ნეტგაზეთი | რა ბედი ელით “წითელი წიგნის” სახეობებს რა ბედი ელით “წითელი წიგნის” სახეობებს – Netgazeti
RU | GE  

რა ბედი ელით “წითელი წიგნის” სახეობებს

ნადირობის მსურველებს ეროვნულ  “წითელ წიგნში“ შეტანილი იშვიათი სახეობების მონადირება შეეძლებათ, იმ შემთხვევაში, თუკი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამტკიცდება.

ნადირობის მსურველებს ეროვნულ  “წითელ წიგნში“ შეტანილი იშვიათი სახეობების მონადირება შეეძლებათ, იმ შემთხვევაში, თუკი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამტკიცდება.

გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებსა და ფრინველებზე ნადირობა დასაშვები იქნება ეროვნულ პარკებში და დაცულ ტერიტორიებში ყოველგვარი წინასწარი შეფასების გარეშე და შეუზღუდავი ლიმიტით.

კანონში ამ ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით ასოციაცია “მწვნე ალტერნატივამ“ და სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა “ნეკრესმა“ გუშინ, 27 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტს განცხადებით მიმართეს.

გარემოს დამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი, ძირითადად, სანადირო ტურიზმის გასაძლიერებლად  და მოკლევადიან კომერციულ  ეფექტზეა გათვლილი.

„ნაკრესის“ გამგეობის თავმჯდომარე ირაკლი შავგულიძე მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი ცალსახად უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.

გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ კანონპროექტის ინიციატივა წინასწარი კვლევებისა და შეფასებების გარეშე წარადგინა, რაც, მათი აზრით, დაუშვებელია. ისინი განმარტავენ, რომ ეს კანონი ეკოსისტემაში დისბალანსს გამოიწვევს.

მათი რეკომენდაციით, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ნადირობაზე კვოტების დაწესება, რაც მოხდება წითელი ნუსხის სახეობების აღრიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა პოპულაციის ბალანსი.

„ნებისმიერ რესურსს, განსაკუთრებით, ბიოლოგიურ რესურსს, სანამ დაგეგმავ მის მოპოვებას და გამოყენებას, წინასწარ უნდა ჩაატარო კვლევა და აღწერა, რომლის შემდეგაც შეგიძლია განსაზღვრო, თუ რა რაოდენობის გამოყენებაა შესაძლებელი ისე, რომ ამან ბუნებაში არ გამოიწვიოს კომპლექსური დისბალანსი“, –  ამბობს შავგულიძე.

იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში მსგავსი აღწერა და შეფასება არ ჩატარებულა.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენი ჯიხვი ან ნიამორია საქართველოში, რომ განვსაზღვროთ ნადირობის კვოტა. ამ სახეობებზე ნადირობის დაშვება კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს“.

„მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილიც ფიქრობს, რომ წითელ წიგნში შესულ სახეობებზე და თანაც, დაცულ ტერიტორიებზე ყოველგვარი კვოტირებისა და განუსაზღვრელი ლიმიტების გარეშე ნადირობა სავალალო ვითარებას გამოიწვევს.

ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა ამ კანონმა სანადირო ტურიზმი განავითაროს და ამ გზით მოკლე პერიოდში შესაძლოა დიდი თანხა შემოვიდეს ქვეყანაში.  მაგრამ ამ მოვლენას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს – თუკი ნაკრძალებში ნადირობა დაიშვება, მაშინ ეს ტერიტორიები ეკოტურისტებს ვეღარ მიიღებს.

მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ, მართალია, ერთი მონადირე ტურისტი უფრო მეტს გადაიხდის, ვიდრე ათი ან ოცი ეკოტურისტი, მაგრამ სანადირო ტურიზმი ძალიან მოკლე ხანში გადაშენების საფრთხის წინაშე დააყენებს იშვიათ სახეობებს. ამან კი შეიძლება ეკოსისტემაში კომპლექსური დარღვევბი გამოიწვიოს.

რაც შეეხება ნადირობაზე მონიტორინგს, კანონპროექტში ნახსენებია, რომ კონტროლი წითელი ნუსხის სახეობებთან დაკავშირებით დაეკისრება გარემოს დაცვის სამინისტროს. თუმცა, ამავე კანონპროექტის განმარტებით, ბარათში წერია, რომ საბიუჯეტო სახსრების გაზრდა და ახალი სტრუქტურების შექმნა ან არსებულის გაფართოება არ იგეგმება. ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგანაც გარემოს დაცვის ინსპექცია გაუქმდა და, შესაბამისად, თუკი არ იგეგმება ახალი სტრუქტურების შექმნა ან გაფართოება, ნადირობაზე მონიტორინგი რეალურად ვერ განხორციელდება.

კანონპროექტის წარმდგენ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ, სანამ პროექტის განხილვა არ მოხდება.

ამავე თემაზე:

ნადირობის კანონპროექტის შესახებ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანა წიკლაური