოვრობენ, ის კი ამბობს, რომ ფული არ აქვს და დახმარებას ელოდება:

“მარილი გამოვართვი მეზობელს, მარილის ფულიც აღარ მქონდა,”- ამბობს ის.

ოთახში არსებული ერთადერთი მაგიდა, რომელზეც დევს ბავშვების წიგნები, სახატავი რვეულები და კონტეინერები უფასო სასადილოდან მოტანილი საკვებით. ერთ მათგანში წიწიბურაა, ხოლო მეორეში - მაწვნის სუპი.

ოთახში არსებული ერთადერთი მაგიდა, რომელზეც დევს ბავშვების წიგნები, სახატავი რვეულები და კონტეინერები უფასო სასადილოდან მოტანილი საკვებით. ერთ მათგანში წიწიბურაა, ხოლო მეორეში – მაწვნის სუპი.

რადიო და სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ

რადიო და სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ

ეთერ ცხაკაიას თქმით, არსებობს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახამრების ქვეპროგრამა, სადაც საჭიროებები შეფასდება და ოჯახს დაეხმარებიან საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა ნივთებით. მისი თქმით, იგეგმება ბავშვებთან ფსიქოლოგის ჩართვაც. გარდა ამისა, ბავშვებს, რომლებიც  სახელმწიფო მზრუნველობაში არიან, სახელმწიფო რეინტეგრაციის თანხასაც გადასცემს, რაც ერთ ბავშვზე 90 ლარს შეადგენს.

“ფაქტია, რომ ახლა ბავშვებს არ უნდათ დედისგან წამოსვლა და უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად იმაზე, რომ რაც შეიძლება დაცული იყვნენ ისინი დედასთან, იყვნენ კომფორტულად და, რაც მთავარია, მათი ყველა უფლება იყოს დაცული. ამას ჩვენ ძალიან გავაკონტროლებთ,”- ამბობს ის.

მარინა მენთეშაშვილმა, World Vision საქართველოს პროგრამის “ოჯახის მხარდამჭერი ღონისძიებები ბავშვთა კეთილდღეობისთვის” მენეჯერმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მათი ორგანიზაცია შეძლებს, რეინტეგრაციის პროცესში ოჯახი 2 თვის განმავლობაში ბინის ქირით (თვეში მაქსიმუმ 150 ლარით) და 3 თვის განმავლობაში საკვებით უზრუნველყონ. ორგანიზაციას აქვს დასაქმების პროგრამაც. მენთეშაშვილის თქმით, მათი წარმომადგენელი ოჯახში დღეს, 21 აპრილს მივა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა სახალხო დამცველის ოფისსაც. ომბუდსმენის პრესსამსახურის განცხადებით, მათთვის ამ შემთხვევის შესახებ არ მიუმართავთ, თუმცა გეგმავენ, თავად დაინტერესდნენ და ჩაერთონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი