სამართალი

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სხვადასხვა ხედვა

19 ნოემბერი, 2010 • • 1536
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების სხვადასხვა ხედვა

როგორი საარჩევნო კოდექსი სურს ოპოზიციას –  ნაწილობრივ ცნობილია. რა არ სურს ხელისუფლებას, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესშია ჩართული, ნელ–ნელა იკვეთება.

საკითხები, რომლებზეც ხელისუფლების და ოპოზიციის ხედვა ერთამენთს მეტ–ნაკლებად ემთხვევა, არსებობს, თუმცა ეს იშვიათი გამონაკლისია.

შესაბამისად, რთული ხდება პროგნოზირება იმ პროცესისა, რომლის ფარგლებშიც 16 პოლიტიკური სუბიექტი ერთამანეთს მრგვალი მაგიდის ირგვლივ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ხვდება.

ცნობილია, რა სურს ე.წ. რვიანს, ანუ რვა პოლიტიკურ პარტიას, რადგან მათ საკუთარი კანონპროექტი რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროვეს  და ღიად წარუდგინეს საზოგადოებას. ცნობილია, რა სურს ქართული დასის ხელმძღვანელს, ჯონდი ბაღათურიას,  ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიას და სხვებს.

ისინი ღიად საუბრობენ პრობლემებზე, რომლებიც, მათი აზრით, არსებულ საარჩევნო კოდექსშია.

თუ რა სურს ხელისუფლებას, რთულია პირდაპირ თქვა, თუმცა ის, რაც არ სურს, უფრო – ნათელი.

პავლე კუბლაშილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ნეტგაზეთთან საუბრისას, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ რამდენიმე საკითხზე ღიად აფიქსირებს პოზიციას.

დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე კი, ამბობს, რომ წინასწარი განწყობებით  „საქმე გაფუჭდება“.

რვიანის საარჩევნო კანონპროექტში ხუთი ძირითადი თავია წარმოდგენილი, მათ შორის ერთ–ერთი – პარლამენტში დეპუტატების მაჟორიტარული სისტემით არჩევის წესს შეეხება.

ეს ის საკითხია, რომელზეც  პოზიცია  საქართველოს პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელია მაჟორიტარების ისეთი წესით არჩევა, რომელიც გარკვეულ რაიონებს მაჟორიტარების გარეშე დატოვებს. არსებული კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტში თითოეულ მუნიციპალიტეტს (მთლიანობაში 75 მუნიციპალიტეტი) საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს.

კუბლაშვილმა ჩვენთან საუბარში პრეზიდენტის მოსაზრება გაიზიარა და თქვა:

„ეს არის ჩემი  და ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ვერ წარმომიდგენია, რომ  ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ მხარი დაუჭიროს ისეთ მოდელს , რომლითაც ყაზბეგის რაიონს, ონის რაიონს და სხვა რაიონებს  არ ეყოლება მაჟორიტარი. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე პარტია შეძლებს და,  შესაბამისად, ღიად დაასაბუთებს ამას. ვფიქრობ, რომ ეს ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც მსჯელობა, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე ცოტა უფრო მკვეთრია, ვიდრე – სხვა დანარჩენ საკითხებზე“.

რვიანის მიერ შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 75 მაჟორიტარი დეპუტატი რეგიონალურ–პროპორციული სისტემით აირჩევა, რის შედეგადაც ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, დამსხვილდება საარჩევნო ოლქები და პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი ცალკეულ მუნიციპალიტეტებს აღარ ეყოლებათ. თუკი  საარჩევნო ოლქში 100 ათასამდე ამომრჩეველია, ის ოლქი პარლამენტში 2 მანდატს მიიღებს. თუ ოლქში 100 -200 ათასამდე ამომრჩეველია, ის 3 მანდატს მიიღებს, ხოლო 200 ათასიდან ზემოთ – 4 მანდატს.

წარმოდგენილ ცვლილებას პრეზიდენტი და  ნაციონალური მოძრაობა არ ეთახნმება.

„დღეს რა თქვა სააკაშილმა ამა თუ იმ თემაზე, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, როდესაც დადგება კონკრეტული საკითხი, ვინ რას იტყვის, ვთანხმდებით, თუ არ ვთანხმდებით“,–ამბობს დავით უსუფაშვილი.

საარჩევნო სიების თემა ბოლო წლების მანძილზე პოლემიკის ერთ–ერთი ყველაზე მწვავე საგანია.

პრობლემის გადაჭრის ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ გამოსავლად რვიანის წარმომადგენლებს ბიომეტრული პასპორტები მიაჩნიათ.

ხელისუფლება არ არის წინააღმდეგი ბიომეტრული პასპორტების, თუმცა ამბობს, რომ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით პრობლემა ისედაც არ არსებობს.

„მთავარია, კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს ბიომეტრული პირადობის მოწმობების და პასპორტების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის. ამ საკითხებზე, ბუნებრივია, მსჯელობა უნდა გვქონდეს. რამდენად იქნება ეს დაცვის ახალი და უფრო ეფექტური მექანიზმი სიებთან, ან ნებისმიერ სხვა საკითხთან მიმართებაში,–ამბობს კუბლაშვილი – “არ ვფიქრობ, რომ ეს არის რაიმე დამატებითი გამოსავალი, თუმცა არც გამოვრიცხავ, რომ ამ შემოთავაზებაზე ჩვენი პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდეს და საბოლოო ჯამში, ერთი და იგივე პოზიციები ჩამოვაყალიბოთ“.

უსუფაშვილი ამბობს, რომ არ სურს წინასწარი საუბრებით საქმე გააფუჭოს:

„ზოგად პრინციპს გეტყვით: როდესაც ვსვამთ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ახალი სისტემის საკითხს, ეს ჩვენი ახირება კი არ არის, ამას ვამბობთ ძალიან მარტივი საკითხის გამო. საქართველო 20 წელია დამოუკიდებელია, მათ შორის 7 წელი ამ ხელისუფლების ხელში ვცხოვრობთ და რა გახდა ამ შვიდი წლის მანძილზე, რომ ჩვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა იყოს ისეთივე დაცული, როგორც – ჩვენი საკრედიტო ბარათი?!“

თანაბარი პირობები საარჩევნო სუბიექტებისთვის და საარჩევნო პროცესში სხვადასხვა ტიპის რესურსების გამოყენების საკითხი ერთდროულად რამდენიმე პარტიას აქვს წარმოდგენილი, მათ შორის ქართულ დასს, ასევე – რვიანს, თუმცა რა პოზიცია აქვსრვიანს , საჯაროდ არ არის ცნობილი.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტთა და ექსპერტთა ნაწილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მედიის გარემოს გაუმჯობესებისთვის, 70-80%–ით ფარავს თანაბარი საარჩევნო გარემოს პრობლემას, მიზეზს კი იმ მოტივით ხსნის, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ წინასწარი მომზადების ორთვიანი პროცესი, არამედ ეს არის მუდმივი პროცესი, სადაც მნიშვნელოვანი როლი აქვს მედიის მუშაობას. ამ მიზეზით, უსუფაშილი ფიქრობს, რომ ამ კანონპროექტს, საარჩევნო კოდექსის  გაუმჯობესების მიზნით, შეკრებილ პოლიტიკურ სუბიექტებს წარუდგენს. უსუფაშილი ამბობს, რომ ის ნაწილობრივ იცნობს ბაღათურიას და ქართული დასის ინიციატივასთან შეთანხმება შესაძლებელია – ამბობს ის.

ბაღათურიას პროექტის მიხედვით, რესურსები, ფინანსური თუ ადამიანური, ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ არათანაბარი პირობები არ შეიქმნას პოლიტიკური პარტიებისთვის. ერთ–ერთი ინიციატივა, რომელიც ბაღათურიას აქვს, ითვალისწინებს ფინანსური ხარჯების ზედა ზღვარის დაწესებას.

ხელისუფლებას ამ საკითხზე სხვა მოსაზრება აქვს და არც ქართულ დასს და არც რვიანს არ ეთანხმება. კუბლაშვილი ფიქრობს, რომ თანაბარ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საარჩევნო  კოდექსში პრობლემური საკითხი არ არსებობს:

„არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე და პოლიტიკური პარტიები არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებული. ერთადერთი სხვაობა, რაც აქ შეიძლება არსებობდეს, ეხება კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებს. აქ განსხვავება, ბუნებრივია, იქნება და ეს ასეა ნებისმიერი საარჩევნო მოდელის პირობებში“.

მიუხედავად წინასწარ გამოთქმული განსხვავებული აზრებისა და  დამოკიდებულებისა საკითხების მიმართ, არსებობს მოლოდინი, რომელიც ოთხშაბათს, პოლიტიკური პარტიების რიგით მეორე შეხვედრისას, მიღებული გადაწყვეტილებით არის გამყარებული.

ყველა საკითხი, არ აქვს მნიშნელობა, თუ რა თემას ეხება და ვის მიერ არის წარმოდგენილი, ოთხშაბათობით ცესკოს შენობაში პოლიტიკური სუბიექტების მიერ იქნება განხილული .

ოპოზიცია ამბობს, რომ მისი ბერკეტი ამ პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობაა. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც მათთვის პრიორიტეტულია ოპოზიციის პროცესებში ჩართვა და მათთან საუბარი.

პროცესებში ჩართვის შედეგი მაშინ გახდება ცნობილი, როცა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის შეკრებილი პარტიები კონკრეტული საკითხების განხილვას დაიწყებენ.

ე.წ. რვიანი რესპუბლიკელებსახალ მემარჯვენეებსქრისტიან–დემოკრატებს ,ეროვნულ ფორუმს, ხალხის პარტიას, კონსერვატიულ პარტიასსაქართველოს გზასთავისუფალ დემოკრატებს აერთიანებს.

მათ ერთად მოამზადეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას ოქტომბერში გააცნეს. მას შემდეგ ეს რვა პარტია მიმდინარე პროცესებში შეჯერებული შეხედულებებით ერთვება.

პროცესში, რომლის მიზანიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა, ჩართულია 17 პოლიტიკური სუბიექტი და 2 საპარლამენტო პარტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი