სამართალი

ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონოდ, დასჯის მიზნით პატიმართა საკარანტინე განყოფილებაში მოთავსება

21 ოქტომბერი, 2010 • • 1561
ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონოდ, დასჯის მიზნით პატიმართა საკარანტინე განყოფილებაში მოთავსება

სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტმა, ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, ვიზიტი განახორციელა გლდანის მერვე დაწესებულებაში, სადაც საკარანტინე განყოფილებაში პატიმართა მდგომარეობა შეისწავლა.

„დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონოდ, დასჯის მიზნით პატიმართა საკარანტინე განყოფილებაში მოთავსება, ასევე დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები საკარანტინე განყოფილებაში არსებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი პირობების და პრაქტიკის აღმოსაფხვრელად“,–ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში,რომლითაც ის სასჯელაღსრულების,პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს მიმართავს.

თუ რა მდგომარეობაა გლდანის მერვე საპყრობილის საკარანტინე განყოფილებაში, აღწერილია  წერილში, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

საკარანტინე 15 საკნიდან, 7–ში მხოლოდ სკამები დგას, ეს საკნები განკუთვნილია პატიმრების მოსათავსებლად, რომლებიც  სასამართლო პროცესებზე გაყავთ. თუმცა ამ შვიდიდან სამი საკანი გამოყენებულია დამატებით საკარანტინე ოთახად, სადაც რამდენიმედ დღით ან ერთი კვირით ათავსებენ პატიმრებს. შესაბამისად, პატიმრებს ძილი ან სკამებზე უწევთ, ან ბეტონის იატაკზე. ისინი არი არიან უზრუნველყოფილი ლეიბებითა და გადასაფარებებლებით,–ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება დანარჩენ 8 საკანს, თითო ოთახში არის სამი ორსართულიანი საწოლი, მცირე ზომის მაგიდა. სულ 48 საწოლია. ფანჯრები ამ ოთახებში სანახევროდ იღება, არ არის ლეიბები და გადასაფარებლები.

„საკანში იყო ჩახუთული ჰაერი და იდგა სპეციფიკური სუნი“,–ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებთან პატიმრებმა აღნიშნეს, რომ მათ არ მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები და არ აქვთ შხაპის მიღების საშუალება. საპიფარეშოებში არ არის ნათურები, ზოგან კი მოშლილია წყალგაყვანილობის სისტემა.

მონიტორინგის დროს, როგორც ომბუდსმენის აპარატი ამბობს, საკარანტინე ოთახში 140 პატიმარი იყო მოთავსებული. მათგან 2 სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზიდან იყო მოყვანილი, ერთმა არ იცოდა მისი საკანში ყოფნის მიზეზი, 23 კი ამბობდა, რომ შინაგანაწესის დარღვევის გამო, დასჯის მიზნით განათავსეს კარანტინის ოთახში.

„დასჯის მიზნით პატიმრების კარანტინში განთავსება გლდანის დაწესებულებაში ხშირად ხდება, თუმცა დასჯის ეს მეთოდი არცერთ საკანონმდებლო აქტში არ არის გაწერილი და, შესაბამისად, უკანონოა“,–ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საკარანტინე განყოფილებაში არ აწარმოებენ საკარანტინე საკნებიდან საცხოვრებელ საკნებში გადაყვანილ პატიმართა აღრიცხვიანობის ჟურნალს, რის გამოც, ფაქტობრივად შეუძლებელია იმის შემოწმება, რეალურად რამდენი ხანი იმყოფებიან პატიმრები კარანტინში. მონიტორინგის დროს იქ განთავსებული პატიმრებისგან მიღებული ინფორმაციით, მათი საკარანტინე ოთახში დაყოვნების პერიოდი 1–დან 15 დღემდე იყო.

გარდა საკარანტინე ოთახებისა, შემოწმდა  დაწესებულებაში ადვოკატთა შეშვების პირობებიც.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 22 საგამოძიებო ოთახში, რომლის ფართი 14.2 კვ.მ–ია, 2 მაგიდა და 4 სკამი დგას. ოთახში პარალელურად ორი შეხვედრა წარმოებს და კარი ღიაა.

„შესაბამისად, ადვოკატის და კლიენტის შეხვედრისას კონფედენციალურობის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია“,–ნათქვამია სახალხო დამცველის განცადებაში.

რაც შეეხება დაწესებულების ცენტრალურ შესასვლელთან არსებულ საშვთა ბიუროს, ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ მასში არ არის საკმარისი ინფრასტრუქტურა, მიუხედავად იმისა, რომ საშვთა ბიუროს დაახლოებით ერთი თვეა ახალი შენობა (45 კვ.მ) მიაშენეს. საშვთა ბიუროს თანამშრომლების განმარტებით, იგი ექსპლუატაციაში  2010 წლის 21 ოქტომბრიდან უნდა შევიდეს.

„ დაწესებულებისთვის, რომელშიც მონიტორინგის დროს განთავსებული იყო 3541 პატიმარი, არანაირად არ არის საკმარისი ის ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ადვოკატების შესახვედრად თავის დაცვის ქვეშ მყოფებთან. ახალი შენობაც, რომელიც ოქტომბრის ბოლოს შევა ექსპლუატაციაში, ვერ გადაჭრის არსებულ პრობლემას“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი