სამართალი

ახვლედიანის თქმით, რუსთავი 2-ის საქმის განხილვა ურთმელიძეს ‘სწორი განაწილების” შედეგად დაეწერა

23 თებერვალი, 2016 • 1158
ახვლედიანის თქმით, რუსთავი 2-ის საქმის განხილვა ურთმელიძეს ‘სწორი განაწილების” შედეგად დაეწერა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებით, რუსთავი 2-ის წილების საქმის განაწილებისას, რის შედეგადაც სარჩელის განხილვა თამაზ ურთმელიძეს დაეწერა, დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამ საკითხზე ახვლედიანმა რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ისაუბრა:

“იმ პერიოდში ნამდვილად ვადასტურებ, რომ ადგილზე არ ვიყავი. ჯერ ერთი, ეს ჩემს [სისხლის სამართლის] კოლეგიაში არ ხდება. მე დავინტერესდი და იმ მომენტში აბსოლუტურად სწორი განაწილება იყო. მე რაც ვიცი… ჩემი მხრიდან განაწილების რეჟიმში პირდაპირი ჩარევა ყოველდღიურ რეჟიმში არ ხდება. ეს წესი კანონითაა გაწერილი, რასაც [სასამართლოს] კანცელარია ახორციელებს და ჩემს მიერ მხოლოდ მონიტორინგი და ზედამხედველობა ხდება, რომ სწორად განაწილებული იყოს. ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, აქ დარღვევა არ ყოფილა”, – განაცხადა ახვლედიანმა, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა მოსამართლეთათვის საქმეთა განაწილების სქემის განჭვრეტადობას, რასაც, მისი თქმით, განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვა მოაგვარებს:

“რატომ ვხედავ პრობლემებს განაწილების სისტემაში: როდესაც რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარე ვიყავი, იქ სამოქალაქო საქმეებს ორი მოსამართლე იხილავდა. ერთი სწრაფად იხილავდა, მეორე – შედარებით ნელა. ერთ-ერთმა ადვოკატმა, რომელსაც კანცელარიაში საქმე შეჰქონდა, თანამშრომელს კითხვა დაუსვა: ბოლო საქმე ვის დაეწერა? როგორც კი კანცელარიის თანამშრომელმა  სახელი და გვარი უთხრა, მან ღიად განაცხადა, დაველოდები: კიდევ შემოიტანს ვიღაც სარჩელს და ამის შემდეგ შემოვიტანო, რათა მისთვის სასურველ მოსამართლესთან მოხვედრილიყო ეს საქმე. ძალიან სახიფათოა, როცა ასე გამოთვლადია საქმის შეტანა სასამართლოში და წლების განმავლობაში ვითხოვ [საქმეთა განაწილების ელექტრონული წესით გადანაწილებას] და ბოლოს მოვისმინე ბრალდება, თითქოს მე ვაბრკოლებ…”, – განაცხადა ახვლედიანმა.

ქიბარ ხალვაშის სამოქალაქო დავა რუსთავი 2-ის მფლობელებთან მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ განიხილა. მან კომპანიის წილის 100 პროცენტი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი