სამართალი

გაუხსნელი დანაშაულების სტატისტიკა იზრდება

11 მარტი, 2011 • • 1733
გაუხსნელი დანაშაულების სტატისტიკა იზრდება

2011 წლის იანვარში საქართველოში გაუპატიურების 10 ფაქტია დარეგისტრირებული და არც ერთი საქმე გახსნილი არ არის. ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარ ვებგვერდზე აქვს განთავსებული.

police.ge-ზე გამოქვეყნებულია 2011  და 2010 წლების პირველი თვეების სტატისტიკა. დოკუმენტის მიხედვით, გახსნილი საქმეების რაოდენობამ 2011 წელს წინა წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით 4.6%-ით იკლო. 2011 წლის იანვარში საქართველოში 2954 დანაშაულია რეგისტრირებული, მათ შორის მძიმე– 699.  სულ გახსნილია 954 დანაშაული(32.3%), მათგან 331-მძიმე (47.4%).

2010 წლის პირველ თვეს კი საქართველოში 3096 დანაშაული დარეგისტრირდა, რომელთაგან მძიმე იყო 820. ამ საქმეებიდან 1349 (43.6%) გახსნილია, მათ შორის მძიმე– 470 (57.3%).

2011 წლის პირველ თვეს შსს-ში დასრეგისტრირებულია განზრახ მკვლელობის 16, ქურდობის – 850, ძარცვის – 51, ყაჩაღობის – 23, თაღლითობის – 82, ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონი ბრუნვის – 377,  მექრთამეობის – 3, გადასახადისთვის თავის არიდების 51 შემთხვევა და ა.შ.

2011 წლის იანავრში საქართველოში ასევე რეგისტრირებულია არასრულწოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის 34 ფაქტი, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე  47.8%-ით მეტია.

ჩამოტვირთეთ დეტალური სტატისტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი