საზოგადოება

მასწავლებელთა ტესტირება პოლიტიკურ მრწამსზე

11 ოქტომბერი, 2011 • 1390
მასწავლებელთა ტესტირება პოლიტიკურ მრწამსზე

როგორ იყენებს მასწავლებლებლებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და რა რეაქცია აქვთ ამაზე თავად პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს?

„საარჩევნოდ სკოლაში დგებოდა მასწავლებელთა სიები, მისამართებით, რათა ზუსტად სცოდნოდათ, ვინ არის მმართველი პარტიის მხარდამჭერი“, –ყვება თბილისის 149–ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, მაია გიორგაძე, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე სკოლიდან დაითხოვეს.

ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სკოლის დირექტრობის პარალელურად საარჩევნო კომისიის წევრობაც მოუწია.

„წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიერ უფრო აქტიურად ხდება ხოლმე საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანების გამოყენება. კომისიის თავმჯდომარეებად ნიშნავენ მასწავლებლებს. ბევრი სკოლის დირექტორიც იყო ჩართული ამ საარჩევნო პროცესში“, –ამბობს “სკოლის დირექტორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, თეა თუთბერიძე.

ის, რომ  წლების მანძილზე ხელისუფლებას საჯარო სკოლებში მომუშავე ადამიანების მხარდაჭერა არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში სჭირდება, მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის ყოფილი ხელმძღვანელი მანანა ღურჭუმელიძეც ადასტურებს.

„დამირეკა ქუთაისიდან მასწავლებელმა და მითხრა, რომ სკოლის დირექტორმა დაავალა მათ ანკეტის შევსება, სადაც ეკითხებოდნენ მისი და ოჯახის წევრების პოლიტიკურ მრწამსს. სასწრაფოდ გადავაღებინე ასლი ამ კითხვარისთვის, გადავთარგმნე და გავუზავნე საელჩოებს. ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა მოინდომა ამ მასწავლებელთან შეხვედრა. მოვაწყვე ეს შეხვედრაც, სასწრაფოდ დავურეკე მინისტრს, ნიკა გვარამია იყო მაშინ განათლების მინისტრი. მან მითხრა, რომ ეს იყო რაღაც შეცდომა და სასწრაფოდ გამოასწორებდა ყველაფერს. ასეც მოხდა.  სამწუხაროდ, მაშინ 120 მასწავლებლიდან პროტესტი მხოლოდ ერთმა გამოთქვა“, – ამბობს მასწავლებელთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც თანამდებობა 2010 წელს დატოვა და კანადაში წავიდა. მან საქართველოდან წასვლის მიზეზად მაშინ სახელმწიფო სტრუქტურებისგან მისი და საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ დევნა დაასახელა.

მანანა ღურჭუმელიძის თქმით, მისი მასწავლებელთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ხელმძღვანელობის დროს, აღნიშნული კავშირი მასწავლებლებისთვის ერთგვარ ფარს წარმოადგენდა, რაც, მისი თქმით, ამჟამინდელი სიტუაციისგან მკვეთრად განსხვავდება.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, მაია კობახიძის თქმით, მისი აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არც ერთ მასწავლებელს არ მიუმართავს კავშირისთვის საჩივრით, რომ მათი პოლიტიზირება სურს ვინმეს.

“15 000 დასაქმებული გაათავისუფლეს სასწავლო დაწესებულებიდან და ის არ გაუგია მაია კობახიძეს. რა გასაკვირია, არ იცოდეს, ზეწოლა არის თუ არა მასწავლებლებზე. ის არ გამოხატავს მასწავლებელთა პოზიციას, ის პეტრიაშვილს წარმოადგენს მასწავლებელთა აღარარსებულ პროფკავშირში. სწორედ იმიტომ, რომ ვერაფერს ხედავდეს და არაფერი ესმოდეს”, –ამბობს კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი.

თვითონ მასწავლებლებმა მათ პოლიტიზირებასთან ან რომელიმე პარტიის ინტერესებისათვის მათ გამოყენებასთან დაკავშირებით უკანასკნელი წლების განმავლობაში პროტესტი 2009 წელს გამოხატეს, როდესაც ქუთაისის დრამატულ თეატრში ექიმებთან, პროფესორ–მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად პედაგოგებიც შეიკრიბნენ და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება გააპროტესტეს.

დღეს მსგავსი ღია პროტესტი პედაგოგთა მხრიდან აღარ არსებობს. როგორც 149–ე საჯარო სკოლის დათხოვილი დირექტორი მაია გიორგაძე ამბობს, დღეს სკოლებში ძალიან ცოტა დარჩა 2007 წელს გამოცდებით მოსული პედაგოგი, ვინაიდან, მისი განმარტებით, ძირითადად, მმართველი პარტიის მოყვანილი კადრებით არის სკოლები დაკომპლექტებული, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დაინიშნენ.

149–ე საჯარო  სკოლის ყოფილი დირექტორი ყვება, რომ მისი დირექტორობის დროს მასთან ადგილობრივი თვითმმართველობიდან რეკავდნენ,  მათი რეკომენდაციით პედაგოგი რომ დაენიშნათ.

„მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, მიმეღო მასწავლებელი პარტიული ნიშნით, მაშინ, როცა კონკურსის წესი არსებობს. როგორც ჩანს, ამაზე განაწყენდნენ და ჩემი გათავისუფლების რეალური მიზეზი სწორედ ის იყო, რომ არ ვაკმაყოფილებდი მათ პარტიულ ინტერესებს. ჩემ ნაცვლად კი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი ლოტკინის დასახლებაში დანიშნეს დირექტორად. ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი მაშინ, როდესაც ის რესურს–ცენტრმა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოიყვანა”, –ამბობს ყოფილი დირექტორი.

მასწავლებელთა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საუბრობდა მიმდინარე წლის ზაფხულში “რესპუბლიკური პარტიის” წევრი თინათინ ხიდაშელიც. ხიდაშელის თქმით, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, სოფელ დიღმის საჯარო სკოლიდან პედაგოგი მარინა ბროლაძე სწორედ პარტიული ნიშნით გაათავისუფლეს.

149–ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი, მაია გიორგაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლების მიუხედავად, სკოლაში ისევ რჩება მისი დირექტორობის დროს კონკურსის წესით მიღებული რამდენიმე პედაგოგი, რომლებიც უკვე მმართველი პარტიის მხარდამჭერები გახდნენ.

„ისეთი რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, ართმევს მათ თავიანთი სურვილის დაფიქსირების და გამოხატვის უფლებას. თუ წინააღმდეგობას გაუწევენ, ისინი დაკარგავენ სამსახურს, უფრო მეტიც, შეიძლება მათი ოჯახებიც საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს უკანონობა და უზნეობაა“, –ამბობს მასწავლებელთა თავისუფალი კავშირის ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა ღურჭუმელიძე

2011 წლის 7 ოქტომბერს საჯარო სკოლების მასწავლებლები და დირექტორები, სხვადასხვა სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტთან შესახვედრადაც მივიდნენ. მასწავლებლების უმრავლესობა ამბობდა, რომ ადგილობრივი რესურს–ცენტრების დავალებით, ისინი თავისუფლების მოედანზე გამართულ შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ.

”ბრძანების ან მუქარის ფორმა არ ყოფილა, მაგრამ, აბა რა, უნდა მივიდეთ”, – განაცხადა ერთ–ერთმა მასწავლებელმა.

„ძალიან რეალურია, რომ ადამიანმა მოინდომოს სხვა ქვეყნის პრეზიდენტის ნახვა, მაგრამ პედაგოგთა დღევანდელი სოციალური გაჭირვების ფონზე პედაგოგებს არ გაუჩნდებოდათ სურვილი, მსგავს ღონისძიებას დასწრებოდნენ. წლების განმავლობაში მქონდა ამ ადამიანებთან ურთიერთობა და ეს კარგად ვიცი“, – ამბობს ყოფილი დირექტორი.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ხელმძღვანელს, მაია კობახიძეს კი მიაჩნია, რომ შესაძლებელია მასწავლებლებს თვითონ გაუჩნდათ სურვილი, ჩამოსულიყვნენ სხვადასხვა რეგიონიდან საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

„ჩვენ უნდა გვქონდეს ფაქტები. ჭორის დონეზე ვერ ვიტყვით ვერაფერს, არავის მოუმართავს, რომ ძალით წამოიყვანეს”, – ამბობს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელი.



მასალების გადაბეჭდვის წესი