სამართალი

“სკანდალური ინფორმაცია” მოსამართლეთა გამოცდებზე, რომელიც NGO-ებმა მამუკა ახვლედიანისგან მიიღეს

2 თებერვალი, 2016 • 2071
“სკანდალური ინფორმაცია” მოსამართლეთა გამოცდებზე, რომელიც NGO-ებმა მამუკა ახვლედიანისგან მიიღეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა დღეს, 2 თებერვალს გამართულ დახურულ შეხვედრაზე მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან “გასული ტესტი” წინასწარ იყო ცნობილი ერთ-ერთი იმ ადამიანისათვის, რომელმაც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შესაბამის ორგანოებს ამ საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მათ ახვლედიანმა უჩვენა დოკუმენტი, მოსამართლეთა შერჩევის კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი ადამიანის მიერ შევსებული ტესტი, რომლის პასუხებიც “საეჭვოდ ემთხვევა” ტესტის შემდგენის მიერ დასახელებულ “ოფიციალურ პასუხებს”. ახვლედიანს არ დაუსახელებია იმ კონკურსანტის სახელი და გვარი, ვინც ეს ტესტი შეავსო.

“მისი [მამუკა ახვლედიანის] ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოდან გადიოდა ტესტები, რომელიც მოსამართლეთა გამოცდებზე გამოიყენებოდა. თუკი ეს მართალია, ესაა დარღვევა, რომელიც შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს პრობლემები მოსამართლეების შერჩევა/დანიშვნაში. აქ საუბარი იყო კონკრეტულ ტესტზე, რომელიც მოხვდა იმ პირის ხელში, ვინც გამოცდაში მიიღო მონაწილეობა. ეს ინფორმაცია ჩვენ მოგვაწოდა [მამუკა ახვლედიანმა]. მას არ უთქვამს კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი”, – განაცხადა ეკა გიგაურმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა.

“ეს გარემოება კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს, რომ არა მარტო გასაუბრების, არამედ ტესტებისა და კაზუსების წერის ეტაპზეც, სავარაუდოდ, ტესტები გარკვეული კონკურსანტებისთვის იყო ცნობილი”, – ამბობს ნინო ლომჯარია, ISFED-ის კონსულტანტი, და დასძენს: “ნამდვილად არ გვაქვს მტკიცებულება, თუ ვინ იყვნენ ეს კონკურსანტები, ან რა კავშირი აქვთ მათ [იუსტიციის უმაღლეს] საბჭოსთან.”

“თუ დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ტესტების წინასწარ გამჟღავნებას, ამან კონკურსის შედგები უნდა შეცვალოს”, – ამბობს სოფო ვერძეული, EMC-ის წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი