სამართალი

ქსენოფობია ქუჩიდან ინტერნეტში

20 დეკემბერი, 2010 • • 1393
ქსენოფობია ქუჩიდან ინტერნეტში

მხარდამჭერთა მობილიზაციას და სამომავლო ანტიკავკასიური პროტესტის ორგანიზებას რუსი ნაციონალისტები უკვე ბლოგების მეშვეობითაც ცდილობენ.  ნაციონალისტები საკუთარ მხარდამჭერებს აფრთხილებენ, რომ ათდღიანი პროტესტისა და ათასობით დაკავებულის შემდეგ   ქუჩაში  პროტესტის ღიად გამოხატვას მოერიდონ. ისინი ანტიკავკასიურად განწყობილ ახალგაზრდებს მოქმედების უფრო „ჩუმ და ეფექტურ გზას სთავაზობენ“.

იური ეკიშევი საკუთარ ბლოგზე წერს, რომ სამართალდამცავებმა 19 დეკემბერს კრასნოიარსკში ნაციონალისტური ორგანიზაციის ადგილობრივი ხელმძღვანელი ეკლესიიდან დროებით გამოსვლის შემდეგ დააკავეს და მას „აღსარების ჩაბარების უფლებაც კი არ მისცეს.“

„პოლიციის მსგავსი უკანონო ქმედებები მართლმადიდებლური დღესასწაულის, ნიკოლოზობის დღეს არის შეურაცხმყოფელი და მკრეხელური რუსი ადამიანისთვის. „ეროვნული ფრონტის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია,  რომ წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი დაგვეხმარება, განვახორციელოთ რუსული  სასწაული და რუსეთი გავანთავისუფლოთ მონობისგან. დიდება რუს ერს!“-წერს იური ეკიშევი.  ის ასევე მოუწოდებს მკითხველს შეატყობინონ რუსი ნაციონალისტების დაკავების შესახებ.

ეკიშევს ბლოგზე უდევს ერთ-ერთი რუსული რადიოგადაცემის ჩანაწერი, სადაც რუსეთში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსი სტეფანი. სასულიერო პირის თქმით, ნაციზმი და ქსენოფობია არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ რუსებთან კავშირში. „რუსი ერის გენოციდმა მიგვიყვანა იქამდე, რაც ბოლო დღეებში ხდება“-ამბობს არქიეპისკოპოსი.  მისი თქმით, რუსების ახალი თაობა ხვდება, რომ ის „საკუთარ მიწაზე მასპინძელი არ არის.“

teek.livejournal.com
teek.livejournal.com

ბლოგებზე ასევე გავრცელდა „მოძრაობა 11 დეკემბრის“ მანიფესტი, სტრატეგია, მოქმედების გეგმა და პროგრამა. ნაციონალისტური მოძრაობის 3 ძირითადი მიზანია ამ მოძრაობის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება,  კავკასიელი და შუა აზიელი ადამიანების იძულება, დატოვონ რუსეთის ქალაქები და ასევე ეროვნული მთავრობის ფორმირება. მათ მიზნებში  ასევე წერია, რომ ნებისმიერი არარუსი, „არათეთრი“ ეროვნების  ადამიანმა სამომავლოდ რუსეთი ერთ თვეში უნდა დატოვოს, წინააღმდეგ შემტხვევაში, მას მთავრობის სასიკეთოდ მთელი ცხოვრება მოუწევს მუშაობა. 5 –წლიანი პატიმრობა დაემუქრება მას, ვინც რუსოფობიაში იქნება ბრალდებული.

რუსული ბლოგების ნაწილზე რუსეთში განვითარებული მოვლენების სხვადასხვა ვერსიას ყვებიან.  ისინი მოვლენათა ზუსტ ქრონოლოგიას წერენ და ამტკიცებენ, რომ ქსენოფობური ისტერიკა რუსეთში ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. დასტურად კი ბლოგზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თანამშრომელთა ფოტოებს აქვეყნებენ, რომლებიც არეულობის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და მითითებებს აძლევდნენ პროვოკაციის მომწყობებს.

ბლოგერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ორგანიზაცია «НАШИ»-ს   ერთ-ერთი ყოფილი წევრი, ლეონ არზუმანიანი არეულობების ორგანიზატორებთან დაახლოებული პირია. ბლოგერების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ის სწორედ ნიღბიანი ორგანიზატორების გვერდით დგას და ხელშიც საპროტესტო პლაკატი უჭირავს. ბლოგერები ასევე წერენ, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადმა ახალგაზრდულმა ორგანიზაცა «НАШИ»-მ ეს ინფორმაცია უარყო. ორგანიზაციის პრესსამასახურში თქვეს, რომ ლეონ არზუმანიანი უბრალოდ ძალიან ჰგავს მათ ერთ-ერთ აქტივისტს.

რუსულ ბლოგებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველწამიერად ქვეყნდება, მათ შორის, ძალიან ბევრი ფოტო და ვიდეო მასალა.  რუსი ნაციონალისტები სწორედ სოციალური ქსელებისა და ბლოგების საშუალებით ახდენენ ორგანიზებას, დარაზმვას და სამომავლო გეგემების შეთანხმებას. თავის მხრივ, არსებობენ ბლოგერები, რომლებიც მოსალოდნელი საშიშროების შესახებ აფრთილებენ როგორც კავკასიელებსა და შუააზიელებს, ასევე რუს ნაციონალისტებს. მაგალითად, დღეს ერთ-ერთ ბლოგზე გამოქვეყნდა მიმართვა ნაციონალისტებისადმი.  ავტორი ყველა „რუს პატრიოტს“ მოუწოდებს, რომ  ქუჩებში მაქსიმალურად შეიკავონ თავი, რადგან ათასობით თანამოაზრის მსგავსად  დაკავებას გადაურჩნენ. ნაციონალისტები საკუთარ თანამოაზრეებს ბრძოლის უფრო ეფექტურ და უსაფრთხო გზას სთავაზობენ, თუმცა ბლოგებზე ღიად არ წერია, ეს გზა რას გულისხმობს.

რუსულ ბლოგებზე გავრცელებული ვიდეო,კავკასიელებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი