სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ საქმეზე — „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ — დარღვევა საერთოდ არ დაადგინა. გადაწყვეტილება დღეს, 23 მაისს გამოქვეყნდა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში დავობდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეწყალების საქმეებზე ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით. სააკაშვილს ამ საქმეებზე პატიმრობა აქვს მისჯილი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კოვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტები (სამართლიანი სასამართლოს უფლება/მოწმეების დასწრებისა და დაკითხვის უფლება).
სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით არ დაღვევულა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლი. ამ მუხლის მიხედვით არავინ შეიძლება იქნეს ბრალეულად მიჩნეული ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა დანაშაულის ჩადენის დროს.
სასამართლოს განცხადების თანახმად, სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მას არ შეეძლო განეჭვრიტა, რომ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებას, რომელსაც მას პრეზიდენტის თანამდებობა ანიჭებდა, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოეწვია.
„ბატონ სააკაშვილს შეეძლო, რომ გამოეჩინა გონიერება და წინასწარ განეჭვრიტა, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მკვლელობის საქმეში შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება მართლმსაჯულების კურსის გადასახრელად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებდა საქართველოს კანონმდებლობით,“ — ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლომ ასევე დაუშვებლად ცნო სააკაშვილის საჩივარი მე-18 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები).
„მან [მიხეილ სააკაშვილმა] ვერ დაასაბუთა თავისი ბრალდება, რომ მისი დევნის უკან არსებობდა ფარული მოტივი — ხელს შეშლოდა მის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში.
რომ ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები სერიოზული ხასიათისაა და კარგად დასაბუთებული; რომ საქმეში არსებობს მნიშვნელოვანი რაოდენობა პირდაპირი და ირიბი თანმიმდევრული მტკიცებულებებისა მის წინააღმდეგ; რომ ეროვნულმა სასამართლომ სრულად შეჯიბრებითობის პრინციპზე დამყარებით წარმართა პროცესები, სადაც მის ადვოკატს ჰქონდა შესაძლებლობა, დაჰპირისპირებოდა ყველა მთავარ მოწმეს, ან სხვაგვარად გაეხადა სადავო ის მტკიცებულებები, რაც მის წინააღმდეგ არსებობდა; რომ შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სათანადოდ იყო დასაბუთებული,“ — ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და მისი გასაჩივრება მახრეებს დიდ პალატაში შემდეგი სამი თვის განმავლობაში შეუძლიათ. თუ რომელიმე მხარემ ეს მოითხოვა, ხუთი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა შეაფასოს, რამდენად იმსახურებს ეს საქმე შემდგომ განხილვას. თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, საქმე განსახილველად დიდ პალატას გადაეცემა, თუ უარყვეს — გადაწყვეტილება საბოლოო იქნება.
