საზოგადოება

რელიგიური უმრავლესობა, უმცირესობა და თანასწორობა საქართველოში

6 ივლისი, 2011 • 4222
რელიგიური უმრავლესობა, უმცირესობა და თანასწორობა საქართველოში

 

როგორ განსაზღვრა პარლამენტმა რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის საკითხი, რას და რატომ ითხოვს მართლმადიდებლური ეკლესია და დაიწყებს თუ არა პარლამენტი მუშაობას ცვლილებებზე საგადასახადო კოდექსში, რომელმაც რელიგიური უმცირესობებისთვის შეღავათებზე ისეთივე ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს, როგორიც კონსტიტუციური შეთანხმებით, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს?

 

საკანონმდებლო ცვლილება

ცვლილებები კანონში, რომელიც 5 ივლისს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა, ყველა რელიგიურ გაერთიანებას აძლევს შესაძლებლობას, დარეგისტრირდნენ როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები. აქამდე ამის შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰქონდა.

აქამდე არსებული კანონმდებლობით რელიგიურ უმცირესობებს, იმისათვის რომ იურიდიული სტატუსი მიეღოთ, შეეძლოთ დარეგისტრირებულიყვნენ კერძო სამართლის არაკომერციული ერთეულად.    5 ივლისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რომელიც რელიგიურ გაერთიანებას არჩევანის უფლებას აძლევს – მათ შუძლიათ დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, ამავე დროს ეს პუნქტი არ ზღუდავს რელიგიურ გაერთიანებას,  სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდეს კერძო სამართლის არაკომერციულ იურიდიულ პირად ან მოღვაწეობდნენ როგორც არარეგისტრირებული კავშირები. საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ცვლილებების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები, ან ისეთი რელიგიები, რომლებიც ევროპის საბჭოს ქვეყნებში არიან აღიარებული რელიგიურ გაერთიანებებად.

როგორ უნდა დაადგინოს საჯარო რეესტრმა რელიგიური გაერთიანებების ისტორიული კავშირი საქართველოსთან – ეს გაუგებარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივან თათული თოდუასთვის.

 

არის თუ არა ცვლილება მნიშვნელოვანი რელიგიური უმცირესობებისთვის

სამართლებრივი სტატუსი არ წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს სხვადასხვა ანგარიშში, რომელიც საქართველოში რელიგიის თავისუფლების საკითხებს შეეხება, თუმცა მასზე საუბარი ნამდვილად არის. საქართველოს ომბუდსმენის 2010 წლის ანგარიშის მიხედვით პრობლემურია ის, რომ «რელიგიური გაერთიანებების ერთი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაზე»,  თუმცა ომბუდსმენის რეკომენდაციებში ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბარი არ არის, განსხვავებით სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომელსაც ქვემოთ შევეხებით. უფრო ვრცლადაა ეს საკითხი აღწერილი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხების ბიუროს 2010 წლის ანგარიშში «რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ».

«ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ რელიგიური ჯგუფის ნაცვლად ასეთი ტიპის [კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი] ერთეულად უწევდათ დარეგისტრირება, იურიდიული სტატუსისა და საგადასახადო შეღავათის მიღების მიზნით», წერია ანგარიშში .

ამ ანგარიშის მიხედვით, «კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავდნენ უკმაყოფილებას რეგისტრაციის ვარიანტებთან დაკავშირებით, რაც, მათი განცხადებით, “ღირსებისშემლახავი” იყო. აღნიშნულ უკმაყოფილებას ბაპტისტები და იეღოვას მოწმეებიც იზიარებდნენ».

«ღირსებისშემლახავი» ეს საკითხი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ არათანაბარი ხელმისაწვდომობის გამო სამართლებრივ სტატუსზე, რადგანაც ასეთი სტატუსი აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, მიაჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომ ყველა რელიგიური გაერთიანებას უნდა ჰქონდეს თანაბარი ხელმისწავდომობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსზე. თორემ, ზოგადად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ არის ის ფორმა, რომლითაც რელიგიური გაერთიანებები უნდა რეგისტრირდებოდნენო, – აღნიშნა საიას წარმომადგენელმა თათული თოდუამ «ნეტგაზეთთან» საუბარში. მისი განმარტებით ეს სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ მოგვარდება ის საკითხები, რაც რელიგიურ უმცირესობებს აქვთ საკუთრებასთან დაკავშირებით, ან მათზე გავრცელდება ისეთივე საგადასახადო შეღავათები, როგორიც მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს კონკორდატის მიხედვით.

«ჩვენი ეკლესიისათვის ყოველდღიურ საქმიანობაში ამ სტატუსის არქონა ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა იმ ფონზე, როგორი დისკრიმინაციული სკაანონმდებლო ფონიც არსებობდა იმ საკითხთან მიმართებაში, რომ არსებობდა ერთი განსაკუთრებული რელიგიური ჯგუფი და დანარჩენებისთვის აბსოლუტური ბუნდოვანება იყო სტატუსთან დკაავშირებით,“ – უთხრა ნეტგაზეთს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ.

 

სასწრაფო საკანონმდებლო ცვლილებები და თავდაპირველი დისკრიმინაცია

რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა არ ჰქონიათ, მონაწილეობა მიეღოთ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვაში. პარლამენტმა ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით პირველ ივლისს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა, 5 ივლისს კი მეორე და მესამე მოსმენით მიიღო. ახლა პრეზიდენტის ხელმოწერაღა დარჩა.

 

საია,  ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 5 ივლისს ამ საკითხზე საკომიტეტო მოსმენას დაესწრო, აცხადებს, რომ პირველ მოსმენამდე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ და ცვლილებების პროექტი მხოლოდ 4 ივლისს მოიპოვეს. ცვლილებების თავდაპირველი პროექტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ ხუთი რელიგიური გაერთიანება, რაც საიას მოსაზრებით, «აღრმავებდა თანასწორობის უზრუნველყოფას რელიგიურ გაერთიანებებს შორის».  5 ივლისს წარმოდგენილ ვერსიაში ეს შეიცვალა.

4 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესიის კათალიკოს–პატრიარქმა კანონის მიღების პროცედურის შეჩერება მოითხოვა. «აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო დებატები (თუნდაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში), რათა ჩამოყალიბდეს საერთო-საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსესუსი მართლამადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია”, – ნათქვამია ილია II–ს განცხადებაში.

 

პატრიარქის განცხადების გათვალისწინება და ცვლილებების პროექტის საშემოდგომო სესიაზე განხილვა მოითხოვეს «ქრისტიან –დემოკრატებმა» და დანარჩენმა საპარლამენტო ოპოზიციამ. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმაც გაავრცელა განცხადებები, რომ საჭიროა ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა. უმრავლესობამ ეს განცხადებები არ გაიზიარა და ცვლილებების პროექტი 5 ივლისს ხმათა სრული უმრავლესობით (70 ხმით) დაამტკიცა. საპარლამეტო ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

დაპირისპირება მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის

სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებმა საჯარო გახადა ის მწვავე დაპირისპირება, რაც არსებობს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.   5 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ «მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს” და რომ «შეთანხმება ვერ შედგა».

საპატრიარქოში განმარტეს, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით მივიდნენ საპატრიარქოში, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების პროცედურის შეჩერება მოითხოვა.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიების სტატუსთან დაკავშირებით სახელმწიფოს რამდენიმე შეთავაზება ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. კუბლაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა შესთავაზა საპატრიარქოს სტატუსთან დაკავშირებით.

არც ეკლესიას განუმარტავს, რა სურს და რატომ ეწინააღმდეგება მიღებული ცვლილებები «როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს».

საპატრიარქოს უკმაყოფილების შესაძლო მიზეზებზე 5 ივლისს ეკლესიის წიაღიდან ორი საინტერესო განცხადება გაკეთდა. ერთი–ერთი  განცხადება “წინააღმდეგობის მოძრაობის» ერთ–ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ «ეს იყო ხელისუფლების სადამსჯელო ოპერაცია, რადგან 26 მაისს გამართულ აღლუმზე პატრიარქი არ მივიდა». მან პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე თქვა, ხალხო, პატრიარქი პირდაპირ ვერ გეტყვით, მაგრამ მის მიერ 4 ივლისს გავრცელებული განცხადება ნიშნავს, რომ უნდა გამოხვიდეთო.

კიდევ ერთი  განცხადების ავტორი მეუფე ზენონია (დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველი), რომელმაც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა, რომ «გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე»:

როდესაც სომხეთის პატრიარქი ჩამოვიდა საქართველოში, ის ჩამოვიდა კონკრეტული მისიით: მიეღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი საქართველოში და მიეღო მესაკუთრის უფლების აღდგენა იმ ეკლესია–მონასტრებზე და ნაგებობზე, რაზეც იგი აცხადებდა პრეტენზიას».

 

რელიგიური უმცირესობის ქონებრივი და საგადასახადო პრობლემები და თანასწორობა

საკუთრების უფლების აღიარება, რომელზედაც საუბრობს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველი, აქვს არა მხოლოს სომხეთის სამოციქულ ეკლესიას, არამედ სხვა რელიგიურ კონფესიებსაც. მაგალითად, მუსლიმთა თემს და კათოლიკურ გაერთიანებას.

სახალხო დამცველის ანგარიშებში არაერთხელ აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში გადაუჭრელია საბჭოთა პერიოდში რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისათვის ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის საკითხი.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, «ამ ობიექტების ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია და პრობლემის გადაუჭრელობის გამო ვერ ხერხდება მათი შენარჩუნებისათვის აუცილებელი სარესტავრაციო სამუშაოს განხორციელება».

ამ ეტაპზე სომხური სამოციქულო ეკლესია მოითხოვს 6 რელიგიური ნაგებობის დაბრუნებას, რომლებიც დღესდღეობით არ ფუნქციონირებენ. ამ ძეგლებს, რომელთაგან ხუთი თბილისში, ხოლო 1 ახალციხეში მდებარეობს, ომბუდსმენის ანგარიშით, დანგრევის საფრთხე ემუქრება:   “ორი მათგანი (თბილისში) უკვე თითქმის დანგრეულია”.

მუსლიმთა თემი სვამს საკითხს ქვემო ქართლში 18 ისტორიული, დღესდღეობით უფუნქციო, მეჩეთის დაბრუნების თაობაზე. ამასთან, ადიგენის რაიონში 4, ხოლო, აჭარაში 3 მეჩეთის მუსლიმური თემისთვის გადაცემას ან დასუფთავებასა და აღდგენას მოითხოვენ აჭარაში მცხობრები მუსლიმები.

სახალხო დამცველის მონაცემებით,  წლების განმავლობაში კათოლიკე ეკლესია ითხოვს 5 კათოლიკური ტაძრის დაბრუნებას. ეს ტაძრები დღესდღეობით მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია.

ომბუდსმენის მოსაზრებით, ამ პრობლემის მოგვარება, ერთი მხრივ, მოითხოვს სახელმწიფოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიის საპატრიარქოსა და აღნიშნული რელიგიური გაერთიანებების კონსესუსს, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფომ ისტრიული სამართლიანობის აღდგენის მიზნით და თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაყრდნობით დროულად უნდა გადაჭრას ეს პრობლემა.

საიას საპარლამენტო წარმომადგენლის თათული თოდუას განმარტებით, 5 ივლისს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები რელიგიური გაერთიანებების საკუთრების უფლების აღიარების საკითხს ვერ გადაჭრის, ისევე, როგორც საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ფიქრობს, რომ “სავარაუდოდ, რაღაც ეტაპზე, ალბათ, საგადასახადო კოდექსიც შეიცვლება. ფაქტია, რომ ის დისკრიმინაციულია. არის თვალშისაცემი მუხლები, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს რელიგიურ ორგანიზაციებს“.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ამჟამად მართლამდიდებლური ეკლესია სარგებლობს, თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი სხვა რელიგიური ორგანიზაციებისათვისაც და ეს შესაძლებელია დარეგულირებული იყოს კონსტიტუციურ შეთანხმებაზე დაბალი იერარქიის საკანონმდებლო აქტით.

«საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის, რათა უზრუნველყოს ყველა რელიგიური ორგანიზაციისადმი თანასწორი საგადასახადოსამართლებრივი რეჟიმის არსებობა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლით დადგენილი პრინციპის შესაბამისად», ეს სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის ერთ–ერთი რეკომენდაციაა.

5 ივლისს «ნეტგაზეთმა» საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დავით დარჩიაშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა პარლამენტი ომბუდსმენის ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას და ცვლილებების შეტანას საგადასახადო კანონმდებლობაში, რაზედაც დარჩიაშვილმა განაცხადა: «მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. რაც იდგა დღის წესრიგში, რაც იყო დიდი ხნის განმავლობაში სამართლიანი მოთხოვნა რელიგიური უმცირესობებისა, მივიღეთ ცვლილებები».

რელიგიური დემოგრაფია

რელიგიური დემოგრაფია
რელიგიური დემოგრაფია

 

მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მიხედვით
რელიგია მოსახლეობის რაოდენობა %
მართლმადიდებლური 3666233 83.9%
კათოლიკური 34727 0.8%
სომხური– გრიგორიანული 171139 3.9%
იუდეური 3541 0.1%
მაჰმადიანური 433784 9.9%
სხვა 33468 0.8%
არცერთი 28631 0.6%

ამავე თემაზე:

მეუფე ზენონი: „გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე“

რელიგიური უმცირესობების რეაქცია პარლამენტის გადაწყვეტილებაზე

საპატრიარქო: “შეთანხმება ვერ შედგა”

აქცია “მართლმადიდებლობის დასაცავად” [VIDEO]

დარჩიაშვილი: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რელიგიური გრძნობებით მანიპულირებას

რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციაზე ცვლილებები დამტკიცებულია

დებატები პარლამენტში რელიგიური გაერთიანებების საკითხზე

რა შეიცვლება რელიგიური გაერთიანებებისთვის

რელიგიურ გაერთიანებებზე კანონპროექტი შეიცვალა

რელიგიური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსი და საგადასახადო რეჟიმი

პატრიარქი საკანონმდებლო ცვლილებების პროცედურის შეჩერებას ითხოვს

უთანხმოება რელიგიური ორგანიზაციების იურიდიული სტატუსის განსაზღვრისთვის



მასალების გადაბეჭდვის წესი