სამართალი

პროკურატურა სერგო თეთრაძის სამართლებრივი რეაბილიტაციის პროცედურებს იწყებს

25 დეკემბერი, 2015 • 1943
პროკურატურა სერგო თეთრაძის სამართლებრივი რეაბილიტაციის პროცედურებს იწყებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძისა და პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული პირების: დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის, სერგო ჩაპლიგინის რეაბილიტაციისთვის შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის განაჩენი, რომლის თანახმადაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი დამნაშავედ სცნო სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგო ჩაპლიგინის წამების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად დაუნიშნა თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

“საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბაჩანა ახალაიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მეგის ქარდავას, ალექსანდრე მუხაძის, ოლეგ ფაცაციას და ვიქტორ ყაჭეიშვილის მონაწილეობითა და ორგანიზებით, 2011 წლის სექტემბერში გამოგონილი ,,ჯაშუშობის“ ბრალდებით დაკავებული იყვნენ პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგო ჩაპლიგინი, რომელთა მიმართაც სამხედრო პოლიციაში აღიარების მიღების მიზნით ადგილი ჰქონდა წამებას. ასევე სერგო თეთრაძის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

2011 წლის 25 ოქტომბერს დავით ლონდარიძე, გიორგი გორელაშვილი და სერგო ჩაპლიგინი უკანონოდ გასამართლდნენ ჯაშუშობის ბრალდებით და საპატიმრო დაწესებულება მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მიიღეს პოლიტპატიმრის სტატუსი. სერგო თეთრაძის მიმართ კი საქმე შეწყდა მისი გარდაცვალების გამო.

საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მსჯავრდებულების: გიორგი გორელაშვილის, დავით ლონდარიძისა და სერგო ჩაპლიგინის მიმართ გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით, ხოლო სერგო თეთრაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა არა მისი გარდაცვალების, არამედ მარეაბილიტირებელი საფუძვლით – მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

ამავდროულად, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგო ჩაპლიგინის მიმართ ჩადენილი დანაშაულების ორგანიზატორის ბაჩანა ახალაიას მიმართ, წამების და სექსუალური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით, საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

ჯაშუშობის საქმე სერგო თეთრაძის და კიდევ სამი პირის წინააღმდეგ

თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა. მის სახლში ჩატარდა ჩხრეკა. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მანამდე ქარდავა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ამავე უწყებაში მან თან გაიყოლა როგორც მეგის ქარდავა, ისე ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა”. თეთრაძეს კიდევ სამ ადამიანთან ერთად, ვიცე–პოლკოვნიკ დავით ლონდარიძესთან, გია გორელიშვილთან და სერგო ჩაპალკინთან ერთად ბრალი დასდეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშური ქსელის ჩამოყალიბებაში. ამ ბრალდებას გარდაცვლილი თადარიგის ოფიცრის მეუღლე აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ კომპიუტერული მეხსიერების ბარათი, რომელიც თითქოს მის ქმარს უპოვეს სახლში და რომელიც მისი ჯაშუშურის გეგმების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა მის ბინაში თვითონ ჩადეს და შემდეგ ეს სასამართლო პროცესზე აღიარეს. ნანა თეთრაძის თქმით, ეს მეხსიერების ბარათი 2011 წელს მისი ქმრის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მთავარი მტკიცებულება იყო. იმავეს ამბობს იმავე საქმეზე დაკავებული და შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული გია გორელიშვილიც, რომლის თქმითაც, მეხსიერების ბარათი სახლში მასაც “ჩაუდეს”.

“სერგო თეთრაძემ საერთოდ ამ ფლეშკის გამოყენებაც კი არ იცოდა, რაზეა ლაპარაკი?! ჩემს მეუღლეს უშუალოდ ბაჩო ახალაია აწამებდა, მაგრამ ჯერაც არ მისულა საქმე იქამდე. უშუალოდ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა აწამებდნენ მას და ეს სერგომ თვითონ უთხრა პირველ ადვოკატ თამილა იასეიშვილს, როდესაც ცოცხალი იყო ციხეში ყოფნის დროს. შემდეგ ეს ამ ადვოკატმა სასამართლო პროცესზეც გაიმეორა. მან მაშინ უთხრა ადვოკატს, რომ ძალიან ბევრნი აწამებდნენ, მაგრამ უშუალოდ ამოვიცანი და შემიძლია დავასახელო მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაიაო. ჯერჯერობით ბაჩო ახალაია ამ საქმეში არ ფიგურირებს. მე ვადანაშაულებ რეჟიმს, თავიდან ბოლომდე. ვინც იყო შემსრულებელი და ვინც ორგანიზატორი. მოიყვანონ ორგანიზატორები და დასვან აქ. რა უნდოდათ ომის ვეტერანისგან, რომელიც თადარიგის ოფიცერი იყო… რა უნდოდათ?! რატომ აწამეს იგი ახალაიამ და ქარდავამ?! ყველას ბრალეულობა უნდა დადგინდეს, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მკვლელებთან არანაირი კოჰაბიტაცია არ არსებობს. მე არ მივიღებ საშუალო განაჩენს, აუცილებლად განაჩენი უნდა იყოს მკაცრი. ჩვენ არ გავჩერდებით”, – აცხადებს ნანა თეთრაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი