საზოგადოება

Made in Georgia

20 სექტემბერი, 2011 • 1834
Made in Georgia

ნაციონალური ბრენდების ჩამონათვალი საქართველომ სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთსაც  გაუგზავნა.

18 სახეობის ღვინო, ჭაჭა, მინერალური წყლები, ყველის სახეობები, ჩურჩხელა და მაწონი,  საქპატენტმა ნაციონალურ ბრენდებად დაარეგისტრირა. შესაბამისად, ამ დასახელებების პროდუქტი გასაყიდად სხვა ქვეყნებში მხოლოდ საქართველოდან უნდა შეიტანონ.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ღვალაძე ამბობს, რომ სწორედ რუსეთი იყო საქართველოსთვის ყველაზე დიდი პრობლემა, რადგან ბოლო დროს როსპატენტში სხვადასხვა ქართული დასახელების საკუთრების რეგისტრაციაზე მოთხოვნით განაცხადები დიდი რაოდენობით შედიოდა.

2004 წლის რუსეთ–საქართველოს სამთავრობო შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ, რომელიც საქართველოს გაფორმებული აქვს ასევე, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან და დსთ–ს სივრცეში სხვადასხვა ქვეყანასთან, გულისხმობს საპატენტო სიების გაცვლას, რომ არ მოხდეს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული პროდუქციის სხვა ქვეყნაში დარეგისტრირება.

საქპატენტის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ ქვეყნებს ეცნობოს ქართული სიის შესახებ და მისი განმეორებითი რეგისტრაცია არ მოხდეს. მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ამა თუ იმ პროდუქციის ფალსიფიკაციის რისკებსაც ამცირებს.

„მაგალითად, ჩვენთან აღარ ხდება კონიაკის ან შამპანურის სახელით ქართული პროდუქციის გაყიდვა, იმიტომ, რომ ეს ფრანგულია და ყველამ იცის. ამ ბრენდებს ქართულ დასახელებებში ვეღარ ნახავთ“, –ამბობს ღვალაძე.

ქართულ დასახელებებში აღარ არის ასევე ევროკავშირის ქვეყნებში დაცული 4200 პროდუქციის ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქცია.

თავისი 37 დასახელების ქართული პროდუქციის ჩამონათვალი კი საქართველომ სხვადასხვა ქვეყანში ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გაგზავნა.

იმის გამო, რომ საქართველო–რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, როგორც საქპატენტში ამბობენ, აღნიშნული ნუსხის გადაგზავნა რუსეთში დიპლომატიური ქსელის მეშვეობით მოხდა.

საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურების თანახმად კი, ქვეყნის შესაბამისმა უწყებამ აღნიშნული ჩამონათვალი ჯერ უნდა განიხილოს, შემდეგ კი სამართლებრივად უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს განმეორებით იმავე პროდუქციის დარეგისტრირება.

საქართველოს კი შეუძლია მხოლოდ კონკრეტულ ფაქტებზე მოახდინოს გარკვეული რეაგირება– აცნობოს ამა თუ იმ ქვეყნის შესაბამის ორგანოს, თუ სად იყიდება მისი ფასლიფიცირებული პროდუქცია.

ღვალაძის თქმით, მას არ აქვს იმის ილუზია, რომ, მაგალითად, სოჭში, ბაზარში ვინმე გამყიდველი ჩურჩხელას  ჩურჩხელას არ დაარქმევს და ისე არ გაყიდის.

„მაგრამ რეალურად მომხმარებელს ჩურჩხელას ნამდვილი გემო თუ აინტერესებს, ის აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს დამზადებული ქართული ყურძნის ბადაგისგან. იმავე ინგრედიენტით კი სხვაგან ვერ დამზადდება, რადგან ღვინოს აქედან ასე ვერავინ გაიტანს“, –ამბობს ღვალაძე.

საქართველოს მიერ პროდუქციის დარეგისტირირება  იმასაც გულისხმობს, რომ რუსეთიდან ამ სახელწოდების პროდუქცია სხვა ქვეყნებშიც ვეღარ შევა.

„ახლა ველოდებით რუსეთის ოფიციალურ რეაქციას. რაც ინტერნეტით ვრცელდება მედიაში, ყველაფერი არაოფიციალურია, თუმცა ზოგად  განწყობას მაინც ქმნის“, –ამბობს ღვალაძე.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში რუსულ ნაციონალურ ტელეარხებსა და ინტერნეტ–მედიაში ყველაზე აქტუალური თემა საქართველოს შესახებ სწორედ ქართული ბრენდების დარეგისტირებაა.

რუსულმა მედიამ საზოგადოებას ქართული ბრენდების შეცვლილი სახელების ვარიანტებიც შეთავაზა. მაგალითად, HTB -ზე გასული სიუჟეტის მიხედვით, ყველს, რომელსაც რუსეთში სულგუნის სახელით ყიდიან, შესაძლოა „დუშა  ი სერდცეს“ (სული და გული),  ხოლო ჩურხელა – „გამხმარი კაკლიანი ძეხვის“ სახელით გაიყიდოს.

საქპატენტში ამბობენ, რომ ქართული ნაციონალური ბრენდების დარეგისტრირების საკითხი რუსეთში ირონიის საგანიც გახდა.

„გარდა ამისა, პრესაში არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხაჭაპური და ხინკალიც დავარეგისტრირეთ. ეს ასე არ არის. კერძების დაცვაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანდა“,–ამბობს ირაკლი ღვალაძე.

ჯერჯერობით, საქართველომ ჭაჭა, ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი, ჩურჩხელა, მაწონი, სულგუნი, სვანური სულგუნი, მეგრული ყველი, ქართული ყველი, თუშური გუდა, მესხური ჩეჩილი, დამბალხაჭო და რძის სხვადასხვა პროდუქტი და ღვინის სახეობები: წინანდალი, თელიანი, მუკუზანი, ქინძმარაული, ახაშენი, ხვანჭკარა და ღვინის კიდევ 11 სახეობა ადგილმდებარეობის დასახელებების მიხედვით დაარეგისტრირა.

როგორც საქპატენტში ამბობენ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ სიის შემუშავებაზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

„ეს იყო ძალიან შრომატევადი საქმე,  ვინაიდან ამ დასახელებების უკან დგას ძალიან სერიოზული დოკუმენტაცია, რომელიც უკვე გავასაჯაროვეთ. ეს ის პროდუქციაა, რომელიც მხოლოდ საქართველოში მზადდება, ტრადიციული და სფეციფიკური ცოდნიდან გამომდინარე. სია მომავალში კიდევ გაიზრდება. ამაზე უკვე ვმუშაობთ.“, –ამბობს ღვალაძე.

ღვალაძე არ გამორიცხავს, მსოფლიოში საპატენტო და ბრენდების დავების შემთხვევების გათვალისწინებით, აღნიშნულ ჩამონათვალთან დაკავშირებითაც ვინმეს რაიმე პრეტენზია გაუჩნდეს, თუმცა მათ, როგორც ღვალაძე ამბობს, კარგად უნდა დაასაბუთონ ის, რომ,  მაგალითად, სულგუნი ქართული პროდუქტი არ არის.

რუსულ საინფორმაციო გამოშვებებში მსგავსი პრეტენზიები მაწონთანაც დაკავშირებით უკვე გაისმა. ერთ–ერთი სიუჟეტის მიხედვით, მაწონზე, როგორც ეროვნულ პროდუქტზე, სომხეთიც აცხადებს პრეტენზიას.

„მაწონზე ოფიციალურ დონეზე პრეტენზია ჯერ არავის გამოუხატავს. მითუმეტეს, ამ დასახელებული პროდუქტებიდან სომხეთს არც ერთი არ აქვს ოფიციალურად დარეგისტრირებული“, –ამბობს საქპატენტის ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი