სამართალი

განახლებული სამართალი

4 ნოემბერი, 2010 • 1757
განახლებული სამართალი

ფოტო: გვანცა კორძახია
ფოტო: გვანცა კორძახია

ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრებს არ ექნებოდათ უფლება, შვილის მკვლელების დასჯა მოეთხოვათ.

ცვლილებებით,  რომელიც ერთი თვის წინ შევიდა ძალაში,  გირგვლიანის მშობლები ვეღარ გაასაჩივრებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს სხვა ინსტანციებში.

«ჩვენ, როგორც დაზარალებულ მხარეს, უფლება გვქონდა, თითოეულ სხდომაზე განცხადებები გაგვეკეთებინა, მოგვეთხოვა და წარგვედგინა მტკიცებულებები; გვქონდა უფლება, გამოძიების შედეგებს და საქმის მასალებს გავცნობოდით. მაგალითად, მოვითხოვეთ – მკვლელობის ღამეს სუფრაზე მსხდომი პირების სატელეფონო ზარების ამონაბეჭდი”, – ამბობს გირგვლიანების ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე. 

ახალი საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაზარალებული მხარეს აღარ წარმოადგენს. იურისტების თქმით, დაზარალებულის ახალი სტატუსი სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

შავგულიძე ამბობს,  რომ  გირგვლიანის საქმეზე ”საბოლოოდ, ჩვენ, დაზარალებულმა  მხარემ შევქმენით  სურათი, სადაც  ნათლად დავანახეთ საზოგადოებას გამოძიებისა და სასამართლოს პროცესების დროს გამოვლენილი დარღვევები.   პროცესის მონაწილე მხარე რომ არ ვყოფილიყავით, ამ სურათის შექმნა და შემდეგ საქმის ევროპის სასამართლომდე მიტანა ძალიან გაგვიჭირდებოდა».

ცვლილებების მიხედვით, «დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა»– სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება– დაზარალებულის ახალი სტატუსი. კანონის მიხედვით, დაზარალებულს წაერთვა უფლება, იყოს პროცესის მონაწილე მხარე. შესაბამისად, ის ვერც  სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას შეძლებს.

სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება, ახალი კანონის მიხედვით, მხოლოდ ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს აქვთ.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ  ეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აშშ–სა და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს მაგალითზე შევიდა.

აღნიშნული ცვლილების პოზიტიურ მხარედ მთავრობა იმას ასახელებს, რომ ბრალდებულს ერთდროულად ორ ბრალმდებელთან – პროკურორთან და დაზარალებულთან– პაექრობა აღარ მოუწევს.

«დაზარალებული არის პიროვნება, რომელსაც უშულოდ მიადგა ზიანი და მას იმის უფლება მაინც უნდა მიეცეს, თავისი პოზიცია ან მოთხოვნა დააფიქსიროს –  რას ითხოვს მართლმსაჯულებისგან », – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მიხო ღოღაძე. 

ამავე ორგანიზაციის  წევრი გაგი მოსიაშვილი კი ამბობს: „ ნორმა –დაზარალებული მხარედ აღარ ჩაითვალოს, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მისაღებია, თუმცა არ ვიცი, ეს ფაქტი ქართული საზოგადოების მხრიდან აღქმული როგორ იქნება.  აღქმაში იმას ვგულისხმობ, რომ თუ დაზარალებულის მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული ისე, როგორც მას უნდა–მაგალითად, თუკი შვილის მკვლელი ისე არ დაისჯება, როგორც დაზარალებულ მხარეს უნდა და ის სახელმწიფოს მხრიდან სამართალს ვერ მიაღწევს, ამან შესაძლოა, სხვა დანაშაულისკენ უბიძგოს დაზარალებულს”.

დაზარალებულის ინტერესებს, ახალი კანონით, პროკურორი იცავს, შესაბამისად,

დამნაშავის დასასჯელად შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნა მხოლოდ პროკურორს აქვს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი 680-დან 333 მუხლამდე შემცირდა. საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ კოდექსი იმდენად მარტივ ენაზეა დაწერილი, რომ ის იურიდიული განათლების არმქონე მოქალაქეებისთვისაც ადვილად აღსაქმელია. 

ამ ცვლილებებით, პროკურორს ასევე მიენიჭა უფლება,  ნებისმიერ დანაშაულზე საქმე აღძრას და შეწყვიტოს, საჯარო ინტერესების გათვალისწინებით.

 „ასეთ დროს სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტულ პირზე შეიძლება პროკურორმა არც დაიწყოს. არ ვიცით, რამდენად იქნება სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი დაზარალებულის  უფლების დაცვა. რა იქნება ეს საჯარო ინტერესები, ესეც ბუნდოვანია და გაურკვეველი“,–ამბობს იურისტი გაგი მოსიაშვილი.

მიხო ღოღაძე საჯარო ინტერესს და ამ ინტერესით ხელმძღვანელობას ასე განმარტავს: „თუკი, მაგალითად, ექიმი, რომელიც  ერთადერთი კარგი სპეციალისტია თავის დარგში და მისი, როგორც ექიმის არსებობა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მან, ამავე დროს, ჩაიდინა დანაშაული, პროკურორს შეუძლია იხელმძღვანელოს სწორედ ამ საჯარო ინტერესით და მის მიმართ საქმე არ აღძრას.”

ძველი კანონის მიხედვით კი, გამომძიებელიც და პროკურორიც ვალდებული იყვნენ, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის ნებისმიერ შემთხვევაში საქმე აღეძრათ.

“არავინ იცის, სინამდვილეში, რას მოიტანს ეს ცვლილება და კონკრეტულ შემთხვევებში, რა გახდება საჯარო ინტერესი პროკურორისთვის. ამან შესაძლოა, მძიმე დამნაშავეს პასუხისმგებლობა თავიდან აარიდოს»,– ამბობს მიხო ღოღაძე.

ნეტგაზეთმა იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ, სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარეს და საპროცესო კოდექსის კანონპროექტის თანაავტორს, ოთარ კახიძეს სთხოვა განემარტა, რა შეიძლება ჩაითვალოს საჯარო ინტერესად. კონკრეტული პასუხი ნეტგაზეთმა იუსტიციის სამინისტროდან ვერ მიიღო, თუმცა სამინისტროს მიერ მოწოდებულ საპროცესო კოდექსის მიმოხილვაში ეს ცვლილება ასეა განმარტებული: „პროკურორი აღიჭურვება უფლებით, არ დაიწყოს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუკი აღნიშნული არ შეესაბამება სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკას. მოცემული პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცდება, სადაც დანაშაულის სტატისტიკისა და კრიმინოლოგიური კვლევების გათვალისწინებით, გაიწერება პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები (აღნიშნული ნაწილი იქნება საზოგადოებისათვის სრულად ხელმისაწვდომი) და ცალკეული დანაშაულების მიმართ პროკურატურის მოქმედების კონკრეტული სტრატეგია. აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს პროკურატურას, გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, გონივრულად გადაანაწილოს სახელმწიფოს ლიმიტირებული რესურსები ამ მიმართულებით და აამაღლოს დევნის  წარმოების ხარისხი და ეფექტურობა.“

ახალი კოდექსით, გაუქმებულია ეჭვმიტანილის ინსტიტუტიც  და პირი დაკავებისთანავე ბრალდებულად ითვლება.

ნეტგაზეთის კითხვას – არღვევს თუ არა უდანაშაულობის პრეზუმპფციას ის ფაქტი, რომ პირი დაკავებისთანავე ბრალდებულად იწოდება – იუსტიციის სამინისტრომ ასე უპასუხა:

„ეჭვმიტანილის ინსტიტუტის ამოღება არათუ აუქმებს, არამედ ამყარებს უდანაშაულობის პრეზუმპფციას. ეჭვმიტანილად პირის ცნობა და დევნის დაწყება ხდებოდა მაშინ, როდესაც ბრალდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. ახალი კოდექსით კი, ასეთ შემთხვევაში დევნა არ იწყება. ახალი კოდექსის თანახმად, თუკი პირის მიმართ არსებობს „დასაბუთებული ვარაუდი“,  მისი დევნა დაიწყება, შესაბამისად, ის უკვე ბრალდებულად შეიძლება ჩაითვალოს.“

ახალი კანონის კიდევ ერთ მუხლს აპროტესტებენ ადვოკატები, რასაც, მათი თქმით, ადვოკატების თავისუფლად მოქმედების შანსებს მინიმუმადე  ამცირებს–«ადვოკატი თვითონ ვეღარ ასაჩივრებს, ვერც შუამდგომლობას დააყენებს. მაშინ, როცა საჩივრის შეტანა და ყველა ეს მოქმედება არის ადვოკატის ყოველდღიური საქმიანობა. ადვოკატი  იძულებულია,  ყველა საჩივარი პატიმარს შეუტანოს და ხელმოწერით დაამოწმებინოს. ეს ადვოკატისთვის დაცვის შესაძლებლობას ხელოვნურად აფერხებს», –ამბობს შალვა შავგულიძე.

ნეტგაზეთის კითხვას – რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ცვლილება,  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უპასუხა:  „ბუნებრივია, რომ საჩივარზე აუცილებელია პატიმრის ხელმოწერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, წარმოიშვას გაუგებრობა – ასახავს თუ არა საჩივარი რეალურად მის ინტერესებს.“

საიას იურისტი მიხო ღოღაძე  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კიდევ ერთ ცვლილებას ასახელებს უარყოფითად:

«თუკი ძველი კანონით, პირს ზეპირი მოსმენის შემდეგ უხსნიდნენ ან არ უხსნიდნენ ნასამართლეობას, ახალი კანონის შესაბამისად, პირს ევალება ყველა საჭირო დოკუმენტაცია სასამართლოს გადასცეს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას სასამართლო სასჯელმოხდილი პირის უნახავად და მასთან გასაუბრების გარეშე გამოიტანს»,–ამბობს საიას იურისტი.

ახალი საპროცესო კოდექსის ნოვაციაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებაც, რომლის მიზანია, ბრალდებულს მიეცეს შესაძლებლობა, მისი დანაშაულის საკითხი, პროფესიონალი მოსამართლის ნაცვლად, საზოგადოების რიგითმა წევრებმა გადაწყვიტონ.

აღნიშნული ინსტიტუტის ამოქმედების მიზანი, ასევე, სასამართლოსადმი ნდობის ხარისხის გაზრდა და პროცესის გამჭვირვალობაა. 

შეიცვალა, ასევე, გირაოს მინიმალური ოდენობაც და 2000 ლარის ნაცვლად, 1000 ლარია.

აღნიშნული კოდექსითვე, თუკი მოქალაქე დანაშაულის მოწმე გახდება, მას ჩვენების მიცემას  ვერც პროკურორი დაავალდებულებს და ვერც გამომძიებელი. იმ შემთხვევაში, თუ პირი საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს, მაშინ შესაძლებელია, გამომძიებელმა და პროკურორმა ის უბრალოდ გამოკითხონ. სავალდებულო გამოკითხვა კი მოწმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ მას სასამართლო პროცესზე დაიბარებენ. 

კოდექსის ეს მუხლი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შევა ძალაში. მანამდე კი  ისევ ძველი კანონის შესაბამისად, მოწმე ვალდებული იქნება, გამოცხადდეს როგორც პროკურორთან, ასევე გამომძიებელთან და მისთვის ცნობილი ფაქტები გაამხილოს.

2012 წლის 1 ოქტომბრიდან კიდევ ერთი მუხლი შევა ძალაში –ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თბილისის გარდა, ქუთაისშიც ამოქმედდება.

საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი 2009 წლის ოქტომბერში მიიღო , რომელიც ძალაში 2010 წლის 1 ოქტომბერს შევიდა.

ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ახალი  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც  1 ოქტომბრიდან ამოქმედდა,  მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს. ოპონენტების აზრით კი, ახალი კოდექსის ზოგიერთი მუხლი ქვეყნისთვის უკანგადადგმული ნაბიჯია.  

 

კოდექსის შემუშავებაზე მუშაობდნენ სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის: უზენაესი სასამართლო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისუფლების ინსტიტუტი, ევროპის საბჭო, ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია საქართველოში (EUJUST-THEMIS), აშშ-ს საელჩო, ამერიკის იურისტთა ასოციაცია (ABA), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, გერმანიის ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის საზოგადოება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი