პრემიები – ანტიკორუფციული რიტორიკა და პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლება, ანტიკორუფციული სტრატეგიის მიხედვით, თვლის, რომ კორუფციასთან ბრძოლა ბევრად ადვილია, თუკი დაცულია ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პრინციპები. ამ სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში, რომელიც პრეზიდენტს  დასამტკიცებლად უკვე გაუგზავნეს, გათვალისწიებული არ არის ისეთი მექანიზმები, რომლებიც, მაგალითად, თბილისის მოქალაქეებს იმის გაგების შესაძლებლობას მისცემდა, რა ოდენობის პრემიას იღებს თვეში მისი ქალაქის მერი.

საქართველოს ხელისუფლება, ანტიკორუფციული სტრატეგიის მიხედვით, თვლის, რომ კორუფციასთან ბრძოლა ბევრად ადვილია, თუკი დაცულია ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პრინციპები. ამ სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში, რომელიც პრეზიდენტს  დასამტკიცებლად უკვე გაუგზავნეს, გათვალისწიებული არ არის ისეთი მექანიზმები, რომლებიც, მაგალითად, თბილისის მოქალაქეებს იმის გაგების შესაძლებლობას მისცემდა, რა ოდენობის პრემიას იღებს თვეში მისი ქალაქის მერი.

„ნეტგაზეთმა“ ივნისში ვერ დაადგინა  93 456 ლარიდან, რომელიც ქ.თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიიღოს 2009 წელს ბიუჯეტიდან, რამდენი იყო ხელფასი და რამდენი – პრემია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ანტიკორუფციულ ღონისძიებას წარმოადგენს, ამის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.  ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის წესი არ ავალდებულებს თანამდებობის პირებს დეკლარაციაში დეტალურად გაწერონ მიღებული შემოსავლებიდან რამდენია პრემია და რამდენი – ხელფასი.

მეორე დოკუმენტი, რომელიც მოქალაქეებისთვის ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსია, რომლის ავტორიც ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი და ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ადეიშვილი გახლავთ.

სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ითხოვდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) პრემიების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე საჯარო დაწებულებიდან. საიამ სულ 24 უწყების წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი  სასამართლოში  პრემიების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. თუმცა, ვერც ერთხელ მიიღო იგი.

2009 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა  ანა შალამბერიძის სარჩელი, რომელშიც მოსარჩელე ითხოვდა საჯარო რეესტრის თანამშრომლების სიას, ასევე, თითოეული  მათგანის ხელფასებზე, პრემიებისა და ჯილდოებზე დახარჯული თანხის ოდენობას.

მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი – შალამბერიძემ მიიღო რეესტრის თანამშრომელთა სია. რაც შეეხება ხელფასებსა და პრემიებს, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ეს პირადი ინფორმაცია იყო, რომელიც ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით საიდუმლო ინფორმაციად ითვლება.

თათული თოდუას, რომელიც ამ საქმის ადვოკატი იყო, მიაჩნია, რომ კანონის დამახინჯება, არასწორად ინტერპრეტირება ხდება. ამიტომაც მნიშვნელოვნად თვლის კანონმდებლობაში იმის ცალსახად მითითებას, რომ პრემიებზე ინფორმაცია საჯაროა.

თოდუა მონაწილეობდა 30 აგვისტოს ანტიკორუფციული სტრატეგიის ახალი სამოქმედო გეგმის განხილვაში. ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია პრეზიდენტმა 3 ივნისს დაამტკიცა. სტრატეგიის მიხედვით, მთავრობამ 1 სექტემბრამდე უნდა შეიმუშავოს და პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ახალი სამოქმედო გეგმა.

„გეგმის შემუშავებაში ანტიკორუფციულ საბჭოში შემავალ არასამთავრობოებს მონაწილეობა არ მიუღიათ“ – ამბობს თათული თოდუა. არასამთავრობო სექტორს გუშინ ჰქონდა განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. თავად გეგმა კი ხელმისაწვდომი მხოლოდ 23 აგვისტოს გახდა.

სამოქმედო გეგმა 9 მიზნის, 42 მოსალოდნელი შედეგისა და 140 ღონისძიებისაგან შედგება. პირველ მიზნად გეგმაში საჯარო სამსახურის მოდერნიზებაა მოყვანილი. ამ მიზნის მეოთხე შედეგად მიჩნეულია საჯარო სექტორში საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპების დაცულობა.

ამ შედეგის მისაღწევად დასახელებული აქტივობაა სამოქალაქო საზოგადებასთან ინტენსიური ურთიერთობა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა თემატური შეხვედრებისა და განხილვების ორგანიზების გზით, ხოლო ინდიკატორად მიჩნეულია ამ აქტივობის რაოდენობრივი მაჩვენებელი (და არა თვისებრივი – ვთქვათ, რა ინიციატივები იქნა გათვალისწინებული).

საჯარო მოხელეების პრემიების ოდენობის საჯაროობა ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმებში ვერ მოხვდა.  

სამოქმედო გეგმაში პრემიების საჯაროობასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება 30 აგვისტოს სხდომაზე  საიამ მოითხოვა, მაგრამ რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს.

სხდომას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ. თოდუა ამბობს, რომ ზურაბ ხარატიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარემ, რომელიც ანტიკორუფციული საბჭოს წევრიცაა, განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.

მას თავისი არგუმენტები აქვს: ”მე ვთქვი, რომ ინფორმაცია, რომელიც დღეს საჯაროა, იძლევა იმის განსაზღვრის შესაძლებლობას, რამდენია ხელფასი და რამდენი პრემია” – ამბობს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი ნეტგაზეთან საუბრისას.

 ხარატიშვილს მხედველობაში აქვს ქონებრივი დეკლარაცია, სადაც თანამდებობის პირმა წლის განმავლობაში მთლიანად მიღებული შემოსავალი უნდა მიუთითოს.

”მაგალითად, 10 ათასია მიღებული წლის განმავლობაში და სარგო (ხელფასი), პირობითად, არის 500 ლარი. ეს ნიშნავს, 12-ზე რომ გაამრავლებთ 6000 ლარია ხელფასი და 4 000 პირობითად – პრემია. ასეც შეგვიძლია ძალიან ადვილად დავიანგარიშოთ. საია ლაპარაკობდა, რომ მას უნდა ძალიან დეტალურად  რომელ თვეს რა მიიღო და ასეთი  ძალიან დეტალური დაშლა”.

ხარატიშვილი ამბობს, რომ ზემოთმოყვანილი მეთოდი მარტივი არითმეტიკაა.

ხარატიშვილს მიაჩნია, რომ პრემიის წლიური ოდენობის დადგენა სრულიად საკმარისია და თვეების მიხედვით ინფორმაციის გაცემა სულაც არ ნიშნავს გამჭვირვალობას. 

კითხვაზე, მიიღო თუ არა პრემია წელს, ხარატიშვილი პასუხობს, რომ კი, არჩევნების დროს. როცა ცესკოს თავმჯდომარე პრემიას არჩევნების დროს იღებს, გასაგებია. თუმცა, პრემიების გაცემის გამჭვირვალობის ეს მექანიზმი არ იძლევა იმის დადგენის შესაძლებლობას, ვთქვათ, ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო პერიოდში პრემია მიიღო თუ არა. ხარატიშვილისგან შემოთავაზებული მარტივი არითმეტიკის მიხედვით რომ სცადოს მოქალაქემ თანამდებობის პირის ხელფასისა და პრემიის ოდენობის დადგენა, დაახლოებით ისეთივე გზა უნდა გაიროს, როგორიც ნეტგაზეთმა გაიარა თბილისის მერის შემთხვევაში. მაშინ ნეტგაზეთისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ გიგი უგულავას 2009 წლის შემოსავლების ოდენობა მთლიანად ქონებრივი დეკლარაციის მიღებით. მერიის პრესსამსახურმა კი უარი გვითხრა მოეწოდებინა ინფორმაცია მერის ხელფასის ოდენობის შესახებ და გვირჩია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის მიგვემართა, რაც ინფორმაციის გაცემის ვადებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც მაშინ ნეტგაზეთმა ამ ფორმას არ მიმართა. 22 სექტემბრის განცხადებით კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს მივმართეთ და მინისტრისა და მისი მოადგილეების ხელფასებისა და პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაცია მოვითხოვეთ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიგვეღო, რადგან ხელფასის ოდენობის შესახებ ინფორმაცია მოძიებას და დამუშავებას არ მოითხოვს, რომლისთვისაც 10–დღიანი ვადაა განსაზღვრული. დღემდე ეს ინფორმაცია არ მიგვიღია.

ხარატიშვილი ამბობს, რომ ეს სხვა ტიპის პრობლემაა და არა პრემიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის.

 თუმცა მექანიზმი, რომელზეც ანტიკორუფციული საბჭოს წევრი საუბრობს, გამართული ვერ იქნება თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ქონებრივ დეკლარაციებს თანამდებობის პირები ავსებენ, საჯარო სამსახურის ბიუროს მოვალეობაში კი ამ მონაცემების გადამოწმება არ შედის.

პრემიების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებით  ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორს თუნდაც ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული ინფორმაციის ადმინისტრაციულ ორგანოსთან გადამოწმების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

ეს კი, ცხადია, კორუფციული ფაქტების შესაძლებლობას ქმნის, რომლის გამოკვლევის მექანიზმები აღარ არსებობს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ანტიკორუფციულმა საბჭომ უარი თქვა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ანგარიშვალდებულების რეალურად უზრუნველყოფის  მექანიზმზე? 

თათული თოდუა ამბობს, რომ ამ საკითხზე საბჭოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმაც ისაუბრა. ”მან არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ვთქვათ, თუკი პრემია გასცა რომელიმე პროკურორზე, რომელმაც ვიღაც კრიმინალი დააკავა, შეიძლება, ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს”.

ხარატიშვილისგან განსხვავებით, ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარეს ნეტგაზეთი ვერ დაუკავშირდა. თოდუას თქმით, ადეიშვილმა აღნიშნა, რომ თუკი დიდი საზოგადოებრივი ინტერესი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება ამ თემას გადახედონ.

უცნობი დარჩა თავად ადეიშვილის მიერ მიღებული პრემიის ოდენობა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძისთვის, რომელმაც ეს ფაქტი გაასაჩივრა. ეს ერთ–ერთი მაგალითია, რომელიც აღწერილი იქნება საიას ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღესაა დაგეგმილი.

პრეზენტაციამდე კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია სწორედ იუსტიციის  სამინისტროსთან დაიწყო. ”რამდენი გაქვს პრემია?” – ასე ეწოდება აქციას, რომელიც დღეს რამდენიმე საჯარო უწყებასთან გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნესტან ცეცხლაძე