სამართალი

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წელი მიუსაჯეს

16 სექტემბერი, 2024 •
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წელი მიუსაჯეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

შანიძეს პროკურატურა აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებას ედავებოდა. შანიძე დაკავების დღიდან, 8 მაისიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე სასამართლოში შუამდგომლობა რამდენჯერმე დააყენა, მაგრამ მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გიორგი შანიძეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, პროკურატურამ ბრალი წაუყენა მცენარე კანაფის კულტივაციის მუხლით, რომლის ნაწილშიც შანიძეს სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დიდმა სასჯელმა შედარებით მცირე შთანთქა და საბოლოოდ გიორგი შანიძეს სასჯელის ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, თავს კრიმინალად ვერ მივიჩნევ. ამ აქციებს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი და იმიტომ ჩავიდინე ეს „დანაშაული“, რასაც მედავებიან და არა იმიტომ, რომ კამერის დაზიანება მსურს, როგორც პროკურორი ამბობს ხოლმე“, — თქვა გიორგი შანიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე.

მისი თქმით, პოლიტიკური სარჩული აქვს მის მიმართ წაყენებულ მეორე ბრალდებასაც, რომელიც კანაფის კულტივაციას ეხება და რომ არა ეს გარემოება, მოსამართლეს შეეძლო მისთვის პირობითი მსჯავრი დაეკისრებინა.

35 წლის გიორგი შანიძე ბოლო პერიოდში სარეკლამო სფეროში საქმიანობდა. შანიძე ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქართველებს შორის, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინაში გაემგზავრნენ. იგი 8 თვის განმავლობაში, როგორც დრონის ოპერატორი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრძოლაში უწევდა დახმარებას. შანიძე სამშობლოში უკრაინიდან ერთ წლის წინ დაბრუნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება განხილვა 19 და 23 წლის ახალგაზრდების საქმეზე, რომლებსაც ბრალდება პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული დროებითი რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება — ბრალის დადგენილების მიხედვით, ზიანი, რომელიც სახელმწიფოს მიადგა, 400 ლარია.

ამ თემაზე წაიკითხეთ: 6 წლამდე ციხე 150-ლარიან ზიანზე — სადავო ნორმა, რომელიც მარტის აქციების შემდეგ მიიღეს

სისხლის სამართლის ბრალდებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე კიდევ ორი პირი დააკავეს. ერთ მათგანს, შანიძის მსგავსაად, კამერის დაზიანებას ედავებიან, მეორეს კი პოლიციელზე ძალადობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი