ნეტგაზეთი | მეშახტეები VS „საქნახშირი“ მეშახტეები VS „საქნახშირი“ – Netgazeti
RU | GE  

მეშახტეები VS „საქნახშირი“

ტყიბულელი მეშახტეები ოთხშაბათიდან გაფიცვას აპირებენ, ამ წუთებში კი ისინი გამაფრთხილებელ აქციას მართავენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ „საქნახშირის“ ხელმძღვანელობას დასაქმებულთა მოთხოვნების შესრულებისკენ.

ტყიბულელი მეშახტეები ოთხშაბათიდან გაფიცვას აპირებენ, ამ წუთებში კი ისინი გამაფრთხილებელ აქციას მართავენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ „საქნახშირის“ ხელმძღვანელობას დასაქმებულთა მოთხოვნების შესრულებისკენ.

მოთხოვნების 10–პუნქტიანი ჩამონათვალი მეშახტეებმა  შპს „საქნახშირის“ (ჯი–აი–ჯი ჯგუფის) აღმასრულებელ დირექტორს, ვახტანგ ჩხეიძეს გასული კვირის ბოლოს გაუგზავნეს წერილობით: შპს „საქნახშირის“ დასაქმებულთათვის გაფორმდეს უვადო შრომითი კონტრაქტები; მოხდეს თანამშრომელთა ხელფასების ინდექსაცია ბოლო სამი წლის მანძილზე დაფიქსირებული ინფლაციისა და სამომხმარებლო პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების მომატების მიხედვით; 2010–11 წლებში შახტაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპული და დასახიჩრებული  მეშახტეების მიერ ბანკებიდან აღებული სესხების, განვადებების, ოვერდრაფტებისა თუ საკრედიტო ბარათების ღირებულების გადახდა მოხდეს შპს „საქნახშირის“ ადმინისტრაციის მიერ; გაუმჯობესდეს შრომის პირობები, რომლებშიც იგულისხმება: შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემის დანერგვა „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან“ ერთად, დასაქმებულების რეგულარული უზრუნველყოფა ხარისხიანი სპეცტანსაცმლით, ხარისხიანი სამუშაო იარაღებით და სხვა – ასეთია მოთხოვნების არასრული ჩამონათვალი, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში მეშახტეები გაფიცვის ფორმას მიმართავენ თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით.

დასაქმებულთა ინტერესებს ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირული ორგანიზაცია იცავს, რომელიც 2010 წლის სექტემბერში შეიქმნა და, თავის მხრივ, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციაა.

პროფკავშირების დახმარებით მეშახტეები, ერთის მხრივ, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ დამსაქმებელი კომპანიისგან, მეორეს მხრივ კი, შახტებზე მომხდარი აფეთქებების გამო რეალურად დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში ბოლო ცხრა თვის განმავლობაში სამი აფეთქება მოხდა, რასაც 9 ადამიანის სიცოცოცხლე შეეწირა, 12 კი – მძიმედ დაშავდა.

უკანასკნელი აფეთქება ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 22 იანვარს, დაახლოებით ღამის 1 საათზე, მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 37 წლის მერაბ კალანდაძე, ოთხი მეშახტე კი მძიმედ დაშავდა: 54 წლის ვიტალი ტურძილაძეს სხეულის 60%–ანი დამწვრობა აქვს მიღებული და ამ დრომდე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამავე საავადმყოფოში უტარდებათ მკურნალობა 60 წლის მამული კუბლაშვილს, 51 წლის მერაბ ობოლაძესა და 67 წლის ნუგზარ ჯავახაძეს, რომლებსაც სხეულის 10–15%–ანი დამწვრობა აქვთ მიღებული აფეთქების შედეგად.

ნეტგაზეთი შეეცადა დაშავებულებთან გასაუბრებას, თუმცა დამწვრობის ცენტრის ექთანმა გვითხრა, რომ დაზარალებულებს გადახვევის პროცედურა უტარდებოდათ და ამის გამო მათთან პალატაში ვერ შეგვიშვებდა. ნეტგაზეთი დაზარალებულების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

„საუბარი უჭირს ძალიან და ამიტომ ვერ დაგელაპარაკებათ,“ – გვითხრა ნუგზარ ჯავახაძის მეუღლემ ვერა ჯავახაძემ.

„ძალიან ნერვიულობს და ამიტომ ამ თემაზე არ უნდა საერთოდ საუბარი, არც ჩვენ ვეკითხებით არაფერს, რა და როგორ მოხდა,“ – უთხრა ნეტგაზეთს მაია გაბრიჩიძემ, მამული კუბლაშვილის მეუღლემ.

მათგანვე გავარკვიეთ, რომ საავადმყოფოში რამდენჯერმე იყვნენ მისული სამართალდამცავები: „რეანიმაციაში რომ იყვნენ, მაშინ ყოფილან მისულები, თუ არ ვცდები, პროკურატურის თანამშრომლები დასაკითხად, მაგრამ რამდენად შეეძლოთ ამათ მაშინ საუბარი, არ ვიცი“ – ამბობს მაია გაბრიჩიძე.

ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქებების გამოძიების საკითხს ერთ–ერთი პირველი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა:

„ძალიან ვნანობ, რომ აქამდე ეს სისხლის სამართლის საქმე არ იქნა მიყვანილი ლოგიკურ დასკვნამდე, კონკრეტულ ადამიანებს რომ ეგოთ პასუხი, კონკრეტული ადამიანები გაეგზავნათ სასამართლოში და თუ სასამართლო დაადგენდა, შემდეგ საპატიმროში – ეს რომ მომხდარიყო, შეიძლება ეს გუშინდელი აფეთქება აღარ მომხდარიყო,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 22 იანვარს, აფეთქებიდან რამდენიმე საათში.

„კონკრეტული ადამიანები“ 26 იანვარს „გაგზავნა სასამართლოში“ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ: მთავარი პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ზაზა ქაჩიბაიამ განმარტა, რომ მინდელის სახელობის შახტის სამუშაო უბნის ხელმძღვანელმა ედემ სტურუამ და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი დევდარიანმა „დადგენილი უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოეს ასაფეთქებული სამუშაოები“. სტურუასა და დევდარიანს სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის მეორე ნაწილით (სამთო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა) წაეყენათ ბრალი, რაც, დადასტურების შემთხვევაში, 2–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს სასჯელის სახით.

იმავე დღეს სატელევიოზიო არხებით პროკურატურამ გაავრცელა დაკავებულთა აღიარებითი ჩვენებები:

გიორგი დევდარიანი: „ჩემი უბნის სამთო ოსტატმა გადმომცა „ნარიადი“, რომ ლავის ყელში გაჩხერილი იყო ნახშირის ლოდი და ესაჭიროებოდათ აფეთქება. რაზეც მე თანხმობა განვაცხადე.“

ედემ სტურუა: „დამირეკა მესამე უბნის მესამე ცვლის სამთო ოსტატმა მერაბ ობოლაძემ და მითხრა, რომ სამი ნომერი ლავის ყელში გაჩხერილი იყო ქვანახშირის დიდი ლოდი, რომელიც ვერ დაშალა პნევმატური ჩაქუჩით და მთხოვა ბურღვა–აფეთქების სამუშაოების წარმოება, რაზეც მე მივეცი სიტყვიერი თანხმობა, რადგან ვიმედოვნებდი, რომ ლავში არსებული ადგილობრივი განიავების ვენტილატორი მოახდენდა ლავის განგაზიანებას და იქიდან გაზის გამოდევნას და ამ შემთხვევას არ მოყვებოდა ასეთი ცუდი შედეგი.“

გამოძიების ვერსიით, სტურუამ და დევდარიანმა აფეთქების ნებართვა ისე გასცეს, რომ არ მოამზადეს ბურღვა–აფეთქების სამუშაოების სპეციალური პასპორტი, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ჩამოწოლილი ქვანახშირის დაშლა და რა რაოდენობის მეთანის შემცველი გაზი იყო შახტაში. ოფიციალური ვერსიით, მეშახეტეებმა ჩამოწოლილი ქვანახშირი ააფეთქეს, რამაც გაზის აალება და აფეთქება გამოიწვია.

“გამოძიება გრძელდება და ტრაგედიაზე პასუხისმგებელი სხვა ხელმძღვანელი პირების გამოვლენის შემთხვევაში, მათ მიმართაც გატარდება ანალოგიური ღონისძიებები,“– განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

მეშახტეები ამბობენ, რომ გამოძიების მხრიდან ადგილი აქვს „ხელის შეხოცვის მცდელობას“ სტურუასა და დევდარიანის მიმართ. ამავე პოზიციას იზიარებენ პროფკავშირებშიც.

„დააკავეს ადამიანები, რომლებიც არიან დაბალი რანგის ხელმძღვანელები მაშინ, როდესაც ტექნიკური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ტექნიკური დირექტორია პასუხისმგებელი, რამდენად იქნება ტექნიკურად გამართული პროცესი და იქნება თუ არა შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული“, – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.

„პროფკავშირების თავმჯდომარე – პეტრიაშვილი, შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურ უმეცრებას ამჟღავნებს ამ საქმეში და ალბათ, ასეც არის იმიტომ, რომ მას არავითარი კავშირი სამთო საქმესთან არა აქვს“ – ამბობს „საქნახშირის“ ტექნიკური დირექტორი ზაზა გორდეზიანი. გორდეზიანი ვარაუდობს, რომ სწორედ არაკომპეტენტური პირების მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის გამოძახილი იყო პრეზიდენტის ეს განცხადება:   

“პირველი დასკვნა გააკეთეს, რომ ყველაფერი არის იმის ბრალი, სწორედ იმ მაღაროელის, რომელიც ბურღავდა და რომელიც დაიღუპა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ყველანაირი დასტური არის იმისა, რომ წინა აფეთქება, რომელსაც ემსხვერპლა რამდენიმე მაღაროელი, იყო შედეგი არა მათი დაუდევრობის, არამედ უშუალოდ, დანაშაულებრივი ქმედების მაღაროს ხელმძღვანელობის, რომელმაც გამორთო ვენტილაციის სისტემა და რომელმაც დაზოგა ფული საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე და შემდეგ ზედამხედველობის სამსახურებმა, რომლებსაც ევალებოდათ ამაზე დასკვნის დაწერა, დაწერეს ზუსტად ის, ხელი ხელს ბანს პრინციპით, რაც უნდოდა ამ მაღაროს ხელმძღვანელობას და ამ ბიზნესის მფლობელებს“,  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Image 3106
Image 3106

ერთადერთი დასკვნა, რომელზეც საზოგადოებას ხელი მიუწვდება, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 2010 წლის 2 მარტს მომხდარ აფეთქებას ეხება. დასკვნაზე მუშაობა 2010 წლის 15 მარტს დაასრულა „ჯი–აი–ჯი ჯგუფის“ მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: სსიპ გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ღია სამთო სამუშაოებისა და აფეთქებების ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი სერგო ხომერიკი, ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ნუგზარ კუკულაძე, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მშენებარე ობიექტების დისტანციის უფროსი გოდერძი ჭოლიკიძე, საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის სამთო საწარმოთა და ბურღვა–აფეთქებითი სამუშაოთა ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მერაბ მეგრელიძე, ტყიბულის რაიონის გამგებლის თანაშემწე იურიდიულ საკითხებში თემურ ძაგნიძე, შპს „საქნახშირი (ჯი–აი–ჯი ჯგუფი)“–ს კორპორაციული მართვის დირექტორი ავთანდილ ბოჭორიშვილი და ამავე კომპანიის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი გულჯერი გვენეტაძე.

კომისიას ზაზა გორდეზიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც იმ პერიოდში  სს „მადნეულის“ სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე იყო. იმავე კომისიამ გამოიკვლია 2010 წლის 27 აგვისტოს, ასევე, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი კიდევ ერთი აფეთქების მიზეზებიც.

კომისიამ დაადგინა 2 მარტს მომხდარი აფეთქების შემდეგი მიზეზი: „მზადებითი უბნის ცვლის პერსონალის მიერ დაირღვა ელ. მოწყობილობების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები.“
კომისია დასკვნაში ასე აღწერს უბედური შემთხვევის გარემოებებს:
„მომხდარი ავარიის შემდეგ ადგილზე მისული ცვლის პერსონალისა და სამთო მაშველთან ერთად მისული ტექნიკური ხელმძღვანელობის მიერ დაფიქსირებული იქნა კვერშლაგის თავში შუროსთან დადგმული ელ. მოწყობილობების, მაგნიტური გამშვების სახურავების გახსნილი მდგომარეობა…აირის (მეთანის) აფეთქების მიზეზები არის ის, რომ დაგაზიანებული გვირაბის განიავება დაიწყო გაუმართავ, თავსახურახდილ ელექტრომოწყობილობის პირობებში, რაც გახდა ნაპერწკლის წარმოქმნის მიზეზი, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია მეთანის აალება ელექტრომოწყობილობის ზონაში. აალების შედეგად მოხდა მეთანის აფეთქება.“    

ცვლის უფროსი – მიზდონ ონიანი, რომელსაც კომისიამ დააკისრა მთლიანი პასუხისმგებლობა 2010 წლის 2 მარტს მომხდარ აფეთქებაზე, აფეთქების დროს დაიღუპა. დაიღუპნენ ელ. ზეინკლებიც – გიორგი ბრეგაძე და ჯემალ ჯიშიაშვილი, რომლებმაც, კომიისის მტკიცებით, „ისე ჩართეს ვენტილატორი, რომ ელ. მაგნიტურ გამშვებებს არ დაახურეს სახურავი, დაგროვილი გაზი მოირეცხა სანგრევიდან, მიიღო ნაპერწკალი ხუფ–ახდილ ელ.გამშვებებიდან, რამაც გამოიწვია მეთანის აალება და შემდგომში აფეთქება, რასაც მოჰყვა უბედური შემთხვევა“. ამავე აფეთქებას ემსხვერპლა 29 წლის მურმან კუბლაშვილიც.

კომისიის მიერ მომზადებული ეს დასკვნები 2010 წლის 2 მარტს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს გასული წლის სექტემბერში გადაეცათ. ანალოგიური დასკვნა დღემდე არ მიუღიათ 2010 წლის 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების დროს დაზარალებულებს. აფეთქების შედეგად მაშინ ადგილზევე  დაიღუპნენ ლაშა ბოჭორიშვილი, იოსებ (სოსო) ობოლაძე და პაატა მოდებაძე, მალხაზ ჭანტურიძე კი – საავადმყოფოში ორდღიანი მკურნალობის შემდეგ; მძიმედ დაშავდა 6 მეშახტე, მათ შორის 49 წლის გია ობოლაძე, რომელმაც სხეულის საერთო მოცულობის 40%–ის დამწვრობა მიიღო და ცალი ფეხის ამპუტაციაც დაჭირდა.

„არანაირი დასკვნა არ მიმიღია, არ ვიცი, რა დაწერა გორდეზიანმა“ – ამბობს გია ობოლაძე.

ზაზა გორდეზიანი ამ დასკვნის თაობაზე ნეტგაზეთს ესაუბრა და აღნიშნა: „მანდ თვითონ მეშახტეებმა დაარღვიეს ვენტილაციის რეჟიმი, არა–  საერთო განიავების ვენტილაციის, არამედ ადგილობრივი განიავების – ლოკალური: ერთ უბანზე  გამორთული იყო ვენტილატორი, რომელიც არ უნდა გამოერთოთ და ამაზე მათ ხელი ჰქონდათ მოწერილი, რომ არ ჰქონდათ უფლება ამ ვენტილატორის გამორთვის. რომ გამორთეს ვენტილატორი, მივიდა ახალი ცვლა და მათ იმის მაგივრად, რომ განგაზირება გაეკეთებინათ და მერე შესულიყვნენ, ჩართეს ვენტილატორი და შევიდნენ შიგა და დაიღუპნენ ამიტომ.“

ორივე შემთხვევაში გორდეზიანის კომისიამ  დაზარალებულები დაადანაშაულა მაშინ, როდესაც მეშახტეები საწარმოს ხელმძღვანელობის, „საქნახშირის“ მხრიდან ტექნიკური ნორმების უგულებელყოფაზე საუბრობდნენ/ მაშინაც და დღესაც იგივეს იმეორებენ.

„ვენტილაციის სისტემაა გაუმართავი. წესით, შახტაში 400 კუბი ჰაერი უნდა იყოს და არის 150 კუბი. რომც არაფერი გაგვეკეთებინა, მაინც ვიოფლებოდით, ისეთი უჰაერობაა,“ – აცხადებდა 27 აგვისტოს აფეთქების ერთ–ერთი დაზარალებული ლევან ქურციკიძე უბედური შემთხვევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

„ აქ უსაფრთხოების წესები არაფერში არ არის დაცული, ახლაც რომ შეხვიდეთ, სრული გაუგებრობაა, გაძალებენ, რომ ნახშირი გამოიტანე მარტო, მეტი არაფერი არ უნდათ მაგენს. სად არის აქ „ატბოინნი მალატოკი“, იმ კაცს, სტურუას რომ ალაპარაკეს ტელევიზორში? ახლა თუ აქვთ, შეამოწმონ, ეს „ ატბოინნი მალატოკი“, – ამბობს მეშახტე თენგიზ კუბლაშვილი.

„მაგ ზაზა გორდეზიანმა, რომელიც უნდა იჯდეს ახლა იმ ხალხის მაგივრად ციხეში, 18 რიცხვში იცოდა უკვე, რომ მეთანის ოდენობა იყო 6% შახტაში და არაფერი არ გააკეთეს ამისთვის და ხალხი ჩაუშვეს იქ და ზეწოლა მოახდინეს სწორედ იმ დაბალი რანგის ჩინოვნინკებზე, რომ ხალხი ჩაეშვათ და ემუშავათ,“ – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

„მეშახტეებს შორის, რომლებიც იცავენ დაკავებულებს, ძალიან ბევრია ისეთი, რომლებიც აყოლილნი არიან იმ უსაქმურებს, პროფკავშირებში რომ სხედან, ჩამოდიან იქა და  გაფიცვებისკენ მოუწოდებენ. იმის მაგივრად, რომ უთხრან – იმუშავეთ წესიერად და არ დაარღვიოთ წესები, რაღაც სულელურ მოთხოვნებს აყენებენ,“ – ამბობს ზაზა გორდეზიანი.

გორდეზიანის თქმით, „საქნახშირის“ კომისია 2011 წლის 22 იანვრის აფეთქების მიზეზებსაც შეისწავლის. თუმცა აღნიშნული კომისიის მიერ მომზადებული დასკვნებისადმი პრეზიდენტის ღია კრიტიკის მიუხედავად, კომისიის ხელმძღვანელი ზაზა გორდეზიანი „ჯი–აი–ჯი  ჯგუფმა“ „საქნახშირში“ მიიწვია ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

„2011 წლის 24 იანვრიდან დავინიშნე „საქნახშირის“ ტექნიკურ დირექტორად. ჩემი მოვალეობა იქნება უსაფრთხოების წესების რაც შეიძლება მკაცრად შესრულება, აი, სწორედ ამისთვის მთხოვეს აქ გადმოსვლა, რომ გავაძლიეროთ უსაფრთხოების წესები და მოთხოვნები“ – ამბობს ზაზა გორდეზიანი.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ტყიბულის შახტებში ჯერ კიდევ 2010 წლის 27 აგვისტოს აფეთქების შემდეგ მოითხოვა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

“მე დავავალებ მთავრობას, აქ მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების ინსპექტორებმა, რომ მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლონ“ – განაცხადა პრეზიდენტმა 2010 წლის 28 აგვისტოს, ტყიბულის მაღაროში ვიზიტის დროს. იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა აფეთქების გამომწვევი მიზეზების დადგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა.

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით გამოძიებას იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს. აღნიშნულ სამმართველოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და რომ სისხლის სამართლის საქმეებზე საბოლოოდ საპროცესო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„რა გახდა ამ დასკვნის დადება? ბოლო აფეთქება სამ დღეში გამოიძიეს და 27 აგვისტოს აფეთქებიდან გავიდა 5 თვე და ამ დრომდე არაფერი დაუწერია გამოძიებას. არადა, სადაზღვევო კომპანია ისე ვერ გვაძლევს კომპენსაციას, თუკი არ იქნება გამოძიების მიერ დადებული ოფიციალური დასკვნა,“ – ამბობს გია ობოლაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, ამასთან დაკავშირებით ერთადერთი, რაც ტყიბულის შახტებში ამ მიმართულებით გაკეთდა, ის არის, რომ შახტაში შესვლამდე მეშახტეებს უტარდებოდათ ჩხრეკა დაცვის თანამშრომლების მიერ, რომ ვინმეს თან არ აღმოჩენოდა სიგარეტი, ან ალკოჰოლი.

„ამას ისედაც არავინ აკეთებდა. რომელი ჭკუათმყოფელი მოუკიდებს სიგარეტს იქ, სადაც გაზია?!“ – ამბობენ მეშახტეები.

„პრობლემა იმაშია, რომ გადასულია კომპანია „ურა–ურაზე“ – ნახშირი, ნახშირი, ნახშირი, ნახშირი და მეტი არაფერი“ – ამბობს გია ობოლაძე.

ტყიბულში სულ ოთხი შახტაა, რომლებიც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „საქნახშირის“ საკუთრებაშია 2006 წლიდან. ინვესტორს 2009 წლისთვის უნდა აემოქმედებინა ოთხივე შახტა, თუმცა, ამ დრომდე ტყიბულში მხოლოდ ორი შახტა მუშაობს – ძიძიგურის სახელობის შახტა ნაწილობრივ და სრული დატვირთვით – მინდელის სახელობის შახტა, სადაც მოხდა ბოლო 9 თვის განმავლობაში სამი აფეთქება. მინდელის სახელობის შახტა ექსპლუატაციაში 1973 წელს შევიდა, საპროექტო სიმძლავრით 600 ათასი ტონა ქვანახშირი – წელიწადში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მაია მეცხვარიშვილი