კომენტარისამართალი

სოფო ვერძეული: ჩვენ არ გვჭირდება ერთ ხმაში მოლაპარაკე სასამართლო

1 თებერვალი, 2016 • 1571
სოფო ვერძეული: ჩვენ არ გვჭირდება ერთ ხმაში მოლაპარაკე სასამართლო

EMC–ს იურისტის, ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორის, სოფო ვერძეულის თქმით, ის, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კრიტიკული მოსაზრება არ ისმის, სამწუხარო ტენდენციაა.

დღეს, 1 თებერვალს მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დაწყებამდე სასამართლო სისტემაში რეფორმების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ნეტგაზეთი EMC–ის იურისტს სწორედ ამ აქციაზე ესაუბრა.

“ის, რომ საერთოდ არ ისმის ამ სისტემაში განსხვავებული, კრიტიკული მოსაზრება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სრულად ერთ ხმაში მოლაპარაკე სისტემა, მონოლითური, რომელიც ვერ ეგუება და ვერ იტანს განსხვავებულ აზრს და თუკი ვინმე გაბედავს, რომ კრიტიკული მოსაზრება გამოხატოს, ეს სისტემა ძალიან უხეში მეთოდებით უპირისპირდება ამ ინდივიდუალურ ადამიანებს. ჩვენ ბოლო შემთხვევა ვნახეთ მამუკა ახვლედიანის შემთხვევაში, როდესაც მან გადაწყვიტა ესაუბრა ცალკეულ ინსტიტუციურ პრობლემებზე, რომელიც ნამდვილად არსებობს სასამართლოში. თუმცა მიიღო ძალიან სერიოზული დარტყმები ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან სასამართლოს შიგნით.

ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და საზოგადოებას საქართველოში ნამდვილად არ სჭირდება ერთ ხმაში მოლაპარაკე სასამართლო, რომელიც აბსოლუტურად არ არის თვითკრიტიკული და რომლისთვისაც საერთოდ წარმოუდგენელია ყოველგვარი კრიტიკის და განსხვავებული აზრის მოსმენა, არათუ თვითკრიტიკა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ დღევანდელ შესაძლებლობას, რიგგარეშე კონფერენციას, და მოვუწოდებთ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, რომ მათ გახსნან დისკუსია რეალურ პრობლემებზე, რომელიც სასამართლოში არსებობს,”– განაცხადა მან.

ვერძეულის თქმით, ისინი მოსამართლეთა კონფერენციისგან ითხოვენ, რომ სასამართლომ მხარი დაუჭიროს რეალურ, პოზიტიურ რეფორმებს.

“მათ მხარი უნდა დაუჭირონ საქმეთა განაწილების წესის რეფორმას, მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის წესის რეფორმას, რომელიც დღეს არის სრულიად სუბიექტური და მთლიანად არის მორგებული არაჯანსაღ და კორუფციულ გარიგებებზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, და მათ მხარი უნდა დაუჭირონ დისციპლინური წარმოების წესის დახვეწას იმისთვის, რომ ეს არ იყოს მექანიზმი, რომელსაც იყენებენ კრიტიკული მოსამართლეების წინააღმდეგ საქართველოში,”– ამბობს ვერძეული.

მისივე თქმით, ის, რომ დღევანდელი რიგგარეშე კონფერენცია სპონტანურად მომზადდა, აჩენს კითხვებს, ხომ არ არის კონფერენციის მიზანი მოსამართლეთა მომავალი დანიშვნებისთვის სისტემის მობილიზაცია, როგორც ეს მოხდა დეკემბერში ლევან მურუსიძის მიმართ.

“ერთხელ თუკი მოსამართლეთა კონფერენციამ აჩვენა ის, რომ მათი ასეთი მონოლითური ერთად დგომა ჭრის და ამართლებს და მურუსიძე და სხვა კანდიდატები ხდებიან მოსამართლეები, შეიძლება ეს ღონისძიება ამას ემსახურებოდეს, რომ მათ თავისი მხარდაჭერა გამოუცხადონ კანდიდატებს და დაპირდნენ, რომ სწორედ მათი ერთად დგომა არის სიძლიერე და მოიტანს პოზიტიურ შედეგებს, თუმცა ძლაინ სამწუხაროა ის, რომ ეს სისტემა თავის ღირსებას და თავის ძალას მხოლოდ კოლექტიურ ცნიბიერებასა და კოლექტიურ აზროვნებაში ხედავს და არა ინდივიდუალურ სიძლიერეში და მათ შორის, თვითკრიტიკასა და კრიტიკის მიმღებლობაში,”– განაცხადა სოფო ვერძეულმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი