სამართალი

არაადამიანური ყოფა

13 დეკემბერი, 2010 • 1340
არაადამიანური ყოფა

 “ერთ–ერთ დაწესებულებაში ფიზიკური შეზღუდვის მქონე პაციენტი (არ აღენიშნება მენტალური შეზღუდვა), საინვალიდო ეტლის არქონის გამო, მუდმივად საწოლშია მოთავსებული. მონიტორინგის დროს ქალბატონი მენსტრუალური ციკლის პერიოდში იწვა პლასტმასის საყოფაცხოვრებო ტაშტზე, ვინაიდან, თხოვნის მიუხედავად, მას არ მიაწოდეს ჰიგიენური პაკეტი. გარდა ფიზიკური დისკომფორტისა და ჰიგიენის წესის დარღვევისა, ბენეფიციარი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა.”

ეს სიტუაცია სახალხო დამცველის პრევენციის სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) დაწესებულებების მონიტორინგზე დააფიქსირა.

 შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასების მიზნით, 2010 წლის 27 სექტემბრიდან – 5 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა მონიტორინგი განახორციელეს შშმ პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულებებში. მონიტორინგი განხორციელდა 8 სახელმწიფო რეზიდენტულ დაწესებულებაში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, ზრდასრულები და ხანდაზმულები არიან განთავსებულნი.

სპეციალური ანგარიში,  რომელიც ასახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს  სახელმწიფო ზრუნვის რეზიდენტულ დაწესებულებებში, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა  საზოგადოებას 10 დეკემბერს წარადგინა.

მონიტორინგის დროს სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა შეისწავლა:  ბენეფიციართა საცხოვრებელი პირობები, მოპყრობის მდგომარეობა, მოვლისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები, არასათანადო მოპყრობის ფაქტები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ანგარიშის პრეზენტაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძეც ესწრებოდა. სახალხო დამცველმა განსაკუთრებით რამდენიმე ასპექტი გამოყო, რომლებზეც  სახელმწიფო უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირებაა საჭირო.

 

•             არასათანადო და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები დაწესებულების ბენეფიციარებისადმი, რომელიც ხორციელდებოდა როგორც პერსონალის, ისე სხვა ბენეფიციარების მიერ.

•           სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების სერიოზული განხილვა.

•           არაადაპტირებული გარემო, რომელიც  ამ ადამიანებს უზღუდავს არა მხოლოდ თავისუფალ გადაადგილებას, არამედ, რიგ შემთხვევებში, გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებასაც არ აძლევს. მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილია ფაქტები, როდესაც ბენეფიციარები წლების განმავლობაში ოთახიდან ვერ გამოდიან, რადგან არ აქვთ საინვალიდო ეტლი და გარემო არ არის ადაპტირებული.

•           ინფრასტრუქურა, რომელიც დაუყოვნებლად საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს.

•           პერსონალის უფლებების დარღვევის ფაქტები. რომელიც უშუალო კავშირშია  ბენეფიციართა უფლებრივ მდომარეობასთან.

•           სამედიცინო დახმარების ნაკლებობა. ბენეფიციართა მკურნალობისა და მოვლის სტანდარტი არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს.

•           პირადი ცხოვრების თავისუფლების შეზღუდვა: ზრდასრულ ბენეფიციარებს არ აქვთ შვილებთან ერთად ცხოვრებისა და მათზე ზრუნვის საშუალება.

 

მონიტორინგის ანგარიშში წერია, რომ, ზოგადად, ბენეფიციარები არ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას კვებასთან დაკავშირებით. თუმცა ძევრის ერთ–ერთი ბენეფიციარის განცხადებით, ახლომდებარე სოფელში სამუშაოდ იმ მიზეზით გადიან, რომ დაწესებულების საკვები საკმარისი არ არის: თქვენი ვიზიტის გამო, დღეს კარგი ბორში და დიდი პურის ნაჭერი გვქონდა, ხვალ ამას აღარ მოგვცემენ“ –  ციტატა  ბენეფიციარის სიტყვებიდან.

 

როგორც პრევენციის ჯგუფის წევრებმა თქვეს, ბევრ დაწესებულებაში ფიქსირდება ფიზიკური შეზღუდვის ფაქტები. ერთ–ერთ შშმ ბავშვთა დაწესებულებაში 6 წლის ბენეფიციარი მოთავსებული იყო მჭიდროდ მომდგარ კომბინიზონში, სახელოს ნაცვლად, ხელები აღმზრდელების მიერ ჩატანებული ჰქონდა სხეულთან, ხოლო სახელოები დამატებითი ფიქსაციის მიზნით გადაკრული იყო კომბინიზონის გარეთა მხრიდან. ამგვარ მდგომარეობაში ბავშვი გაურკვეველი დროის (ვინაიდან დაწესებულებას არ აღმოაჩნდა არანაირი ჩანაწერი) განმავლობაში იმყოფებოდა საწოლში, ხანდახან მარტო, მეთვალყურეობის გარეშე. აღნიშნული ფიზიკური შეზღუდვის შედეგად ბენეფიციარს ეზღუდება არა მხოლოდ ზედა კიდურების მოძრაობა, არამედ საწოლში ნებისმიერი სახით გადაადგილება. ბენეფიციარი უსინათლოა.

 

გარდა ამგვარი ფიზიკური შეზღუდვებისა, თითქმის ყველა დაწესებულებაში ინვალიდის ეტლიანი ბენეფიციარების გადაადგილება იზღუდება, ვინაიდან არაადაპტირებული გარემოს გამო, ისინი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან ვერც შენობის შიგნით და ვერც მის გარეთ. შენობები არ არის აღჭურვილი ლიფტითა და პანდუსით (სპეციალური რელსები). ამავე დროს ბენეფიციარების გარკვეულ რაოდენობას არა აქვს საინვალიდო ეტლი.

მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ნატალია სადრაძე თავადაც ინვალიდის ეტლით სარგებლობს. როგორც მან თქვა, მონიტორინგის პროცესში მისი გადაადგილება პრობლემა იყო და მუშებს ხელით დაყავდათ სართულიდან სართულზე.

რაც შეეხება სქესობრივი ცხოვრების საკითხებს, არც ერთ დაწესებულებაში ბენეფიციარებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიეწოდებათ. “არ არსებობს ერთიანი მიდგომა ბენეფიციართა სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და, ამავე დროს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად. დუშეთის შშმ პირთა სახლში სქესობრივი კავშირების საკითხზე სრულწლოვან ბენეფიციართა ინფორმირება გამოიხატება დაწესებულების უფროსის საუბრებით, რაც, ძირითადად, ამგვარი კავშირების აკრძალვით შემოიფარგლება”,- წერია ანგარიშში. ერთ-ერთმა სრულწლოვანმა ბენეფიციარმა მონიტორინგის ჯგუფს  განუმარტა: ,,ეს ჩვენთვის არ შეიძლება, ჩვენ ერთმანეთის დები და ძმები ვართ, ხოლო ეს გიჟები მხოლოდ გვარცხვენენ“.

 

ანგარიშში ნათქამია, რომ ყველა დაწესებულებაში აღინიშნება პერსონალის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვანი ნაკლებობა. ამასთან ერთად, პერსონალს საკმაოდ გადატვირთული სამუშაო და ნაკლები ანაზღაურება აქვს, რაც, ომბუდსმენის თქმით,  უარყოფითად აისახება უშუალოდ ბენეფიციართა მდგომარეობაზე.

 

ანგარიშის პრეზენტაციაზე სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სხვა პასუხისმგებელ ორგანოებს. გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს პასუხისმგებელი უწყებებიდან, რათა დაწესებულებებში აღარ განმეორდეს ადამიანის უფლებათა  დარღვევის ასეთი ფაქტები.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე სპეციალურ ანგარიშს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი