სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა არასამთავრობოების აქციის ფონზე მიმდინარეობს

4 მარტი, 2016 • 1279
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა არასამთავრობოების აქციის ფონზე მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კოალიაციის – “სამართლიანი და დამოუკიდებელი მართლმსსჯულებისთვის” აქციის ფონზე მიმდინარეობს. არასამთავრობოების აქციის მოთხოვნაა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო თავმჯდომარე ნაჩქარევად არ აირჩიოს. აქციის მონაწილეები დღეს, 4 მარტს, 09:30 საათზე შეიკრიბნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები:  “სასამართლო კლანჭებშია”, შეაჩერე საბჭოეთი”, შეწყვიტე დევნა”.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ თუ საბჭო ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს, მაშინ ეს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის სასამართლო დავას გაართულებს:

“საბჭო ფორსირებულ რეჟმში ცდილობს ახალი თავმჯდომარის არჩევას, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საჭიროება ამ საკითხის ნაჩქარევად გადაწყვეტისათვის არ არსებობს. სასამართლოში მუშაობს [თავმჯდომარის] მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც ყველანაირი სამართლებრივი საშუალება აქვს იმისათვის, რომ ადმინისტრირება განახორციელოს უნაკლოდ და ბარიერების გარეშე”, – გვითხრა სოფო ვერძეულმა.

ვერძეულის განცხადებით, თუკი მამუკა ახვლედიანის დავა წარმატებით დასრულდება და სასამართლო მათ არგუმენტებს გაიზიარებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევა გადაწყვეტილების აღსრულებას ბარიერს შეუქმნის. ვერძეულის აზრით, საბჭო  დაინტერესებული უნდა იყოს იმით, სასამართლომ განიხილოს მისი ის გადაწყვეტილება, რომლის მიმართაც კითხვები არსებობს.

ეკა გიგაური ამბობს, რომ წინა თავმჯდომარის გათავისუფლება უკანონო იყო და ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს.

“ისინი აკეთებენ იმას, რომ სასამართლოს თავმდჯომარის ვაკანტური თანამდებობა აღარ არსებობდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ახვლედიანი საქმეს სასამართოში მოიგებს, იგი ვეღარ დაინიშნება [თავმჯდომარედ], რადგან კონკრეტული [პირი იქნება მის თანამდბეობაზე”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, თუკი საბჭო ახალ თავმდჯომარეს აირჩევს, ეს არა კანონის დარღვევა, არამედ იმის ნიშანი იქნება, რომ ახვლედიანის გათავისუფლება ორკესტირებული იყო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო  ამ პროცესის დასრულებას ჩქარობს.

იუსტიციის უმაღლსი საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ ხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ საბჭო კანონის შესაბამიასად მოქმედებს. კითხვას, გაითვალისწინებენ თუ არა არასამთავრობოების მოთხოვნას, იგი პასუხობს: “არასამთავრობოების მოთხოვნა რომელ ნორმაში წერია?”

სოფრომაძის თქმით, ახალ თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია ექნება, თუ მას საბჭო მხარს დაუჭერს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 10 საათზე დაიწყო. მას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა სხდომა მალევე დატოვეს პროტესტის ნიშნად.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა იმ მოტივით, რომ ახვლედიანი უფლებამოსილებას აჭარბებდა, როდესაც მოსამართლეების საქმეებზე განაწილების პროცესში ერეოდა. მის შემცვლელად საბჭო მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას განიხილავს. ახვლედიანმა საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლო წესით გაასაჩივრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი