სამართალი

ბუტაფორული ღვედები VS გამკაცრებული სანქციები

22 აპრილი, 2011 • 2145
ბუტაფორული ღვედები VS გამკაცრებული სანქციები

კუსტარულად დამონტაჟებული უსაფრთხოების ღვედი მიკროავტობუსში
კუსტარულად დამონტაჟებული უსაფრთხოების ღვედი მიკროავტობუსში

მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობის გამო სანქციები გამკაცრდა და ჯარიმის თანხა გაორმაგდა, საბიუჯეტო შემოსავლები ამ კუთხით მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ავტო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგებზე პოზიტიური ცვლილება ჯერ არ ასახულა.

ზურა აფხაიძე ტაქსის მძღოლია და საჭესთან დღეში სულ მცირე 10-12 საათს ატარებს. ის ამბობს, რომ კანონში ცვლილებების შეტანამდე, ღვედს თითქმის არ იკეთებდა:

ძალიან მოუხერხებელია, მანქანიდან სულ მიწევს გადმოსვლა: მგზავრებს ხან საბარგულს ვუხსნი, ხან ტვირთის ჩალაგებაში ვეხმარები. მოკლედ, ჩემთვის პრაქტიკული არ არის, მაგრამ ჯარიმას ისევ ეს დისკომფორტი მირჩევნია“.

მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილებები შევიდა, ზურა ორჯერ უკვე დააჯარიმეს: „ერთხელ მე არ მეკეთა ღვედი და დამაჯარიმეს, მეორედ კი მგზავრის გამო დამემართა იგივე, ამიტომ ახლა უკვე სულ ვიკეთებ და მგზავრსაც ვაკეთებინებ ღვედს,“ – ამბობს ის.

ლადო კუპრეიშვილი ავტომობილით ბოლო 5 წელია, ყოველდღიურად სარგებლობს:

სანამ კონტროლი გამკაცრდებოდა, მანამდე თანამგზავრების დარწმუნება მიჭირდა, რომ ღვედი გაეკეთებინათ. მას შემდეგ, რაც ჯარიმები გაორმაგდა და კონტროლიც გამკაცრდა, უკვე იციან, რომ თუ ღვედს არ გაიკეთებენ, მე დამაჯარიმებენ, ამიტომ ბევრს აღარ მახვეწნინებენ“ .

უსაფრთხოების ღვედი პირველად 1959 წლის 13 აგვისტოს დააყენეს ავტომანქანებში და მას შემდეგ ის თითოეული ავტომობილის განუყოფელ ატრიბუტად იქცა. თუმცა ამ «განუყოფელ ატრიბუტს» სიმბოლური დატვირთვა აქვს თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში:

მიკროავტობუსების მძღოლების უმრავლესობას ღვედები ავტომობილში კუსტარულად აქვს მიმაგრებული და საპატრულო პოლიციის მოსატყუებლად მკერდზე მოჩვენებითად აქვს გადაფენილი. წინ მსხდომ მგზავრებსაც ეუბნებიან, რომ ღვედს დამაგრება არ სჭირდება და უბრალოდ უნდა „გადმოიგდონ“ გულზე.

ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ამბობს: „აბა, რა გავაკეთო? ეს „მარშუტკა“ რომ ვიყიდე, არ ჰქონდა ღვედი. მე როგორ გავუკეთო? არც კი ვიცი, სად აკეთებენ. ესეც რომ არ დავიმაგრო, დამაჯარიმებენ. 40 ლარის გამომუშავებას კი 2 დღე მაინც მოვუნდები, მეტი თუ არა.“

მისივე თქმით, ის ჯერ არავის გაუჩერებია და არც მისი მიკროავტობუსის ღვედის ვარგისიანობა შეუმოწმებია ვინმეს. «ნეტგაზეთი» კიდევ რამდენიმე მიკროავტობუსის მძღოლს გაესაუბრა, მათი ნაწილი ამავე მძღოლის პოზიციას იზიარებს, ნაწილს კი ამ თემაზე საუბარი არ სურს.

ფაქტია, რომ მიკროავტობუსების მძღოლებს, რომლებსაც დღეში ასეულობით მგზავრი გადაჰყავთ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მოტყუება «უსაფრთხოების ბუტაფორული ღვედებით» ადვილად გამოსდით.

საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო ჯარიმის თანხა 20–დან 40 ლარამდე გაიზარდა, 2010 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდა.

კანონის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა იწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით. დაჯარიმებულმა ჯარიმა 30 დღის ვადაში თუ არ გადაიხადა, მას დამატებით ერიცხება საურავი – 150 ლარი. თუ აღნიშნული თანხაც გადაუხდელი დარჩა, მაშინ მესაკუთრეს ავტომობილს გაუყიდიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე პერიოდში ღვედების გამოუყენებლობის გამო 40 ლარით 13 835 ადამიანი იქნა დაჯარიმებული. გასული წლის იმავე პერიოდში კი, იგივე მუხლით (1181 ), მხოლოდ 2 672 მოქალაქე დააჯარიმეს. აღნიშნულ პერიოდში ჯარიმის თანხა 20 ლარით იყო განსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რომელიც ჩვენ სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ზვიად თავართქილაძემ მოგვაწოდა, გასული წლის 1 დეკემბრიდან მიმდინარე წლის 1 მარტამდე პერიოდში აღნიშნული ჯარიმებით გადახდილმა თანხამ 417 200 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მონაცემს 392 440 ლარით აღემატება.

საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობას, რომლითაც საქართველოში უსაფრთხოების ღვედების გამოყენებაზე კონტროლი და საჯარიმო სანქციები გამკაცრდა, ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ იმ არგუმენტით ასაბუთებდნენ, რომ ეს ცვლილება ხელს შეუწყობდა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობისა და მძიმე დაზიანებების შემცირებას.

პირველი და უმთავრესი არის ის, რომ მოძრაობის უსაფრთხოების ყველა პუნქტი დაცული იყოს ქვეყანაში, რომ მინიმუმამდე იქნეს შემცირებული ტრავმებით გამოწვეული ინვალიდობა და სიკვდილიანობაზე უკვე არაფერს არ ვლაპარაკობ, ეს ისედაც ნათელია,“ – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ თოიძემ 2010 წლის 1 დეკემბერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში, სადაც ის უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობის გამო კანონში შესული ცვლილებების შესახებ საუბრობდა.

აშშ-ს ნაციონალური საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) მონაცემებით, ქვეყანაში ღვედების გამოყენების შედეგად ავტოავარიაში მოყოლილი 13 ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება, ამავე უწყების მონაცემებით კი, კიდევ 7 ათასი ადამიანი გადაურჩებოდა სიკვდილს, ავტოავარიისას უსაფრთხოების ღვედი რომ კეთებოდა. გარდა ამისა, ავტომობილის წინა სავარძელზე მყოფი მგზავრების 50% გადაურჩებოდა სასიკვდილო დაზიანებებს.

საქართველოში ამ ტიპის სტატისტიკა ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია, ამიტომაც უცნობია, რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ღვედების გამოყენებაზე კონტროლი გამკაცრდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 მარტამდე საქართველოში რეგისტრირებულია 1053 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რის შედეგადაც დაიღუპა 149 და დაშავდა 1487 ადამიანი. წინა წლის იმავე თვეების პერიოდში ავტო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად შედარებით მეტი ადამიანი დაშავდა და დაიღუპა, თუმცა იმავე პერიოდში უფრო მეტი ავტოავარია დაფიქსირდა: 2009 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის 1 მარტამდე პერიოდში 1233 ავტო–სატრანსპორტო შემთხვევა იქნა რეგისტრირებული საქართველოში, რის შედეგადაც 176 ადამიანი დაიღუპა და 1744 დაშავდა.

თუ სიკვდილი მიწერია, ღვედი კი არა, მამაზეციერიც ვერ გადამარჩენს,“ – მიაჩნია ზურა აფხაიძეს.

განსხვავებულად ფიქრობს ლადო კუპრეიშვილი, რომელიც თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობს საჭესთან, როცა უსაფრთხოევის ღვედი უკეთია: „სამი თვის წინ ავტოავარია შემემთხვა: წერეთლის გამზირზე, მანქანამ უკნიდან დამარტყა. ძალიან შემაჯანჯღარა, მანქანაც მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაგრამ მე არაფერი მომსვლია, ალბათ, ღვედმა გადამარჩინა, თორემ როგორც მინიმუმ, თავს მივარტყამდი საქარე მინას,“ – ამბობს ლადო კუპრეიშვილი.

უსაფრთხოების ღვედის მოქმედების პრინციპი მარტივია: როცა ადამიანი ავტომობილით გადაადგილდება, მისი სხეული სივრცეში იმავე სიჩქარით მოძრაობს, რა სიჩქარითაც ავტომობილი მიდის. როცა ავტომანქანა რამეს ეჯახება ან სწრაფად ჩერდება, ადამიანის სხეული მანქანის მოძრაობის მიმართულებით იგივე სიჩქარით ინერციით აგრძელებს გადაადგილებას და ავტომობილის საჭეს და საქარე მინას ეჯახება. როცა ადამიანს უსაფრთხოების ღვედი უკეთია, ღვედის ჩამკეტი მოწყობილობა წამიერად რეაგირებს მკვეთრ მოძრაობაზე, კეტავს ღვედს და სხეულს არ აძლევს საშუალებას, ინერციით გააგრძელოს მოძრაობა. ასეთი შემაკავებლის არარსებობის შემთხვევაში, პირველ დარტყმას ადამიანის თავი იღებს, შემდეგ კი გულ-მკერდი. აშშ-ში ავტოავარიებისას 50%-ზე მეტ შემთხვევაში ადამიანების გარდაცვალების და სერიოზულად დაშავების მიზეზი სწორედ თავის დაზიანება ხდება.

საგზაო უსაფრთხოების“ შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მასშტაბური მოხსენება ბოლოს 2009 წელს გამოაქვეყნა, რომელიც 178 ქვეყნის სტატისტიკური მონაცემებისა და საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობის ანალიზის შედეგად მომზადდა. მოხსენების მიხედვით, მსოფლიოში, გზებზე ავტოავარიებისას ყოველწლიურად 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, 20-დან 50 მილიონამდე ადამიანი კი არასასიკვდილო დაზიანებებს იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი