სამართალი

თრიალეთი: ჯონი ნანეტაშვილს ექიმებმა ტვინის შერყევა და კისრის ტრავმა დაუდგინეს

8 ოქტომბერი, 2010 • • 1262
თრიალეთი: ჯონი ნანეტაშვილს ექიმებმა ტვინის შერყევა და კისრის ტრავმა დაუდგინეს

ტელერადიოკომპანია თრიალეთი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კომპანიის გენერალურ დირექტორს, რომელიც გუშინ სამართალდამცავებმა დააკავეს, ექიმება ტვინის შერყევა და კისრის ტრამვა დაუდგინეს.

ჯონი ნანეტაშვილს გუშინ გორის რაიონულმა სასამართლომ  ჯარიმა, 400 ლარის ოდენობით დააკისრა და გაათავისუფლა. ნანეტაშვილი მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ბრალდებულად ცნო სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობაში.

ინფორმაციას, რომ პროცესზე ნანეტაშვილმა უარყო დაუმორჩილებლობის ბრალდება და ამტკიცებდა, რომ სასამართლოში მიყვანამდე, პატრულის თანამშრომლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ტელერადიოკომპანია ავრცელებს.

„პატრულის თანამშრომელმა მითხრა, თითქოს მე საჭესთან მობილურ ტელეფონზე ვსაუბრობდი და ამიტომ უნდა დავეჯარიმებინე.  ვუპასუხე, რომ ეს არ იყო სიმართლე. ამის შემდეგ, მომთხოვა საბარგულის გახსნა, თან, დაუმორჩილებლობისათვის,  დაპატიმრებით დამემუქრა. ამასობაში, საპატრულო მანქანიდან კიდევ ერთი პოლიციელი გადმოვიდა, რომელმაც ხელბორკილი დამადო.  მათ შემოუერთდა  პატრულის სხვა თანამშრომლები. გადმომიყვანეს  მანქანიდან მიწაზე მათრიეს, მირტყამდნენ. მანქანის  კაპოტზე თავს მარტყმევინებდნენ” – ამბობს ნანეტაშვილი.

სასამართლოს შემდეგ,  ტელერადიო კოპანია თრიალეთის გენერალურმა დირექტორმა ჯონი ნანეტაშვილმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციოაციის წარმომადგენელთან ერთად ექსპერტიზის ჩასატარებლად ექსპერტიზის ბიუროს მიმართა, მაგრამ ექსპერტიზის ბიუროში უთხრეს, რომ ადგილზე არც ერთი ექსპერტი  არ იმყოფებოდა.

კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 16–დან 18 საათამდე ისინი ეძებდნენ და ელოდებოდნენ ექსპერტის მოსვლას, მაგრამ უშედეგოდ.

”ჯონი ნანეტაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაიარა სამედიცინო შემოწმება, სადაც ჩაუტარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები. გამოკვლევების შედეგად  ჯონი ნანეტაშვილს ტვინის შერყევა და კისრის ტრამვა  დაუდგინდა”,-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ექიმებმა ჯონი ნანეტაშვილს მედიკამენტები და წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.

ჰოსპიტალმა აღნიშნული დაზიანებების შესახებ  პოლიციის სამმართველოს შეატყობინა. ადგილზე მისულმა სამხარეო პოლიციის თანმშრომლებმა ჯონი ნანეტაშვილს განუცხადეს, რომ საქმის აღსაძვრელად საჭირო იყო ჩვენების მიცემა და  დასაკითხად საგამოძიებო განყოფილებაში წაიყვანეს.  დაკითხვის დროს ტელერადიოკოპანია თრიალეთის დირექტორმა შეუძლოდ იგრძნო თავი და პოლიციელებს განუცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენებას სახლში მისცემდა.

 

ამავე თემაზე:

ტელერადიოკომპანია თრიალეთის დირექტორი გაათავისუფლეს

ტელერადიოკომპანია თრიალეთის დირექტორი დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი