სამართალი

ჟურნალისტური გამოძიება “ნაციონალური გაკულაკება” [Video]

22 იანვარი, 2011 • 2342
ჟურნალისტური გამოძიება “ნაციონალური გაკულაკება” [Video]

პატრიოტთა ბანაკების მშენებლობა საქართველოში 2004 წლიდან დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, სახლმწიფო პროგრამა ზაფხულში ათასობით ახალგზრდას თანატოლებთან დასვენების და გართობის საშუალებას აძლევს.

საპრეზიდენტო პროგრამა დროთა განმავლობაში განვითარდა და მასშტაბური ხასიათი მიიღო. ახალციხის, ანაკლიის, განმუხურის, ვარციხის, ყვავილნარის პატრიოტთა ბანაკები უკვე ქვეყნის ისტორიად იქცა.

monitori.ge
monitori.ge

2005 წელს პატრიოტთა ბანაკი გურიაში, გრიგოლეთში, გაიხსნა. გურიის ბანაკს ყვავილნარის პატრიოტთა ბანაკი ეწოდა. ყვავილნარი იმ დასასვენებლ კომპლექსს ერქვა, სადაც პატრიოტებმა კოტეჯები იქირავეს. ყვავილნარის პატრიოტთა ბანაკს პრეზიდენტი სააკაშვილი ორჯერ სტუმრობდა.

დასასვენებელი სეზონი სექტემბერში დამთავრდა. პატრიოტთა ბანაკი გურიას მომავალ ზაფხულამდე დაემშვიდობა. 6 თვის შემდეგ, 2006 წლის თებერვალში, შპს “ყვავლინარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კორნელი კუკულაძე ქუთაისში, საოლქო პროკურატურაში, დაიბარეს.

დაკითხვის შემდეგ კორნელი კუკულაძე დააპატიმრეს. პროკურატურა ბრალად უყენებდა 19 წლის წინათ, 1987 წელს, განვითარებულ მოვლებს. კერძოდ, “უკანონო მეთოდებით კორნელი კუკულაძემ მოახერხა რა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიაზე “ფიჭვნარში“ 49 ერთეული კოტეჯის, საპირფარეშოს, სასადილო შენობის, საწყობისა და საყარაულო ჯიხურის აგება, დასასავენებელი კომპლექსისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დასაუფლებლად“.

პროკურატურა მისგან კერძო საკუთრების, ზღვის სანაპიროზე მიწის და მასზე განთავსებული კოტეჯების სახელმწიფოსთვის ჩუქებას მოითხოვდა. ეს სწორედ ის კოტეჯები იყო, სადაც ზაფხულში პატრიოტები ისვენებდნენ.

პროკურატურაში, როგორც კორნელი კუკულაძე იხსენებს, უძრავი ქონების მთლიანად დათმობას მოითხოვდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებაში კუკულაძეების ნაცნობი, გავლენიანი პირი ჩაერთო, ქონების მცირე ნაწილის დატოვებაზე დათანხმდნენ.

2006 წლის 10 თებერვალს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ დურმიშხან ჟორჟოლიანმა დააკმაყოფილა პროკურორის ალექსანდრე ჭაბუკიანის და გამომძიებლის დავით ლეპერტის შუამდგომლობა და პატიმრობის ნაცვლად აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს სახით კორნელი კუკულაძეს 600 ათასი დოლარი შეუფარდა. ვატო კუკულაძე იხსენებს, რომ მამის თავისუფლების სანაცვლოდ ძვირადღირებული ქონება დათმო. თუმცა, კორნელი კუკულაძე თანახმა იყო, ბრალი არ ეღიარებინა და ციხეში წასულიყო.

– “მოგახსენებთ, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფ. წყალწმინდაში საკუთრებაში მქონდა უკანონოდ მისაკუთრებული 6,8ჰა მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც, ვინაიდან გავაცნობიერე ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაული, 6ჰა მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 25 კოტეჯით დავუბრუნე და ვაჩუქე უსასყიდლოდ, როგორც უკანონოდ მისაკუთრებული, სახელმწიფოს, რაზედაც განცხადებით მივმართე ლანჩხუთის პრივატიზების სამმართველოს“, – ეს განცხადება კორნელი კუკულაძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის, მიხეილ ჩოგოვაძის სახელზე დაპატიმრებიდან მესამე დღეს დაწერა.

მას შემდეგ, რაც ქუთაისის სააოლქო სასამართლოდან ისევ პროკურატურაში დააბრუნეს, მას უკვე ელოდებოდნენ ნოტარიუსი და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი. თუმცა, იმ ქონების გაჩუქება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდა, გაუჭირდა. იმის გამო, რომ ხელი აუკანკალდა, განცხადების დასრულება ვერ შეძლო…

ჩუქების განცხადების დაწერაში, როგორც კორნელი კუკულაძე იხსენებს, მას მაია აფხაზავა დაეხმარა. მაია აფხაზავა იმ დროს საქართველოს ეკონომიკის სამინიტროს წარმომდაგენელი იყო. მან თავის ხელით მიუწერა სასურველი ტექსტი, რასაც განცხადებაში მისი ხელნაწერი ადასტურებს:

– “სურვილი მაქვს, ჩემს საკუთრებაში სოფელ წყალწმინდაში მდებარე 6,8327 ჰექტრიდან დავიტოვო 8327, ხოლო დანარჩენი 6 ჰექტარი გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ“.

გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარინე კიკნაძემ კორნელი კუკულაძე თაღლითობის მუხლით დამნაშავედ სცნო და 3 წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი