სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ომბუდსმენი, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ მიიჩნევს ნორმას, რომელიც კრძალავს კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2 სექტემბერს შევიდა. კონსტიტუციური სარჩელი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რიგი მუხლების კონსტიტუციურობას შეეხება.
კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა მიჩნეული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობას უკრძალავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სპეციალური უფლებამოსილების მქონე მოსამსახურეებს. სადავოდაა მიჩნეული ის ნორმებიც, რომლებიც:
• გამორიცხავს ერთი პირის, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებას;
• კრძალავს კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას;
• ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას და გზის გადაკეტვის შესაძლებლობას უკავშირებს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობას;
• აწესებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში 5 დღით ადრე შეტყობინების შეტანის ვალდებულებას და ამ გზით გამორიცხავს სპონტანური ხასიათის შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შესაძლებლობას.
კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც წარწერებისა და ნახატების გაკეთებას კრძალავს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ხოლო შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
სახალხო დამცველის აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით აღიარებულ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას და კონსტიტუციის 24-ე მუხლით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლებას, ისევე როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განმტკიცებულ ანალოგიური შინაარსის მქონე უფლებებსა და თავისუფლებებს.
ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ შეზღუდვა ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით ჩამოყალიბებულ უფლების შეზღუდვის ისეთ წინაპირობებს, როგორებიცაა:
• კანონით განსაზღვრული;
• აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში;
• მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული ზომა.